ნეაპოლში იტალიის ჩემპიონობის აღსანიშნავად ემზადებიან და „სალერნიტანასთან“ მატჩისთვის ყველა ბილეთი უკვე გაყიდულია.
ნეაპოლელი ფანები ითხოვენ, რომ ამ თამაშისთვის „სტადიო მარადონას“ სტუმართა სექტორიც გაიხსნას. საქმე ისაა, რომ სალერნოელ ფანებზე ბილეთების გაყიდვა ხსენებული მატჩისთვის აკრძალულია, შესაბამისად, სტუმართა სექტორი ცარიელი იქნება. ვინაიდან მატჩზე დასწრების მსურველი ძალიან ბევრია, ისინი ითხოვენ, რომ დაიშვას გამონაკლისი და სტუმართა სექტორში ბილეთები „ნაპოლის“ ფანებზე გაიყიდოს.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ „სალერნიტანას“ 29 აპრილს უნდა დაუპირისპირდეს, მაგრამ არაა გამორიცხული თამაში მეორე დღეს, კვირას გადაიტანონ. სერია A-ს ხელმძღვანელობას ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია და საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს.
ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო ტურში „სალერნიტანას“ თუ მოუგებს, ხოლო „ლაციო“ სტუმრად „ინტერთან“ ვერ გაიმარჯვებს, ჩემპიონი ოფიციალურად გახდება.