საქართველოს მთავრობის გარევაჭრობის ხელაღებით შევიწროებამ შედეგი უკვე გამოიღო. ეს შედეგია გაზრდილი ფასები და უკმაყოფილო მომხმარებელი. გარემოვაჭრეები აქციებს აქციებზე მართავენ. შესაძლოა, მათ მხრადამხარ მალე უაზრო სიძვირით გაბეზრებული მოსახლეობაც ვიხილოთ.
ქართულ ბაზარზე ხილ-ბოსტნეული კიდევ გაძვირდა. საშუალოდ 10-30 თეთრითაა გაძვირებული კერძოდ, კარტოფილი, კომბოსტო, სტაფილო და საზამთრო. მომატებულია შაქრის ფასიც, უახლოეს დღეებში კი პურისა და პურპროდუქტების გაძვირებას ელიან. ბაზარში მოვაჭრეები პროდუქტის გაძვირებას დედაქალაქში გარევაჭრობის აკრძალვას უკავშირებენ.
„მას შემდეგ, რაც გარემოვაჭრეები აყარეს და მათმა ნაწილმა ბაზარში გადაინაცვლა, ფასებმა მოიმატა. ამის მიზეზი კონკურენციის ზრდაა. თუ ადრე გარემოვაჭრეებს დღეში საკმაოდ სოლიდური შემოსავალი - რიგ შემთხვევებში 50 ლარიც კი რჩებოდათ, ახლა, ბაზარში გადანაცვლების შემდეგ მათი შემოსავალი, საშუალოდ, 20 ლარამდე შემცირდა.
მოგეხსენებათ, მოვაჭრეებს ოჯახები ჰყავთ სარჩენი და იძულებულები არიან, პროდუქტი გააძვირონ. შესაბამისად, უახლოეს დღეებში ფასები სავარაუდოდ, კიდევ უფრო მოიმატებს“, - აცხადებენ ბაზრის მოვაჭრეები.
სწორედ ამიტომაა, რომ გარემოვაჭრეები თავიანთ საქმიანობასთან ერთად მიტინგების და აქციების ცდილობენ მთავრობისაგან თავი დაიცვან. სხვათა შორის, ამას რეგულარული ხასიათი აქვს. თუკი ერთ დღეს გარემოვაჭრეები მერიასთან გამოხატავენ პროტესტს, მეორე დღეს სხვა სამთავრობო უწყებასთან გადაინაცვლებენ. მიზანშია ამიოღებული პრეზიდენტის რეზიდენციაც.
გარემოვაჭრეები თბილისის მერიისგან გარევაჭრობის უფლების მიღებას მოითხოვენ. ისინი გიგი უგულავას სთხოვენ, რომ 1-ელ აგვისტომდე არსებულ ადგილებში კვლავინდებურად ვაჭრობის ნება დართოს.
გარემოვაჭრეებმა მერის სახელზე განცხადებაც შეიტანეს. იგი კონსერვატიული პარტიის წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა შეადგენა, რომელიც გარევაჭრობის რეგულირების წინადადებებს შეიცავს.
ჩხარტიშვილის განცხადებით, გარევაჭრობა მსოფლიოს ყველა ქვეყანაშია მისაღები, თუმცა ამისათვის სხვადასხვა ქალაქების მუნიციპალიტეტები სპეციალურ ადგილებს გამოყოფენ, იცავენ სისუფთავეს. მისი თქმით, გარევაჭრობა არის ქალაქის ერთ-ერთი დამახასიათებელი ლამაზი ფორმა, რომელიც შეიძლება ძალიან კარგად დარეგულირდეს და მოეწყოს.
ჩხარტიშვილმა წინადადებათა პაკეტი მოამზადა გარემოვაჭრეთა შეთანხმებით, რომელიც შესაძლებელია ნორმატიულ აქტად იქცეს და რომელიც დაარეგულირებს გარემოვაჭრეთა სამუშაო პროცესს. ამ წინადადების განხილვამდე, კი მოვაჭრეები გარევაჭრობის უფლებას ითხოვენ.
სართო ჯამში კი, სანამ ყველაფერი გაირკვევა, პროდუქტების ფასი მაღლა მიიწევს. უბრალო მომხმარებელი ასეთი ტენდენციის შეშინებული და აღშფოთებულია. თუკი ვითარება მართლაც არ დარეგულირდება, გამორიცხული არ არის, მოვაჭრეებს გვერდით სოციალური მდგომარეობით გაუარესებული მოსახლეობაც ამოუდგეს. მით უმეტეს, რომ მალე შემოდგომა მოვა...