პუტინთან შეხვედრა აფხაზეთის მიჯნაზე

პუტინთან შეხვედრა აფხაზეთის მიჯნაზე

გუშინ, წინასწარი შეთანხმების შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი სოჭში გაემგზავრა ვლადიმირ პუტინთან  შესახვედრად. ეს უკანასკნელი რუსეთის სამხრეთ რეგიონებში იმყოფება „საიმპერატორო-საინსპექციო“ ვიზიტით.

სხვათა შორის, არაფერი მსგავსი ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არ ხდება და არც შეიძლება ხდებოდეს. წარმოუდგენელია, პრეზიდენტი ბუში ან პრეზიდენტი შირაკი (საარჩევნო კამპანიისას გამოსვლებს თუ არ ჩავთვლით) პერიოდულად ჩადიოდეს რეგიონებში და იქ „აქტივის“ კრებებს ატარებდეს. მით უმეტეს, წარმოუდგენელია, ამერიკის პრეზიდენტმა რამდენიმე შტატი გააერთიანოს და მათ საერთო ხელმძღვანელად თავისი წარმომადგენელი დაუნიშნოს. ნამდვილად ფედერაციულ სახელმწიფოში ეს ფედერაციის სუბიექტის შინაგან საქმეებში უხეშ ჩარევად აღიქმებოდა. მაგრამ რუსეთი „სახელმწიფო სულისკვეთებით“ კვლავაც იმპერიაა. ამიტომ პუტინი კავკასიაში ისევე ჩამოდის, როგორც იმპერატორი ალექსანდრე II ეწვია დასავლეთ კავკასიას დიდი კავკასიური ომის დამთავრების შემდეგ.

ედუარდ შევარდნაძესთან შეხვედრის შესახებ გუშინ რუსული მედია თითქმის არაფერს გადმოსცემდა (ანონსის სახით), მაგრამ ეს მოჩვენებითი გულგრილობა – სიბრმავე იყო. სინამდვილეში, პუტინი და მისი გარემოცვა დღევანდელ პირობებში (ერაყის გარშემო კვანძის გახსნის მოახლოების გამო) ქართველ ლიდერთან შეხვედრას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

თუმცა, პუტინი აშკარად ცდილობს საქმე ისე მოაწყოს, ეს არ შეიმჩნიოს და საპირისპირო შთაბეჭდილებაც კი შექმნას, მაგრამ მოწვევა მისგან მოდიოდა – ამ ფაქტს ვერსად გაექცევა.

გუშინდელმა მოვლენებმა უკვე დაადასტურა, რომ შეხვედრა პუტინს მართლაც იმისთვის სჭირდება, რათა ამერიკელებს კავკასიაში რუსეთის პრიორიტეტი დაუმტკიცოს. ედუარდ შევარდნაძე, ამ მხრივ, კავკასიის ყველაზე „ნიშანდობლივი“ ფიგურაა, რაც შეეხება თვით მოლაპარაკების შინაარსს, პუტინი მას მეორეხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებს, რაკი შესანიშნავად ესმის, რომ „დიდი რკინიგზის გახსნას“ საქართველო მანამ არ დაეთანხმება, სანამ არ დაიწყება (რეალურად) ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი აფხაზეთის თუნდაც ორ რაიონში – გალსა და ოჩამჩირეში.

ამის მისაღწევად სეპარატისტებზე რაიმე წნეხის განხორციელებას მოსკოვი არ აპირებს. პირიქით, პუტინი არ არის მზად, გააუქმოს სარკინიგზო მოძრაობა სოჭი-სოხუმის მიმართულებით, ან შეაჩეროს რუსული პასპორტების დარიგება. არსებობს მრავალი ნიშანი უახლოეს მომავალში სოხუმის აეროდრომის ამოქმედების ან სატვირთო მატარებლების დაძვრისა სოხუმისკენ, შემდეგ ამას მოჰყვება სოხუმი-მოსკოვის მატარებელიც. ოღონდ, ცოტა არ იყოს, ტრაგიკომიკურია, სატვირთო მატარებლით რა უნდა გაიტანონ (ან შემოიტანონ) აფხაზეთიდან რუსეთში და რუსეთიდან – აფხაზეთში?

რუსეთს აშკარად სურს ეს ბერკეტები საქართველოში „ყოფნის“ შესანარჩუნებლად გამოიყენოს. იგულისხმება ბაზები, სამშვიდობო ძალები, და რაც მთავარია, შექმნას ქართულ-ჩეჩნური დაპირისპირების პოლიტიკური ფაქტორი. ამ მიზნით, დღეს პუტინი კვლავ კატეგორიულად მოითხოვს შარშან აგვისტოში დაკავებულ ჩეჩენთა ექსტრადირებას. თითქოსდა დიდი განსხვავება იყოს, სად გასამართლდებიან და სად მიიღებენ სასჯელს – თბილისში თუ მოსკოვში.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, „გადასაცემი ჩეჩნების“ საკითხს პუტინი განსაკუთრებით დიდ დროს დაუთმობს. ამგვარ ვითარებაში რომ აღარ აღმოვჩნდეთ, უნდა აღვკვეთოთ შეიარაღებულ ჩეჩენთა შემოსვლა ჩვენს ქვეყანაში – ალბათ, უმჯობესი იქნება (და უფრო ლოგიკურიც), თუ ისინი „მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ რესპუბლიკებს შეაფარებენ თავს.

კონკრეტული შედეგის თვალსაზრისით, სოჭის შეხვედრა ნაყოფიერიც ვერ იქნება, უმკაცრესი საკითხი (სარკინიგზო მოძრაობის აღდგენა) ვერ გადაწყდება. ხელისუფლებას რომც სურდეს, მატარებლებს პარტიზანები ააფეთქებენ.