ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, შესაძლოა, „ლიდსს“ უხელმძღვანელოს

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, შესაძლოა, „ლიდსს“ უხელმძღვანელოს

ინგლისის ნაკრების ყოფილმა დამრიგებელმა, სემ ელარდაისმა, უახლოეს მომავალში, შესაძლოა, „ლიდსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს - წერს The Athletic.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის ბოლომდე დროებით კანდიდატად ელარდაისს განიხილავს. ის ცნობილია, როგორც ძლიერი ანტიკრიზისული სპეციალისტი. „ლიდსის“ მფლობელები იმედოვნებენ, რომ გამოცდილი მწვრთნელი კლუბს ელიტარულ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებაში დაეხმარება.

ელარდაისის ბოლო სამსახური „ვესტ ბრომვიჩში“ გახლდათ. კარიერის განმავლობაში მას ასევე „ბოლტონში,“ „ნიუკასლში,“ „ბლექბერნში“, „ვესტ ჰემში,“ „სანდერლენდსა,“ და „ევერტონში“ უმუშავია.

ინგლისის ნაკრებსაც წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით ეროვნულმა გუნდმა მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა (მოგება სლოვაკებთან ანგარიშით 1:0). თუმცა სკანდალის გამო დანიშვნიდან ორ თვეში გაათავისუფლეს.

გავრცელებული ინფორმაციით, „ლიდსის“ ამჟამინდელ მწვრთნელ ხავი გარსიას უახლოეს დღეებში არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლებენ. მიმდინარე სეზონში გუნდთან მუშაობა უკვე სამმა სპეციალისტმა მოახერხა.

„ლიდსი“ პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 34 მატჩიდან 30 ქულით მე-17 ადგილს იკავებს. გარსიას გუნდმა ინგლისის ჩემპიონატის ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი წააგო და ერთხელ ფრედ ითამაშა.