სვანეთში ელექტროენერგიის პრობლემა უკვე გაზაფხული-ზაფხულის პერიოდშიც აშკარაა. ქსელი მალ-მალე ზიანდება, ავარიული გათიშვები გახშირდა, რის გამოც მოსახლეობა და ადგილობრივი ბიზნესი რთულ მდგომარეობაში ვარდება. არის შემთხვევბი, როცა სტუმრებს სანთლის შუქზე უწევთ სასტუმროებში ყოფნა.
მესტიაში, ელექტროენერგიის ხშირი გათიშვის გამო სასტუმროებს პრობლემები შეექმნათ. განსაკუთრებით საოჯახო სასტუმროებს უჭირთ. სექტორში აცხადებენ, რომ სტუმრებს ხარისხიან მომსახურებას ვერ სთავაზობენ, რაც მათ იმიჯზე უარყოფითად მოქმედებს.
საოჯახო სასტუმრო „ქორულდის“ წარმომადგენელი ნათია ნავერიანი Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ აწყობილი ბიზნესი ზიანდება და ხშირ შემთხვევაში, სტუმრების მიღებაზე უარის თქმა უწევთ.
„ელექტროენერგია დღეში რამდენიმეჯერ ითიშება. არის პერიოდი, როცა ლამფისა და სანთლის შუქზე გვიწევს ყოფნა, რაც ტურისტებში დიდ უკმაყოფილებას იწვევს. მნიშვნელობა არ აქვს, ადგილობრივია თუ უცხოელი, როდესაც ადამიანი ფულს იხდის, ხარისხიან მომსახურებას ითხოვს, რასაც ვერ ვთავაზობთ, რადგან ელექტროენერგია სტაბილურად არ მოგვეწოდება.
მუდმივად შიშში ვარ, რომ არ შევრცხვე, ასეთ გარემოში რთულია მუშაობა. გვეუბნებიან, რომ ელექტროსადგურები დატვირთვას ვერ უძლებენ. ჩვენ არ გვაინტერესებს მიზეზი, თუ რა ქმნის პრობლემას, ეს კომპანიის მოსაგვარებელია, სხვების გამო ჩვენ არ უნდა ვზარალდებოდეთ. უშუქობა, უწყლობა, რაც არ უნდა იყოს მომხმარებელის უკმაყოფილებას გამოიწვევს, საბოლოოდ კი სასტუმროს ავტორიტეტზე, შეფასებებსა და ყველაფერზე აისახება“, - ამბობს სასტუმროს წარმომადგენელი.
ლატალის თემში, სოფელ ლახუშდში მდებარე საოჯახო სასტუმრო „ეკო ჰაუს სვანეთის“ დამფუძნებელი ამბობს, რომ ბოლო დღეებში ელექტროენერგია შეფერხებით მიეწოდებათ.
მისი თქმით, მიზეზი ლატალში მდებარე ქვესადგურის დაზიანებაა. როგორც დათა ნიკოლოზიანი ამბობს, გასულ წელს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ახალი ქვესადგური დაამონტაჟა და გასულ წელსვე ლატალის, ბეჩოსა და ლენჯერის მოსახლეობის გადაწყვეტილებით სოფლის განვითარების პროგრამის გაერთიანებული ბიუჯეტით არსებული ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციაც ჩატარდა, თუმცა ხელშესახები შედეგი არც ამას ჰქონია.
„გვქონდა იმედი, რომ გასულ ზამთარში პრობლემა მოგვარდებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. თითქმის ყოველ დღე თითქმის ხდებოდა მაინც ხდებოდა გათიშვა. „ენერგო პრო-ჯორჯიამ“ ახალი ქვესადგური მოაწყო, მაგრამ ეს არის ძველი სადგური და ინვენტარი, რომელიც ვერ უძლევს დატვირთვას, რის გამოც ხდებოდა გათიშვა“,- განაცხადა დავით ნიკოლოზიანმა.
მისივე ინფორმაციით, ზამთარში პრობლემები თითქმის ყოველ დღე ფიქსირდებოდა, თუმცა ელექტროენერგიის მიწოდება დღესაც გამოწვევაა. სტუმრების ნაწილს ბოლო დღეებია სანთლის შუქზე ემსახურებიან.
„ბოლო სამი დღე სულ რამდენიმე საათი გვქონდა დღეში ელექტროენერგია. ზამთრის პერიოდში გადაბმულად 3-4 დღე არ გვქონდა. იყო პერიოდიც, როცა საერთოდ არც ელექტროენერგია და არც მობილური კავშირი. პრაქტიკულად ყველანაირ ცივილიზაციას მოწყვეტილი ვიყავით.
გაზაფხულის პერიოდშიც სასტუმროს სჭირდება ელექტროენერგიის მარაგი, სულ მცირე იმისთვის, რომ ნომერი გაანათო. სეზონი დაიწყო სვანეთში და რამდენიმე ღამე უკვე სანთლის შუქზე გაატარეს სტუმრებმა. ძალიან დიდი მუშაობა გვჭირდება ტურისტებთან, რომ ამან ზეგავლენა არ იქონიოს რეგიონის ტურისტულ პოტენციალზე“, - თქვა სასტუმროს დაფუძნებელმა.
ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდებასთან დაკავშირებით განმარტებები გაკეთდა „ენერგო-პრო ჯორჯიაში“. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ადასტურებს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული ქსელი დატვირთვას ვეღარ უძლებს, რის გამოც ხშირად ადგილზე ელექტროენერგია ავარიულად ითიშება.
სვანეთის რეგიონში სადაც, ელექტროენერგია ფიზიკური პირებისათვის ამ დრომდე უფასოა მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება. „ენერგო პროს“ მონაცემებით, მხოლოდ 1-ელ მაისს მესტიის მუნიციპალიტეტმა 363 817 კვტ სთ ელექტროენერგია მოიხმარა, ეს დაახლოებით იმდენივეა რაც, მაგალითად, სამეგრელოს თითქმის ნახევარს, რეგიონის ერთდროულად თითქმის 5 მუნიციპალიტეტს დასჭირდა.
ამ მთავრობასაც რა ეშინია, დააწესოს უფასო ლიმიტი კერძო პირებისათვის. თუნდაც სხვა რეგიონის, საშუალო ხარჯის, ხუთმაგი ოდენობით. მერე რაღა პრეტენზიას წამოაყენებენ. აბა სხვანაირად მაგ მაინერებს არაფერი ეშველება და სასტუმროებიც და სხვა საწარმოებიც, სულ მაგ დღეში იქნებიან.როგორი ქვესადგურებიც არ უნდა ააშენონ, ახალ მაინერებს დადგამენ და მაინც გადაიტვირთება და გადახურდება, დენის ხარჯზე რომ არაფერი ვთქვათ.