აღმოსავლეთ-ევროპის არშემდგარი დემოკრატიები

აღმოსავლეთ-ევროპის არშემდგარი დემოკრატიები

ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში უფლებადაცვითი მოძრაობა სუსტდება. ევროკავშირმა უფრო გადამწყვეტი ზომები უნდა მიიღოს

მას შემდეგ რაც დღევანდელი სახელმწიფოს მეთაურის ოპონენტებიდან არჩევნების დასრულების შემდეგ ბევრს სცემეს, პრეზიდენტმა მათზე აგდებით ისაუბრა: „და მათ კიდევ პრეზიდენტობა სურდათ. რომელი პრეზიდენტი დაიწყებს მთელი მსოფლიოს გასაგონად იმაზე ტირილს, რომ სახეში მოხვდა? ეს ხომ უნდა მოითმინო“. ეს სიტყვები მესამე სამყაროს რომელიმე ქვეყნის დესპოტს არ უთქვამს. ეს ევროპაში მდებარე ქვეყანაში, ბელორუსიაში ითქვა და ამ სიტყვების ავტორი ალექსანდრე ლუკაშენკოა, ადამიანი რომელთანაც სულ ახლახანს ბევრი დასავლეთ-ევროპელი პოლიტიკოსი მოლაპარაკებას იმედოვნებდა.


თუმცა ლუკაშენკომ აჩვენა, რომ ის არავისთან მოლაპარაკებაზე არ ფიქრობს. გაყალბებული არჩევნების შემდეგ ასობით ადამიანი დააპატიმრეს, რომლებსაც ახლა შეიძლება მრავალწლიანი პატიმრობა მიუსაჯონ. მათი დანაშაული კი იმაში მდგომარეობს, რომ მინსკის ცენტრში დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ. ახალგაზრდა, აქტიური, კარგად განსწავლული ადამიანები დღეს ბელორუსიის უშიშროების იზოლატორებში სხედან. ეს სწორედ ის მოქალაქეეები არიან, რომლებიც ევროპას როგორც ამაზე მუდმივად საუბრობენ ძალიან სჭირდება.

თუმცა ბელორუსი გამონაკლისი არ არის. საბჭოთა კავშირის დაშლიდან 20 წლის შემდეგ, ისეთი შთაბეჭდილება რჩება რომ ამ უზარმაზარი იმპერიის უდიდესი ნაწილი ჭაობია, სადაც სისასტიკე, კორუფცია და დევნაა გამეფებული. ამ ქვეყნებს ავტოკრატები მართავენ, რომლებიც პირველ რიგში იმაზე ფიქრობენ თავად როგორ გამდიდრდნენ და საკუთარი კალნები როგორ გაამდიდრონ. ეს ადამიანები მობილური ტელეფონებით სარგებლობენ და გაუმჭვირვალე სახელმწიფო კონცერნებიც კი ინტერნეტში მდიდრულ ვებ-გვერდებს ათავსებენ, როგორც ამას დასავლეთ-ევროპული კომპანიები აკეთებენ, თუმცა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრთა უმრავლესობა პოლიტიკურად სულ უფრო შორდება ევროკავშირს. დემოკრატიზაციის ტალღა, რომელსაც თითქოს 90-იანი წლების დასაწყისში ცვლილებები უნდა მოეტანა, პოლონეთის აღმოსავლეთ საზღვართან ჯერ-ჯერობით ძალა დაკარგა.

ამავდროულად არ არსებობს თავისუფლებისკენ სწრაფვის დეფიციტი. 2004 წელს უკრაინაში ასობით-ათასმა დემონსტრანტმა სამართლიანი არჩევნების ჩატარებას და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლებას მიაღწია, მაგრამ ეს უკვე წარსულს ჩაბარდა. პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ამ თანამდებობაზე არჩევის დღიდან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანაში ხავსმოკიდებული პოსტ-საბჭოთა წესრიგი აღედგინა. ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს ციხეებში სვამენ, სტუდენტები დაშინებულები არიან, ისტორიკოსები თავს არიდებენ საბჭოთა პერიოდში ჩადენილი დანაშაულების შესწავლას. საქართველოს პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში მოდერნიზატორად მოსჩანდა, რომელმაც მნიშვნელოვან ეკონომიკურ წარმატებებს მიაღწია, მაგრამ შემდეგ მან რუსეთს უაზრო ომში მისი ჩათრევის საშუალება მისცა და მას მერე მხოლოდ იმითაა დაკავებული, რომ როგორმე საკუთარი ძალაუფლება შეინარჩუნოს, რისთვისაც ყველა შესაძლო ხერხს მიმართავს.

