ევროთასებზე 12-ვე ნახევარფინალისტი ცნობილია, სადაც ყველაზე მეტი, 5 წარმომადგენელი იტალიას ეყოლება.
აღსანიშნავია, რომ ევროტურნირების ნახევარფინალში ერთბაშად 5 იტალიური გუნდი ისტორიაში პირველად გავიდა. ჩემპიონთა ლიგაზე „ინტერი“ და „მილანი“ აგრძელებენ ბრძოლას, ევროპა ლიგაზე „იუვენტუსი“ და „რომა“, ხოლო კონფერენს ლიგაზე „ფიორენტინა“.
„ინტერი“ და „მილანი“ ნახევარფინალში ერთმანეთს შეხვდებიან, შესაბამისად, ფინალში აუცილებლად იქნება იტალიური გუნდი. ევროპა ლიგაზე შეიძლება იტალიური ფინალი შედგეს, რადგან ნახევარფინალში „იუვე“ „სევილიას“ და „რომა“ „ლევერკუზენს“ გაეჯიბრება, „ფიორენტინას“ კი კონფერენს ლიგის ფინალში გასასვლელად „ბაზელის“ დამარცხება მოუწევს.
იტალიური კლუბებიდან ევროთასებს მხოლოდ "ნაპოლი" და "ლაციო" გამოეთიშნენ, სხვათა შორის, სერია A-ს სატურნირო ცხრილში მოწინავე პოზიციაზებზე სწორედ ეს გუნდები არიან ("ნაპოლი" ლიდერია, "ლაციო" მეორე ადგილზეა).
აღსანიშნავია, რომ „იუვენტუსი“ ევროტურნირის ნახევარფინალში 22-ედ გავიდა, რაც იტალიურ გუნდებში საუკეთესო შედეგია. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ მადრიდის „რეალს“ (37), „ბაიერნს“ (28) და „ბარსელონას“ (26) აქვთ. თავის მხრივ, 2017-2018 წლების სეზონიდან „რომა“ მეოთხედ ითამაშებს ევროთასის ნახევარფინალში, რაც ამ პერიოდში საუკეთესო შედეგია. რომაელთა გარდა, მხოლოდ „რეალმა“ მოახერხა ხსენებულ მონაკვეთში 4-ჯერ ნახევარფინალში გასვლა.