იტალიის სერია A-ს 32-ე ტურში „იუვენტუსი“ სტუმრად „ბოლონიას“ დაუზავდა (1:1) და კონკრეტულად ჩემპიონატში ბოლო 4 ტურში პირველი ქულა მოიპოვა.
რა თქმა უნდა, „იუვე“ ღრმა კრიზისშია და კატასტროფული შედეგები აქვს, მაგრამ საინტერესოა ერთი დეტალი: ეს იყო მასიმილიანო ალეგრის მე-100 მატჩი მას შემდეგ, რაც ტურინულ გრანდში დაბრუნდა (2021 წლიდან) და როგორც იტალიური მედია იტყობინება, ალეგრიმ ხსენებულ 100 შეხვედრაში 100 განსხვავებული ძირითადი შემადგენლობით ითამაშა! ეს უიშვიათესი ფაქტია, გამოდის, რომ იტალიელ სპეციალისტს ძირითადი შემადგენლობა არ ჰყავს ჩამოყალიბებული და შემადგენლობას ყოველ მატჩში ცვლის, რაც ცხადია, გუნდს სტაბილურობაშიც ხელს უშლის.
„იუვენტუსი“ 60 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილს ინარჩუნებს, მაგრამ მშვიდად ვერ იქნება, რადგან სულ რაღაც 3 ქულით უსწრებს „მილანს“, „რომას“ და „ინტერს“. „ბებერი ქალბატონი“ მომდევნო მატჩს 3 მაისს „ლეჩესთან“ ჩაატარებს და ალბათ, საეჭვო არ არის, რომ ალეგრი ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებას ისევ შეიტანს.
ყოველ შემთხვევაში, მისი დაბრუნების შემდეგ 100 თამაში მხოლოდ ამაზე მიგვანიშნებს...