იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში ჩემპიონი „ნაპოლი“ „მონცასთან“ სტუმრად 0:2 დამარცხდა. ხვიჩა კვარაცხელიამ მხოლოდ მეორე ტაიმი ითამაშა და თავისი გუნდი მარცხისგან ვერ იხსნა.
იტალიურმა მედიამ სხვებთან შედარებით ქართველი მაინც გამოარჩია, რადგან აშკარა იყო, რომ მისი მოედანზე გამოსვლის შემდეგ ნეაპოლელთა შეტევა უფრო საინტერესო და სახიფათო გახდა.
Tuttomercatoweb 6 ქულა: „გვიჩვენებს ჩვეულ დრიბლინგებს, მაგრამ ამჯერად საჯარიმოში ნაკლებად გადამწყვეტია. მოედანზე მისი ყოფნის დროს შეტევაში „ნაპოლი“ სხვა გუნდია“.
Calcionapoli1926 5.5 ქულა: „მუსიკა უნდა შეეცვალა, მაგრამ ძერბინს ბაძავს. როდესაც დასარტყმელად სივრცე იპოვა, დე გრეგორიოს ბურთი ხელებში მიუვიდა“.
Tuttonapoli 6 ქულა: „მეორე ტაიმში „ნაპოლის“ შეტევა ნამდვილად სხვანაირი და უფრო საინტერესო იყო, მაგრამ განსაკუთრებული მომენტების გარეშე“.
Eurosport 5.5 ქულა: „ეცადა, თავისი უმაღლესი ხარისხი ეჩვენებინა, მაგრამ განსაკუთრებული ეფექტის გარეშე“.
Calciomercato 6 ქულა: „მასთან ერთად მოედანზე მუსიკა იცვლება, ის პოულობს საინტერესო იდეებს“.
Ilnapolista 6 ქულა: „ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა კვარა დამსახურებულად ახერხებს სხვებისგან გამორჩევას“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩში 14 გოლი გაიტანა, 14 საგოლე პასი გააკეთა და 5-ჯერ პენალტი მოიპოვა. "ნაპოლი" მომდევნო მატჩს 21 მაისს, საკუთარ მოედანზე მილანის "ინტერთან" ჩაატარებს.