თავად რუსეთში უკვე დიდი ხანია რაც გაქრა დემოკრატიის განვითარებასთან დაკავშირებული იმედები. პრეზიდენტმა მედვედევმა თავი კარიკატურულ რეფორმატორად წარმოაჩინა და ერთადერთი კითხვა, რომელზეც ჯერ პასუხი არ არსებობს ის არის, თუ რამდენ ხანს დართავენ მას უფლებას, რომ ეს როლი ითამაშოს.

კონტინენტის აღმოსავლეთით მოვლენების ტრაგიკული განვითარება გარემოებათა ფატალური თანმიმდევრობის შედეგია. შეერთებულმა შტატებმა (ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტ ბარაკ ობამას მოსვლასთან ერთად) ამ რეგიონის მიმართ ინტერესი დაკარგა და ამისთვის მისი დადანაშაულების უფლება არავის არა აქვს. ამერიკას მხრებზე არამხოლოდ ორი ომი, არამედ სერიოზული ეკონომიკური კრიზისიც აწევს, ხოლო აღმოსავლეთ-ევროპა მას მნიშვნელოვან პრობლემად აღარ ეჩვენება. რუსეთი თავისი ეკონომიკით სპეცსამსახურების ეგიდის ქვეშ მოკალათდა და ახლა მეზობელ ქვეყნებზე საკუთარი გავლენის ხელახლა გავრცელებისკენ მიისწრაფვის.

რჩება კიდევ ევროკავშირი, მაგრამ ის ჯერ ძალიან დაკავებულია სხვა საქმეებით. სიმპტომატურია მისი რეაქცია სასტიკ რეპრესიებზე ბელორუსიაში. ჯერ-ჯერობით ევროკავშირის წევრი ქვეყნები იმაზე მსჯელობენ, კვლავ ხომ არ შემოიღონ ამ ქვეყნის მაღალჩინოსნების გადაადგილებაზე აკრძალვები, თუ მათთან დიალოგის გაგრძელება მაინც ღირს. თუკი ქვეყნების ნაწილს (მაგალითად იტალიას) მოუნდება ლუკაშენკოსთან საქმიანი ურთიერთობების გაგრძელება, პოლონეთი ვარშავაში ერთგვარ ემიგრანტულ ცენტრს ქმნის, თუმცა საერთო პოზიცია სხვაგვარად გამოიყურება და ეს ხდება იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი ლისაბონის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ უფრო შეთანხმებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას აპირებდა.

მაგრამ ეს მხოლოდ ორგანიზაციული პრობლემა არ არის. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ევროკავშირი ზიანის ფასს ვერ აცნობიერებს. მეზობელი ქვეყნების დახმარება რეფორმების განხორციელების გზაზე გულუბრყვილო იდეალისტების პროექტი არ გახლავთ, არამედ თანამეგობრობის ფუძემდებლურ ინტერესებში შედის. დემოკრატიები პროგნოზირებადები არიან, იქ ნაკლები სივრცე რჩება ტრანს-სასაზღვრო კრიმინალისთვის და რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი უფრო სანდო საქმიანი პარტნიორები არიან. ის რომ დასავლეთ-ევროპელების ინტერესი ”აღმოსავლეთ პარტნორობის” პროგრამისადმი იკლებს იმის მაჩვენებელია, რომ ამ ტიპის დახმარება უმნიშვნელო სასკოლო საგნად აღიქმება, რომელზეც საუბარი მხოლოდ კლასგარეშე შეხვედრებზე ღირს.

ევროკავშირის აღმოსავლეთით გაფართოვება ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით წარმატებული იყო, მაგრამ ეს ავტომატურად არ მომხდარა. ამას დასჭირდა მოთმინება, სიმტკიცე და მარცხის გადალახვის უნარი, რაზეც სწორედ უნგრეთში განვითარებული მოვლენები მოწმობს. ასეთივე აქტიური მონაწილეობა იქნება საჭირო ევროკავშირის დღევანდელი საზღვრებიდან აღმოსავლეთით. ადამიანები რომლებიც ბელორუსიის ციხეებში სხედან, რომლებისთვისაც ევროკავშირი და კანონის უზენაესობა მისაბაძი მოდელია და არა ტვირთი, ამას უდაოდ იმსახურებენ.
foreignpress.ge