ლარის მოულოდნელმა და უცაბედმა დაცემამ პანიკა არა, მაგრამ გაურკვევლობა გამოიწვია. მართალია ეროვნულმა ვალუტამ მეორე დღესვე დაიწყო პოზიციების აღდგენა, მაგრამ დაკარგული ნიშნული ჯერ ვერ დაიბრუნა. დაეჭვებული ხალხის დამშვიდება მაშინვე სცადეს მთავრობის წევრებმა, რომლებსაც ბიზნესმაც აუბა მხარი.
„ბლუმბერგის“ სავაჭრო პლატროფრმაზე 9 მაისს ერთი ლარი 2.4750 ამერიკული დოლარი ღირდა. უკვე 10 მაისს კურსი 10 პუნქტით გაუფასურდა და 2.58 ნიშნულამდე დაეცა. 11 მაისიდან კი გამყარება დაიწყო და 2.5250-ზე ჩამოვიდა.
მთავრობაში აცხადებენ, რომ ეროვნული ვალუტა თვეების მანძილზე არსებულ დადებით ტენდენციას მალე დაუბრუნდება და კურსი ისევ გამყარდება. როგორც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ აღნიშნა, ლარი წელს გამყარებული დარჩება.
„გარკვეული ამოვარდნა მართლაც ჩანდა, მაგრამ უკვე ვხედავთ, რომ უფრო ქვემოთ მოდის კურსი. როცა ქვეყანაში დიდი მოცულობით შემოდინებაა ტურიზმიდან, ექსპორტიდან და ა.შ. ეს ხელს უწყობს კურსის გამყარებას, თუმცა თუ ზედმეტად გამყარდა, გამოიწვევს იმპორტის მნიშვნელოვან ზრდას, ექსპორტის შეფერხებას და საბოლოო ჯამში, კურსის გაუფასურებას.
ზოგადად პროგნოზს რაც შეეხება, ჩვენ არ ველით, რომ დიდი არასტაბილურობა გვექნება. რა მონაცემებიც არის, როგორც ექსპორტის, იმპორტისა და ტურიზმის მიმართულებით, ვფიქრობთ, კურსი წელს გამყარებული დარჩება, თუმცა მნიშვნელოვანი გამყარება ეკონომიკისთვის კარგი აღარ იქნება“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.
მთავრობის პოზიციას იზიარებს კერძო სექტორიც, სადაც მიიჩნევენ, რომ გაცვლითი კურსის რამდენიმედღიან რყევას ბიზნესზე გავლენა არ ექნება. „არქის“ გენერალური დირექტორი, შიო ხეცურიანი უახლოეს 2 დღეში გამყარებას ტრენდის აღდგენას ელის.
„ლარის ბოლო გაუფასურება ერთჯერადი ჩარევის შედეგია ეროვნული ბანკის მხრიდან, რომელიც ზუსტად არ ვიცით რამ განაპირობა, მაგრამ შეიძლება უკავშირდებოდეს რეფინანსირების განაკვეთის დაწევას და მის ირგვლივ არსებულ მოლოდინს. ერთჯერად ჩარევას ექნება ერთჯერადი ეფექტი და სავარაუდოდ, უახლოეს 2 დღეში ლარი ისევ დასტაბილურება“, - განაცხადა შიო ხეცურიანმა.
ლარის კურსზე, გარდა მყარი მაკროეკონომიკური პარამეტრებისა, როგორიცაა, მაგალითად, ვაჭრობა, ფულადი გზავნილები თუ ინვესტიციები, აგრეთვე მოქმედებს სუბიექტური დამოკიდებულება. ეკონომისტ ვახტანგ ჭარაიაც ადასტურებს, რომ მცირე ეკონომიკის ქვეყნებში სწორედ ასე ხდება.
„გავლენას გაცვლით კურსზე ახდენს არა ის, თუ რა ვაჭრობა შედგა საქართველოსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის, არამედ ის, თუ რა განწყობა შეიქმნა დღევანდელი დღით. ეს სუბიექტური ფაქტორი შეიძლება იყოს სპეკულაციაც. თეორიულად ამის შესაძლებლობა ყოველთვის არსებობს, რადგან საქართველოში ათობით მილიონი დოლარით შეგიძლია კურსი ადვილად შეცვალო. 10 და 20 მილიონი დოლარი არ არის ის თანხა, რომელიც საქართველოში არავის აქვს.
როდესაც მომხმარებელი ან ბიზნეს სექტორი ხედავს, რომ დოლარზე დიდი მოთხოვნაა, შეიძლება მათაც გაუჩნდეთ სურვილი, რომ გადაახურდავონ. შესაძლოა, პოლიტიკურადაც აიწიოს ტემპერატურამ, ამან კი რაღაც პერიოდით გაურკვევლობა შექმნას, ამას შემდეგ მოჰყვება სავალუტო ჯიხურებზე კურსის ცვლილება, რასაც მოსახლეობაც ხედავს და გარკვეულწილად, ისიც პანიკაში ვარდება“, - განაცხადა ვახტანგ ჭარაიამ „360 გრადუსში“ და დასძინა, რომ მიუხედავად თვეების განმავლობაში ლარის გამყარებისა, რაც აშკარად პოზიტიური ტენდენციაა, ეს მუდამ ვერ გაგრძელდება.
2023 წლის პირველ კვარტალში გაცვლითი კურსი კვლავ გამყარებას განაგრძობდა: ლარის ნომინალური გაცვლითი კურსი წინა კვარტალთან შედარებით აშშ დოლართან 3.5%-ით გამყარდა, თუმცა ევროს მიმართ უმნიშვნელოდ, 1.6%-ით გაუფასურდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
ლარი გამყარებას განაგრძობდა თურქულ ლირასთან (4.8%) და რუსულ რუბლთან (17.3%). ამავე პერიოდში, ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კვარტალურად 4.7%- ით, ხოლო წლიურად კი 25.3%-ით გამყარდა.