ფონსეკა:

ფონსეკა: "კვარაცხელიამ ერთ მატჩში 5 გოლი გაიტანოს და შემდეგ შეიძლება შემადაროთ"

ურუგვაის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა დანიელ ფონსეკამ, რომელიც თავის დროზე „ნაპოლიში“ თამაშობდა, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იხუმრა.

ფონსეკამ აღნიშნა, რომ მასთან კვარაცხელიას შედარება მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა ქართველი მის მსგავსად ერთ მატჩში 5 გოლს გაიტანს. ურუგვაელმა 1992-1993 წლების სეზონში უეფას თასზე სტუმრად „ვალენსიასთან“ მოგებულ შეხვედრაში (5:1) ესპანურ გუნდს 5 გოლი გაუტანა.

„კვარაცხელია ჩემსავით? როდესაც ის ერთ თამაშში 5 გოლს გაიტანს, შესაძლებელია! ეს ერთადერთი რეკორდია, რაც „ნაპოლიში“ მაქვს და ხაზი უნდა გავუსვა! როდესაც ვალენსიაში ეს გოლები გავიტანე, უეფას თასი მოქმედი ჩემპიონთა ლიგის დონე იყო. ადრე ფეხბურთი გაცილებით რთული გახლდათ თავდამსხმელებისთვის, ახლა მათთვის უფრო ადვილია, მცველები უფრო ხშირად იღებენ ყვითელ ბარათებს. როცა მე ვთამაშობდი, მე-80-ე წუთამდე მცველები ბევრს უხეშობდნენ და არავინ აფრთხილებდა, ამიტომ, შემტევებისთვის დღეს უფრო ადვილია თამაში. მესი და რონალდუ ჩვენს ფეხბურთში გაცილებით ნაკლებ გოლს გაიტანდნენ, 40 კი არა, 20-ს, თუ ნაკლებს არა“, - თქვა ფონსეკამ.

შეგახსენებთ, რომ დანიელ ფონსეკამ „ნასიონალში“, „რივერ პლეიტში“, „კალიარიში“, „კომოში“, „რომასა“ და „იუვენტუსში“ ითამაშა, ხოლო „ნაპოლის“ ღირსებას 1992-1994 წლებში იცავდა.