ევროპა უკრაინულ აგროპროდუქტებზე უარს ამბობს და ომში მყოფ ქვეყანას ეკონომიკურ პრობლემებს უქმნის. აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანამ უკრაინის საკვები პროდუქტების იმპორტის შეჩერება რამდენიმე დღის წინ დაიწყო ცალმხრივი წესით. ამიტომ ევროკავშირმა გადაწყვიტა, ცენტრალიზებულად შემოიღოს შეზღუდვები უკრაინიდან რამდენიმე სახეობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის იმპორტზე. „როიტერის“ ინფორმაციით, ევროკომისია განიხილავს რამდენიმე კატეგორიის ხორბლეული და ზეთოვანი კულტურების, მათ შორის ხორბლის, სიმინდის, მზესუმზირასა და რაფსის აკრძალვას.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ბულგარეთის, უნგრეთის, პოლონეთის, რუმინეთისა და სლოვაკეთის ლიდერებს უკვე გაუგზავნა წერილი, რომელშიც დახმარებას დაჰპირდა მათ. გასულ თვეში კი ევროკომისიამ უკვე გამოუყო პოლონეთს, რუმინეთსა და ბულგარეთს 56 მილიონი ევრო. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სავაჭრო წესები ევროკომისიას უფლებას აძლევს, აკრძალოს გარკვეული საქონლის იმპორტი კავშირის მასშტაბით ან მის ნაწილში, ტრანზიტის აუკრძალავად.
სანამ აქამდე მივიდოდა საქმე, ვითარება ცალკეულ ქვეყნებში გამწვავდა. მაგალითად, უკრაინიდან საკვები პროდუქტების იმპორტის აკრძალვის გადაწყვეტილება სამშაბათს მიიღო ბულგარეთმა. მანამდე კი ომში მყოფი ქვეყნის რამდენიმე მეზობელმაც.
„ჩვენ იძულებულები ვართ, მივიღოთ ეს ეროვნული ზომა. იმედი გვაქვს, რომ ბრიუსელი გაიგებს ბულგარეთის, პოლონეთის, ჩეხეთისა და სლოვაკეთის პოზიციას. ჩვენ სოლიდარულები ვართ უკრაინის, მაგრამ ბულგარელი ფერმერების გაკოტრება მას ვერაფრით დაეხმარება“, - განაცხადა გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ბულგარეთის პრემიერმა.
მანამდე, 15 აპრილს მსგავსი ნაბიჯი გადადგა უკრაინის მეზობელმა პოლონეთმა, მომდევნო დღეს კი, 16 აპრილს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო უნგრეთმაც და აკრძალა უკრაინიდან აგროპროდუქტების შეტანა, თუმცა გუშინ, დღის ბოლოსთვის გაირკვა, რომ პოლონეთი ომში მყოფი ქვეყნის მარცვლეულის ტრანზიტზე აკრძალვის მოხსნას დათანხმდა.
იაფი აგროპროდუქციის ექსპორტი უკრაინიდან მთელ რიგ ქვეყნებში მასობრივი საპროტესტო აქციების მიზეზი გახდა. ადგილობრივი ფერმერები კეტავენ გზებს, რადგან უკრაინული მარცვლეულის იმპორტის გამო მათ საკუთარი აგროპროდუქციის რეალიზება არ შეუძლიათ.
შექმნილ ვითარებას აფასებენ საქართველოშიც. როგორც „ისთ გეით ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი იაშვილი აცხადებს,
„პირველ რიგში, ქვეყნების გადაწყვეტილებას თავისი კონკრეტული მიზეზი აქვს. აქ საუბარია იმაზე, რომ სერიოზული პრობლემა შეექმნათ ამ ქვეყნების ადგილობრივ წარმოებას. ფასთა შორის სხვაობა კოლოსალურად დიდია. შესაბამისად, ადგილობრივ მწარმოებლებს წარმოეშვათ რეალიზაციის დიდი პრობლემა, რის შემდეგაც დაიწყო გამოსვლები და ამაზე მთავრობებს მოუწია რეაგირება. სხვა გამოსავალი ვერ ნახეს, თუმცა, როგორც ცნობილია, პოლონეთმა უკან დაიხია და ტრანზიტზე მოლაპარაკება შედგა.
რაც შეგვეხება ჩვენ, არანაირი ვალდებულება არ გვაქვს, რომ სლოვაკეთმა თუ ხორბლის იმპორტი აკრძალა, საქართველო მსგავსად მოიქცეს. რადგან იმპორტიორი ქვეყანა ვართ და სადაც უკეთესი პირობები იქნება, იქ უნდა გავიდეთ, ეს ჩვეულებრივი საბაზრო ეკონომიკის პრინციპია. თუმცა, ამ შემთხვევაში ვერ ვხედავ მარშრუტს, ლოგისტიკას, როგორ უნდა მოხდეს აგროპროდუქტების იმპორტი უკრაინიდან“, - განაცხადა იაშვილმა.