„კრემონეზეს“ ფეხბურთელმა ლუკა ლოჩოშვილმა „მილანთან“ მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც ქართველმა მცველმა აღნიშნა, ბოლო წუთზე გოლის გაშვება სამწუხაროა, მაგრამ მთლიანობაში დადებითი თამაში ჩაატარეს.
„წარმოუდგენელი თამაში იყო. გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით და იმედგაცრუებაა ბოლოს გოლის გაშვება. საბოლოო ჯამში, დადებითი თამაში იყო, რადგან „მილანთან“ „სან სიროზე“ ვითამაშეთ. ამ ქულით კი შეგვიძლია გადარჩენისთვის ბრძოლაში დავრჩეთ.
სამწუხაროა, რომ მხოლოდ ერთი ქულა ავიღეთ. ბოლო მატჩებში უფრო მეტს ვიმსახურებდით და იმედი მაქვს, რომ მომდევნო შეხვედრებში უფრო გაგვიმართლებს. პოზიტიურად უნდა ვიყოთ განწყობილი და ბოლომდე ვიბრძოლოთ, რადგან დღეს დავამტკიცეთ, რომ შეუძლებელი არაფერია.
„სპეციასთან“ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად, სადაც ყოველთვის შესანიშნავი ატმოსფეროა, დასაკარგი არაფერი გვაქვს და დადებითი შედეგისთვის ვიბრძოლებთ, რადგან ქალაქი კრემონა და ჩვენი ფანები ამას იმსახურებენ“, - თქვა ლოჩოშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ლუკა ლოჩოშვილმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 23 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა, ერთხელ კი საგოლე პასი გააკეთა. „კრემონეზე“ 21 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო მომდევნო ტურში „სპეციას“ უმასპინძლებს, რომელიც გადასარჩენ, მე-17 ადგილზეა და რომელსაც 6 ქულით ჩამორჩება.