სტეფანო პიოლი: „მილანს“ ჯერ კიდევ აქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსი“

სტეფანო პიოლი: „მილანს“ ჯერ კიდევ აქვს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შანსი“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა, სტეფანო პიოლიმ, „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის საპასუხო ნახევარფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მათ ფინალში გასვლის შანსი კიდევ აქვთ. პირველი თამაში „ინტერის“ სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.

„მეტოქეს დაბალანსებული, კომპაქტური ფეხბურთი უნდა შევთავაზოთ და თავიდანვე ვაგრძნობინოთ, რომ შეგვიძლია მათი დამარცხება. ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება პირველი გოლი, რომელ წუთზეც არ უნდა მოხდეს ეს. ამ თამაშზე საუბარი კვირა დილით დავიწყეთ. მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს და ეს მატჩი განსაკუთრებული შემართებით უნდა ვითამაშოთ.

როგორი განწყობაა საწვრთნელ ბანაკში? ეს არის გუნდის განწყობა, რომელმაც იცის, რომ ჯერ კიდევ აქვს ფინალში გასვლის დიდი შანსი, ამიტომ ფეხბურთელები კონცენტრირებულები არიან და სიტუაციის შეცვლას ეცდებიან.

ცოტას თუ წარმოედგინა, რომ „მილანი“ ასე შორს წავიდოდა, მაგრამ ახლა ფინალში გასვლა გვინდა. პირველი მატჩი ცუდად ჩავატარეთ, მაგრამ ეს სხვა თამაშია.“ - ციტირებს პიოლის სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

საპასუხო შეხვედრა დღეს, 16 მაისს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.