"როგორ გაჰყო უკრაინის კონფლიქტმა მსოფლიო" - FT

ბრიტანულ გაზეთ "ფაინენშელ თაიმსში" (Financial Times) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით - "როგორ გაჰყო უკრაინის კონფლიქტმა მსოფლიო" (ავტორი - გიდეონ რიხმანი, საერთაშორისო მიმომხილველი), რომელშიც განხილულია, ერთი მხრივ, ჩინეთ-აშშ-ის კონფრონტაცია რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე და, მეორე მხრივ, პეკინის მცდელობა "გლობალური სამხრეთის" ქვეყნების მისამხრობად, ამერიკული დოლარის როლის შესუსტების მიზნით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

სანამ ჯო ბაიდენი თავის თავს სენტიმენტალურ მოგზაურობას უწყობდა ირლანდიაში, სი ძინპინი პეკინში სერიოზული სახელმწიფოებრივი საქმით იყო დაკავებული - საფრანგეთისა და ბრაზილიის პრეზიდენტების, ემანუელ მაკრონისა და ლუის ინასიუ ლულა და სილვას ვიზიტის შემდეგ.

მოწოდება, რომელიც სი ძინპინისა და ლუის ლულას სამიტის დროს გაისმა, ხელსაყრელი იყო ჩინეთისათვის და საგანგაშო - ამერიკისათვის. ბრაზილიის ლიდერის განცხადებით, მის ქვეყანას ჩინეთთან თანამშრომლობა "მსოფლიო პოლიტიკის დაბალანსების მიზნით" სურს, თუმცა, იმავდროულად, მან ამერიკას ბრალი წაუყენა უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებათა წაქეზებაში. გარდა ამისა, ლუის ლულამ მხარი დაუჭირა "ცისქვეშეთის" დიდი ხნის მიზნის განხორციელებას - ამერიკული დოლარის მნიშვნელობის შემცირებას მსოფლიო ფინანსურ სისტემაში: "ყოველ ღამით ჩემს თავს ვეკითხები - რატომ არის ყველა ქვეყანა ვალდებული, დოლარით ივაჭროს?"

ჩინეთმა წარმატებას მიაღწია ახლოაღმოსავლურ დიპლომატიაშიც - ირანი და საუდის არაბეთი, რომლებიც ერთმანეთს მტრობდნენ იემენში მიმდინარე მოვლენებში ჩარევის გამო, პეკინის შუამავლობითა და ძალისხმევით, შერიგდნენ და დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინეს.

ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის გზავნილი მსოფლიოსათვის გამჭვირვალეა: "ამერიკა ომის გამჩაღებელია, ჩინეთი კი - მშვიდობისმყოფელი. ამერიკა სანქციების შემოღებით არის დაკავებული, ჩინეთი კი ვაჭრობას აფართოებს".

ეს მოვლენა ვაშინგტონისთვის საკმაოდ შემაშფოთებელია. აშშ-ის ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა ლარი სამერსმა გასულ კვირას ყურადღება მიაქცია იმ ნიშნებს, რომელთა თანახმად, ამერიკა მსოფლიოში გავლენას კარგავს. "ერთ-ერთი განვითარებადი ქვეყნის მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ ჩინეთი ჩვენთან გზებს და აეროპორტებს აშენებს, ამერიკა კი მხოლოდ ნოტაციებს გვიკითხავსო".

აშშ-ის პოზიციების დასუსტებას უკრაინა-რუსეთის ომმაც ხელი შეუწყო: როგორც ცნობილმა ინდოელმა პოლიტოლოგმა - პრატალ ბჰანი-მეჰტამ ამას წინათ აღნიშნა, მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილისათვის ომზე ამერიკის რეაგირება არანაკლებ სადავოა, ვიდრე თვითონ ომი. სწორედ ამ ქვეყნებისაკენ არის ჩინეთის მზერა მიმართული.

აშშ-ისა და ევროპის დიდი ნაწილისათვის პუტინისეული კონფლიქტი უნიკალური მოვლენაა, რომელიც, ასევე, უნიკალურ პასუხს მოითხოვს. სიტუაცია მათთვის უკიდურესად უჩვეულოა: საკითხი არც სასაზღვრო დავას ეხება და არც მმართველი რეჟიმის შეცვლას. ეს ომი გამიზნულია ტერიტორიის დასაპყრობად ანუ ისეთია, რომელიც ძალიან იშვიათი იყო 1945 წლის შემდეგ. მსგავს მაგალითს მხოლოდ ერაყის მცდელობა წარმოადგენდა 1990 წელს, კუვეიტის ხელში ჩასაგდებად, სადამ ჰუსეინის მმართველობის დროს, რომელმაც ფართო რეზონანსი გამოიწვია. აშშ-ის აზრით, დღევანდელ მომენტში უკრაინის ნაწილების ანექსია შედარებით უფრო სახიფათოა იმდენად, რამდენადაც ამას რუსეთი ახორციელებს - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ამერიკა შეეცადა, რომ რუსეთი გარიყულ ქვეყნად გადაექცია - როგორც ეკონომიკური, ასევე - დიპლომატიური თვალსაზრისით. ვაშინგტონმა უპრეცედენტო სანქციები გამოუცხადა მოსკოვს და გაყინა რუსეთის ოქროსა და ვალუტის ის რეზერვები, რომლებიც უცხოურ ბანკებში ინახებოდა.

