Mediaset-ი კვარაცხელიაზე:

Mediaset-ი კვარაცხელიაზე: "იმ "ნაპოლის" სიმბოლური სახეა, რომელიც სერია A-ში დომინირებდა"

Calciomercato: "კვარავაჯო, კვარადონა, დაარქვით რაც გინდათ, მაგრამ ის უბრალოდ საუკეთესო ფსონია ბოლო წლების განმავლობაში"
ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Sport Mediaset-მა „ნაპოლის“ ფეხბურთელების სეზონის შეაფასა. უმაღლესი, 10-ქულიანი შეფასება გამოცემამ მხოლოდ სამ ადამიანს, ლუჩანო სპალეტის, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას დაუწერა. იტალიური საიტი კვარას შესახებ წერს:

„სეზონის ყველაზე მშვენიერი სიურპრიზი. პირველივე დღიდან დამანგრეველი გავლენა, თამაშის მანერა, რომელსაც შეუძლია თვალები გააბრწყინოს და გულშემატკივრებს ოცნების უფლება მისცეს. „კვარადონა“, როგორც მას მაშინვე უწოდეს, იმ „ნაპოლის“ სიმბოლური სახეა, რომელიც სერია A-ში დომინირებდა, აუტსაიდერის სტატუსით. ოსიმენთან ურთიერთგაგება საოცარი იყო, იტალიაში მისთვის პირველივე სეზონში მოახერხა ორნიშნა ციფრების გოლების გატანა და საგოლე პასების გაკეთება, რაც იმის მტკიცებულებაა, რომ სეზონის განმავლობაში დიდი სტაბილურობა ჰქონდა. ის გახდა ჩვენი ლიგის ისტორიაში ერთადერთი ფეხბურთელი, რომელმაც სამჯერ მოიგო თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო (აგვისტო, თებერვალი, მარტი) და მხოლოდ ერთ სეზონში მისი საბაზრო ღირებულება 10-ჯერ გაიზარდა“, - წერს Sport mediaset-ი.

კიდევ ერთი ცნობილი გამოცემა Calciomercato კვარას სეზონს მაქსიმალური, 10 ქულით აფასებს და წერს: „კვარავაჯო, კვარადონა, დაარქვით რაც გინდათ, მაგრამ ის უბრალოდ საუკეთესო ფსონია ბოლო წლების განმავლობაში. „ნაპოლიმ“ იპოვა ნამდვილი ტალანტი, რომელმაც გოლებითა და საგოლე პასებით შეძლო გუნდის ლიდერობა და ჩვენს ლიგაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტალანტი გახდა“.

Goal Italia-მ ხვიჩას სეზონი 9 ქულით შეაფასა, რაც ვიქტორ ოსიმენთან ერთად ყველაზე მაღალი ქულა იყო:

„საქართველოდან ჩამოსულმა კაცმა შეძლო „ნაპოლი“ იტალიის მწვერვალზე დაებრუნებინა. ვისაც ეჭვი ეპარებოდა „აძურის“ განხორციელებულ ტრანსფერში, პირველივე მატჩებიდან უსიტყვოდ დარჩნენ, დანარჩენი კი კვარას კლასმა, მსუბუქმა, მაგრამ ეფექტური მიდგომით თამაშმა გამოაჩინა. სანამ გავიგებთ, ნამდვილად არის თუ არა დიეგოსთან კომბინაცია, ვკმაყოფილდებით იმით, რომ ხვიჩას ბეჭედი მესამე სკუდეტოზეა ასახული“.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 29 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. ის მეორე ქართველია კახა კალაძის შემდეგ, ვინც იტალიის ჩემპიონი გახდა.