„ნაპოლი“ 33-წლიანი პაუზის შემდეგ იტალიის ჩემპიონი გახდა, რაშიც ხვიჩა კვარაცხელიამ დიდი წვლილი შეიტანა. ცნობილმა გამოცემა Corriere Dello Sport-მა „ნაპოლის“ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად სწორედ ქართველი დაასახელა.
პოპულარული გაზეთისგან 10 ქულა მხოლოდ კვარაცხელიას ერგო, მაგრამ ეს არაფერია იმ სიტყვებთან შედარებით, რაც სტატიაში წერია:
„მისი უდიდებულესობა, სეზონის MVP – 10 ქულა! საუკეთესოს არჩევა მარტივია, როგორც მისი დრიბლინგები (მხოლოდ ვიზუალურად). მისი ამბავი იმსახურებს დისნეის ზღაპარს: ერთხელ იყო ინსინიე, რომელმაც მარცხენა ფლანგზე ადგილი დატოვა და შეტევა არაპროგნოზირებადი გახადა. შემდეგ ჩამოდის ქართველი, რომელიც, როგორც ამბობენ, ძალიან კარგია და ეროვნულ ნაკრებში ბრწყინავს, მაგრამ პირდაპირ ბათუმის, არცთუ ისე პრესტიჟული „დინამოდან“ მოდის. ჯუნტოლი დახუჭული თვალებით ენდობა და სპალეტი პირველივე ვარჯიშზე მოიხიბლა. და, ტიფოზები? მათ კითხვის დასასმელად დრო არ აქვთ: კვარას პირველი ოფიციალური გოლის გასატანად 37 წუთი სჭირდება. მხოლოდ 37 წუთი, 37 წუთში კი არის ხალხი, რომლებიც რეცხვასაც ვერ ასწრებებ. მას ადაპტაციისთვის ცოტა დრო დასჭირდა იმ ჩემპიონატში, რომელმაც ბევრი ჩემპიონი ფეხბურთელი იმსხვერპლა, რომლებმაც იტალიაში თავიანთი ნიჭი ვერ აჩვენეს.
37 წუთი, თავით. ეს არ არის მისი სპეციალობა, მაგრამ მსოფლიო გააფრთხილა, რომელიც ჯერ კიდე აბუჩად იგდებდა: „შემიძლია გოლი ნებისმიერი მეთოდით გავიტანო!“.
კვარა რთულ საქმეებს მარტივს ხდის. მთვარის მოტანა რომ გეთხოვათ, ის ალბათ თქვენს სახლში თანამგზავრით გამოჩნდებოდა და ბოდიშს მოიხდიდა ორი წუთის დაგვიანებისთვის. გოლები გაიტანა, ამას ამბობს სტატისტიკა, მაგრამ ტიფოზებმა იციან, რომ ციფრები მხოლოდ გრძნობების დამახინჯებული სარკეა. გოლების და საგოლე გადაცემების გარდა, კვარას მუდმივი ყოფნა მოედანზე, თუნდაც ყველაზე ცუდ მატჩებშიც, ბევრს ნიშნავდა. ბრაზილიელი გარემარბივით თამაშობს, კარის წინ აისბერგივით ცივია. მაშინაც კი, როცა არასასიამოვნო წინააღმდეგობას აწყდება, ახერხებს 3-4 დრიბლინგის გაკეთებას. როდესაც მოწინააღმდეგე მწვრთნელები ბოლოს და ბოლოს, მიხვდნენ, რომ მის გასაჩერებლად 1 მცველი საკმარისი არ იყო, გაორმაგება დაიწყეს, მაგრამ ის მაინც პოულობს გზას. ვინც მის წინააღმდეგ ითამაშა, მის სახელს ვერასდროს დაივიწყებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი მეტოქეთა უმრავლესობა მას მხოლოდ ზურგიდან ხედავდა და სახით მის წინაშე ყოფნა თითქმის არც უწევდათ.
კვარა იყო სიხარულის აფეთქების მუხტი და ამაჩქარებელი, რომელიც ამღვრევს ამ ქალაქის გრძნობებს, რაც გაჟღენთილია ტოტალური ძმობის გრძნობით, რომლის ტექნიკური ლიდერი ქართველია. ეს სკუდეტო ყველას ეკუთვნის, მაგრამ მომავალ სეზონში, როცა „ნაპოლი“ მაისურებს შეკერავს, მკერდთან ყველაზე ახლოს მისი გვარი უნდა ეწეროს: კვარაცხელია“, - წერს ცნობილი გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 29 მატჩში 12 გოლი გაიტანა, 10 საგოლე პასი გააკეთა და 3-ჯერ პენალტი მოიპოვა. ის მეორე ქართველია კახა კალაძის შემდეგ, ვინც იტალიის ჩემპიონი გახდა.