მაგრამ რუსეთის ეკონომიკა გადარჩა: თავიდან აიცილა ის მოსალოდნელი კრახი, რომელსაც ბევრი პოლიტიკოსი და ექსპერტი კრემლს უწინასწარმეტყველებდა. ეს, დიდწილად უკავშირდება იმას, რომ ქვეყნების უმრავლესობას, ინდოეთის, ბრაზილიისა და ჩინეთის ჩათვლით, რუსეთთან ვაჭრობა არ შეუწყვეტია.

აღნიშნული ქვეყნებისათვის უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი, რაოდენ სამწუხაროც უნდა იყოს კიევისათვის, მხოლოდ მოლაპარაკებითა და კომპრომისით უნდა მოგვარდეს. ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრამანიამ ჯაიშანკარმა ლაკონურად და ხატოვნად განმარტა "გლობალური სამხრეთის" ნეგატიური დამოკიდებულება რუსეთისადმი ოსტრაკიზმის გამოცხადების თაობაზე: "ევროპას ჰგონია, რომ მისი პრობლემები მსოფლიოს პრობლემებია, ხოლო მთელი მსოფლიოს პრობლემები ევროპის პრობლემები არ არის".

ინდოელები და სხვები ფიქრობენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ შემოღებულმა სანქციებმა დანარჩენი მსოფლიოსათვის მთელი რიგი რთული პრობლემები გამოიწვია. ისინი ჩივიან, რომ [დასავლეთის ძალისხმევით] უკრაინაში საომარი მოქმედებების გაჭიანურებისა და ანტირუსული სანქციების გამო გაძვირდა სურსათ-სანოვაგე, კვების პროდუქტები და ენერგომატარებლები - და როგორც შედეგი, ყველაზე მეტად ამით ღარიბი ადამიანები დაზარალდნენ მთელ მსოფლიოში. თუმცა კაცმა რომ თქვას, შექმნილი სიტუაციით "გლობალური სამხრეთის" მდიდრებიც არიან შეშფოთებულნი: ბიზნესის თავისუფლება, რასაც დასავლური დემოკრატია ტაშს უკრავდა, მათ თვალში უკვე საეჭვო გახდა - რუსი ოლიგარქების ანგარიშების გაყინვისა და ქონების პირდაპირი კონფისკაციის გამო. გარდა ამისა, დასავლეთის სანქციები საშიში სიგნალი გახდა მათთვის, ვინც აქტივებს დოლარებში ინახავს.

დოლარს საერთაშორისო ნდობა აქვს, როგორც "ვალუტა-თავშესაფარს", მაგრამ ასეთი "თავშესაფარი" სულ უფრო საშიში ხდება მათთვის, ვინც ადრე თუ გვიან ვაშინგტონთან რომელიღაც გეოპოლიტიკურ დავაში აღმოჩნდება გახვეული, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ. ასეთი სიტუაცია განსაკუთრებით აშფოთებთ აშშ-ის ტრადიციულ მოკავშირე-პარტნიორებს, მაგალითად, საუდის არაბეთს და სხვებს, რომლებიც ამერიკისაგან კრიტიკას ისმენდნენ ადამიანის უფლებების დარღვევისა და ძალისმიერი ზომების გამოყენების გამო.

მას შემდეგ, რაც საუდის არაბეთის ფაქტობრივი მმართველი, მემკვიდრე პრინცი მუჰამედ იბნ სალმანი ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის არაადამიანურ მკვლელობში იქნა ეჭვმიტანილი, ჯო ბაიდენმა მისი სახელმწიფო გარიყულად გამოაცხადა. მართალია, მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტი პრინცთან ურთიერთობის გაუმჯობესებას შეეცადა, მაგრამ სალმანმა ჯო ბაიდენს წყენა და დამცირება არ აპატია... და ჩინეთისაკენ გაუხვია.

ჩინეთსა და აშშ-ის შორის დაძაბული ურთიერთობების ფონზე, ჩნდება კითხვები: "რა მოხდება, თუ ვაშინგტონი პეკინს ფინანსურ სანქციებს გამოუცხადებს, ანტირუსულის მსგავსად? - დიახ, ერთი მხრივ, დოლარი მსოფლიოში პოპულარულ ვალუტას წარმოადგენს, მაგრამ, მეორე მხრივ, ვაჭრობის მოცულობის თვალსაზრისით, ჩინეთი მსოფლიოში უდიდესი პოტენციალის მქონე სახელმწიფოა.

ზოგიერთი ქვეყანა, ალბათ, დოლარზე უფრო იტყვის უარს, ვიდრე - ჩინეთთან ვაჭრობაზე. ამ მიმართულებით წავიდა რუსეთი, გასაგები მიზეზების გამო, მაგრამ ამგვარი ნაბიჯისაკენ უბიძგებს ჩინეთი სხვა ქვეყნებსაც, მაგალითად, საუდის არაბეთს და ბრაზილიას, რომ ორმხრივი ვაჭრობა მხოლოდ ჩინურ იუანებზე გაგრძელდეს.

აშშ, ალბათ, მართალია, როცა აცხადებს, რომ მისთვის უკრაინის კონფლიქტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ბრძოლას წარმოადგენს, მაგრამ თუ ვაშინგტონი დანარჩენ მსოფლიოს ვერ დაამშვიდებს და პირიქით - დააფრთხობს, მაშინ ამერიკის გლობალური მდგომარეობა უფრო მეტად შეირყევა.