როგორც იქნა, ინფლაცია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს ჩამოსცდა. აპრილში, წინა თვესთან შედარებით, დეფლაცია იყო, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა. ბოლო 5 თვეში ეს მეოთხე შემთხვევაა, როდესაც დეფლაცია ზედიზედ ფიქსირდება.
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, ტრანსპორტის, ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ჯანმრთელობის დაცვა.
„გალტ ენდ თაგარტში“ ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ინფლაციის მაჩვენებელი 3.3% იქნება. აღსანიშნავია, რომ აპრილში, მარტთან შედარებით, ინფლაციის მაჩვენებელი 0.7%-ით შემცირდა, რაც გამოწვეული იყო სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების, ასევე ტრანსპორტის კატეგორიაში დაფიქსირებული კლებით.
ორგანიზაციის ანალიტიკოსის ლაშა ქავთარაძის აზრით, მაისში კიდევ უფრო დაბალ ინფლაციას უნდა ველოდოთ. საბაზრო ეფექტიდან გამომდინარე, ერთ-ერთი პროდუქტი, ბინების გაქირავება, რომელსაც ერთი წლის განმავლობაში ინფლაციაში 0.7%-იანი კონტრიბუცია შეჰქონდა, მოსალოდნელია, რომ განულდება და ამის გამო ინფლაცია ქვემოთ წამოვა.
ეკონომისტი ვარაუდობს, გამორიცხული არ არის, რომ წელს ინფლაცია 2%-ზე დაბალი იყოს. ამ ფონზე, ეროვნულ ბანკს აქვს შესაძლებლობა, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება დაიწყოს და კვლევითი ორგანიზაცია იმედოვნებს, რომ 10 მაისს სხდომაზე ამ მხრივ გადაწყვეტილებას მიიღებენ.
საინვესტიციო ბანკირები სებ-ისგან მართლაც ელიან 11%-იანი რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას, მაგრამ ფინანსისტების ნაწილს ეს ეეჭვება.
„თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ პოლიტიკის შერბილების დრო მოსალოდნელზე ადრე დადგა და შესაბამისად, სებ-მაც თავის პოზიციას უნდა გადახედოს. თუმცა, იმასაც აღნიშნავს, რომ შიდა ინფლაცია მომსახურების სექტორის სიძვირის გამო, კვლავ მაღალი რჩება, ფასები კი ნელი ტემპით იკლებს.
სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი პაპუნა ლეჟავაც. მიმდინარე ინფლაცია მცირდება და უახლოვდება სამიზნეს, თუმცა სებ-ი უნდა დარწმუნდეს, რომ პროცესი შეუქცევადია და შემოტრიალების რისკები არ არსებობს. კლება უმეტესწილად განპირობებულია გარე ფაქტორებით, შიდა ინფლაცია კი 6%-ია.
10 მაისისთვის სებ-ს დამატებითი ინფორმაცია ექნება. მანამდე არსებული ინფორმაცია კი წლის დასაწყისის მოლოდინებს ვერ ცვლის, რაც წლის მე-2 ნახევრიდან შერბილების ალბათობას გულისხმობს, თუმცა ლეჟავა ადასტურებს, რომ ალბათობა გაზრდილია.
აპრილში ინფლაცია 2.7%-მდე დავიდა და იანვრის 9.4%-დან მნიშვნელოვანი კლებაა. მარტში 5.1%-ს შეადგენდა, თუმცა თითქმის განახევრებული მაჩვენებლის მიუხედავად რისკები მაინც რჩება.
აფბა-ს პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის აზრით, გრძელვადიან პერსპექტივაში რა იქნება რთული სათქმელია, მაგრამ ინფლაციამ მიზნობრივთან ახლოს უნდა იტრიალოს.
„გრძელვადიან პერსპექტივაში პროგნოზირება, ბუნებრივია, რთულია, მაგრამ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები ელოდებიან, რომ წლის ბოლომდე სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს უნდა იტრიალოს ინფლაციამ. დღევანდელი მდგომრეობიდან გამომდინარე, ნამდვილად უნდა შევძლოთ, რომ ინფლაცია იყოს 3%-ის ფარგლებში“, - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.