ლარის მუდმივმა გამყარებამ მოსახლეობაში ნდობა დააბრუნა. მართალია, სავალუტო და სამომხმარებლო ბაზარზე ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, მაგრამ აშკარაა, რომ ქვეყნის მოქალაქეებში სტაბილურობის განცდა დაბრუნდა. ეკონომისტები კი ეროვნული ვალუტის კიდევ უფრო გაძლიერებას არ გამორიცხავენ.
ფინანსისტი ვახტანგ ჭარაია ლარის გამყარებას დადებითად აფასებს და მოსახლეობაში ეროვნული ვალუტის ნდობის ამაღლებას მიესალმება.
„ყველას ფსიქოლოგიურად მიაჩნია, რომ თუ ლარი მყარდება, ესე იგი ყველაფერი კარგადაა. გარკვეული დოზით ეს მართლაც ასეა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს ექსპორტიორებიც, რომელთათვის ლარის გამყარება უცხოეთში მათ პროდუქციაზე ფასების ზრდას ნიშნავს. შესაბამისად, ცალსახად იმის თქმა, რომ ოღონდ ლარი გამყარდეს და მერე ყველაფერი კარგად იქნება, სწორი არ არის. თუმცა, რადგან ჩვენ იმპორტდამოკიდებული ქვეყანა ვართ, ლარის გამყარება მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მისასალმებელია, განსაკუთრებით იმ პირობებში, თუ ამას პროდუქციაზე ფასების შემცირება მოჰყვება“, - განაცხადა ჭარაიამ.
ეკონომისტები და საბანკო სფეროს სპეციალისტები მიუთითებენ, რომ საქართველოს ეკონომიკისთვის ლარის გამყარებას იმაზე მეტი დადებითი შედეგი მოაქვს, ვიდრე ექსპორტის პრობლემებია.
„ბუნებრივია, როდესაც ექსპორტიორებზე ვსაუბრობთ, მათი ინტერესები უნდა გავითვალისწინოთ, თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ის სექტორები, რომლებიც ადგილობრივ ბაზარზე იმპორტთან არიან კონკურენციაში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, ყველას ინტერესის გათვალისწინება. თუმცა მაკროეკონომიკურ დონეზე თუკი შევხედავთ, ჯამურად ლარის კურსი ექსპორტისა თუ იმპორტისთვის, გადამწყვეტი ფაქტორი არ არის.
ლარის გამყარება სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობების გაუმჯობესებას და ასევე ვალის ტვირთის შემცირებასა და იმპორტული პროდუქციის გაიაფებას განაპირობებს. შესაბამისად, ლარის გამყარების ეფექტი - დადებითია“, - განაცხადა „თიბისის კაპიტალის“ მთავარმა ეკონომისტმა ოთარ ნადარაიამ.
რაც შეეხება იმას, თუ რა ამყარებს ლარს, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის დეკანი განმარტავს, რომ ამისთვის უამრავი პარამეტრია. აქედან უმნიშვნელოვანესი კი სტაბილურობის განცდაა და მოლოდინი, რომ ეს სტაბილურობა გაგრძელდება.
„როგორც წესი, ლარზე მოქმედებს როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური ფაქტორები (გაცვლით კურსზე მოქმედი ვაჭრობის ელემენტი, ტურიზმის, ფულადი გზავნილების, ინვესტიციების საკითხები). ეს ყველაფერი, ბოლო პერიოდში პოზიტიური დინამიკით ვითარდება, უმჯობესდება ექსპორტი, ინვესტიციების შარშანდელი მონაცემები ერთ-ერთი საუკეთესო იყო საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში,“ - განაცხადა „ბიზნესპარტნიორში“ ვახტანგ ჭარაიამ.
ამის გათვალისწინებით, რატომ არ მცირდება პროდუქციაზე ფასები იმ მასშტაბით, როგორც მყარდება ლარი, ჭარაია აღნიშნავს, რომ ფასების კლებას ხელს უნდა უწყობდეს რამდენიმე ფაქტორი, მათ შორის, სატრანზიტო გადაზიდვებზე ფასის კლება, ან იმპორტირებული პროდუქციის თვითღირებულების შემცირება, ასევე გადასახადების შემცირება.
გამყარების მიზეზებზე საუბროს საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავაც. მისი ვარაუდით, რომ ლარი კიდევ გამყარდება და ამას ხელს საგარეო ფაქტორებიც უწყობს.
„საქართველოში კურსის გამყარება პირდაპირ დამოკიდებულია ვალუტის შემოდინებაზე. კომერციულ ბანკებს რაც უფრო მეტი ვალუტა გააჩნიათ, რა თქმა უნდა, ლარი მით უფრო მყარი იქნება. ამიტომ, თუ უცხოური ვალუტის შემოდინების ტენდენცია გაგრძელდება, კურსის გამყარება გაგრძელდება. გარდა ამისა, თვით აშშ-ს ვალუტაც განიცდის დევალვაციას და ეს გარემოებაც, მოქმედებს ლარის გაძლიერებაზე. დოლარის ბედი ბევრად არის დამოკიდებული მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებზე. მაგალითად, რიგი ქვეყანები უარს ამბობენ დოლარში ანგარიშსწორებაზე და გადადიან ეროვნულ ვალუტაზე. დოლარის სიმყარის საფრთხეებზე საუბრობენ თვით შეერთებულ შტატებშიც და ძალიან დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ. შესაბამისად, ეს ტენდენცია ნაწილობრივ აისახება კიდეც ლარის კურსზე საქართველოში“, - განაცხადა ელიავამ.
ბოლოდროინდელი ტენდენციიდან გამომდინარე, კურსის გამყარება გაგრძელდება და შესაძლოა, 2.40-იანი ნიშნულისკენაც კი დაიძრას. ფინანსისტები ასეთ სცენარს არ გამორიცხავენ.