„ნაპოლის“ პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა იტალიურ მედიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც ბევრ თემაზე ისაუბრა.
როგორც ნეაპოლიტანური კლუბის მფლობელმა აღნიშნა, მას გუნდის ყველა ლიდერის შენარჩუნება სურს, მათ შორის, ხვიჩა კვარაცხელიას, ვიქტორ ოსიმენის და ლუჩანო სპალეტის. ქართველ ფეხბურთელზე თქვა, რომ 3 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ, მაგრამ თავიდან მის ტრანსფერში „რუბინი“ ძალიან დიდ თანხას ითხოვდა.
დე ლაურენტისი ასევე გამოვიდა იდეით, რომ საკლუბო ფეხბურთი ზამთარში არ ჩატარდეს და სეზონი აპრილიდან ოქტომბრამდე გაიმართოს.
„ეს არის სკუდეტო, რომელიც ნეაპოლელებს აჯილდოებს, ისინი მას 33 წელი ელოდნენ და ამიტომ, მომავალშიც შეგვიძლია დიდი მიზნები დავისახოთ. ერთი იდეა მაქვს: რატომ ვთამაშობთ ზამთარში თოვლთან, წვიმასა და სეტყვასთან ერთად? არ შეიძლება სეზონი 1 აპრილს დავიწყოთ? ეს სააპრილო ხუმრობა არაა, არამედ აუცილებლობა. აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე 7 თვეა და შესაძლებელია ამ დროს შიდა ჩემპიონატებისა და ევროთასების ჩატარება, ნოემბრიდან მარტამდე კი ფეხბურთელებს 5 თვე დარჩებათ დასასვენებლად, ეროვნულ ნაკრებებში სათამაშოდ.
ფიფა და უეფა დომინანტური პოზიციიდან მოქმედებენ და მათ არავინ არაფერს ეუბნება. ისინი ჩვენთან ერთად უნდა დასხდნენ მაგიდასთან და პატივი სცენ ჩვენს ლიგებს, რადგან ტიფოზები მას ევროტურნირებზე ეროვნულ ნაკრებებზე წინ აყენებენ. მყავს მოთამაშეები, რომლებსაც ნაკრებებში ხანგრძლივი მგზავრობა უწევთ. 48 საათი სამხრეთამერიკაში ან აზიაში და მეორე დღეს ჩვენთან თამაშობენ, ეს სიგიჟეა.
ჩემი გუნდისთვის არა მხოლოდ ოსიმენი და კვარა არიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები, ასევე სხვებიც, კაპიტანი დი ლორენცო საოცარია, უაღრესად თავაზიანი, რომლის იმედი ყოველთვის შეიძლება გქონდეს. სპალეტი კი წინამძღოლია, ყველამ და ყოველთვის უნდა ისწავლოს მისგან.
დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო სეზონისთვის ყველა მათგანს შევინარჩუნებ, მაგრამ მხოლოდ ეს არ არის: მინდა სხვებიც დავიმატო. მინდა გუნდში მყავდეს ამერიკელი ფეხბურთელი, თუნდაც მათი ჩემპიონატი მაღალი დონის არ იყოს, ეროვნული ნაკრები მაღალი დონისაა. ასევე მინდა იაპონელი ფეხბურთელი, უკვე გვყავს სამხრეთკორეელი. თუმცა, არ მსურს რომელიმე ჩვენი ფეხბურთელის გაყიდვა.
რაც ანჩელოტის და გატუზოს დროს მოხდა, ამან ვერ დამარწმუნა, ასე რომ, საბოლოოდ გადაწყვიტე გუნდიდან გამეშვა ყველა ის ფეხბურთელი, რომელიც დემოტივირებული ჩანს. ვიგრძენი ახლის საჭიროება. კვარაცხელიას 3 წელი ვაკვირდებოდით, მაგრამ კოვიდის პერიოდი იყო და საკმარისი ფული არ გვქონდა, რადგან კოვიდის გამო 258 მილიონი დავკარგეთ, დიდი თანხა მოითხოვეს მის ტრანსფერში, მერე რაღაცები შეიცვალა და ჯუნტოლიმ ძალიან კარგად იმუშავა, რომ 11 მილიონად დაიმატა. ოსიმენს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები და აღდგენა მოახერხა.
სპალეტი? მას ჯერ კიდევ რუსეთში მუშაობის დროს ვაკვირდებოდი, ბევრჯერ შევთავაზე „ნაპოლიში“ მუშაობა. ერთხელ მილანში წავედი მის სანახავად. ვუთხარი, რომ გატუზოსთან რა მოხდებოდა არ ვიცოდი, ამიტომ მსურდა მზად ყოფილიყო. მან კი მიპასუხა: მე ივნისიდან ვიმუშავებ, სეზონის მიმდინარეობისას ამის სურვილი არ მაქვს. ამიტომ, სეზონის დასრულებას დაველოდე“, - თქვა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, რომ აურელიო დე ლაურენტისი „ნაპოლის“ მეპატრონე 2004 წლიდანაა. მის ხელში გუნდმა თითოჯერ იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო, ხოლო 3-ჯერ იტალიის თასი.