მადრიდის „რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ, ესპანეთის ჩემპიონატის 33-ე ტურის გასვლით მატჩში „რეალ სოსიედადთან" წაგების შემდეგ (0:2) აღიარა, რომ გუნდის ფეხბურთელები ქვეყნის თასის ფინალში „ოსასუნასთან" (6 მაისი) და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში „მანჩესტერ სიტისთან“ (9 მაისი) მოახლოებულ მატჩებზე ფიქრობენ.
ბასკებთან გამართულ თამაშში მადრიდელებმა მეორე ტაიმში ორი გოლი გაუშვეს. გარდა ამისა, 61-ე წუთზე მათი მცველი, დანიელ კარვახალი გააძევეს.
„პირველი ტაიმი კარგი იყო, შემდეგ კი გოლი გავუშვით და ყველაფერი გართულდა. მეორე ტაიმი ცუდი გამოდგა. დიახ, გავაპროტესტე გაძევება. თუმცა ჯერ არ მილაპარაკია კარვახალთან, ამიტომ არ ვიცი ზუსტად რა მოხდა.
ახლა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია. ბოლო პერიოდში დაშვებული შეცდომები თავიდან უნდა ავიცილოთ, მომდევნო ორ თამაშში ხარისხი გავაუმჯობესოთ. ფეხბურთელები ახლა „ოსასუნასთან“ და „სიტისთან“ მომავალ მატჩებზე ფიქრობენ.
წაგება ყოველთვის უსიამოვნოა, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ. ესპანეთის თასის ფინალი ახლოსაა და მისი მოგება გვინდა. შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგაა.
გულშემატკივრებს მინდა ვუთხრა, რომ შემადგენლობაში მნიშვნელოვანი მოთამაშეები დაბრუნდებიან და ჩვენ ტიტულებისთვის ვიბრძოლებთ.“ - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Marca.