ახალი წლის შემდეგ გაძვირების ახალი ტალღა იწყება

ახალი წლის შემდეგ გაძვირების ახალი ტალღა იწყება

[ლელა კობერიძე]

 

მოსახლეობა გაფრენილ ფასებს ვერ ეწევა. ახალი წლის შემდეგ, უკვე გაძვირდა შაქარი, კარტოფილი, ხახვი, საწვავი, ფქვილი, მედიკამენტების ზოგიერთი სახეობა. მთავრობა ამ პრობლემის გადასაწყვეტად, რომელმაც სოციალური აფეთქებაც კი შეიძლება გამოიწვიოს, ვერაფერს ახერხებს. არსად ჩანს დაპირებული პროგრამა ინფლაციის შესაჩერებლად, რომელიც პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს პრეზიდენტისთვის დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში უნდა წარედგინა.

 

ფასების გაძვირების თვალსაზრისით, საქართველოში მოსხლეობის თითქმის 70%-ის ცხოვრება შეუძლებელი ხდება. ბოლო პერიოდში თითქმის 12-15%-ით მოიმატა ფასებმა რძესა და რძის პროდუქტებზე. ახალი წლების შემდეგ 20-30 თეთრით გაძვირდა შაქარი. ამ დროისთვის 1 ტომარა შაქრის ღირებულება 110 ლარს აღწევს.

 

ასევე გაძვირდა იმპორტირებული ზეთი, ზეთის ადგილობრივი მწარმოებლები ამ პროდუქტის გაძვირებას უახლოეს მომავალში ვარაუდობენ. მათი თქმით, ნდლეულის ნაშთი აქვთ და ადგილობრივი ზეთი ამიტომ არ გაძვირდა, თუმცა ახალი მარაგების შემოტანის შემდეგ, სავარაუდოდ, იგი 10%-ით გაძვირდება. რაც შეეხება ხორბლის გაძვირებას, ამ საკითხზე ფინანსთა მინისტრმა კახა ბაინდურაშვილმა საინტერესო კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ეს პროდუქტი ხელოვნურად გაძვირდა, რამდენიმე იმპორტიორის შეთანხმების საფუძველზე.

 

რაც შეეხება ტრანსპორტს, შიდა და საქალაქთაშორისო რეისებზე მგზავრობის ღირებულება, დაახლოებით, 10-15%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის გაძვირების მიზეზი საწვავზე ფასების მომატება გახდა. ჯერჯერობით, მხოლოდ დიზელი გაძვირდა 5 თეთრით, თუმცა 10 დეკემბრის შემდეგ ძველსა და ახალ ფასებს შორის სხვაობამ 10 თეთრი შეადგინა. ნავთობის იმპორტიორებმა უკვე გააკეთეს განცხადებები, რომ მალე ბენზინიც გაძვირდება.

 

სამაგიეროდ არ იზრდება ხელფასები და დასაქმების მაჩვენებელი. პირიქით, მკაცრი საგადასახადო ადმინისტრირების ფონზე, ბიზნესმენები, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესმენები სახელმწიფოს ვალიდან ვერ ამოდიან. ასე რომ, მოსახლეობის დიდი ნაწილი სასოწარკვეთილებაშია ჩავარდნილი. ხელისუფლების წევრები კი სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობენ, ხოლო თუ საქართველოში არიან, ხალხის ფულით გამართულ „ივენთებზე“ ერთობიან. შემდეგ, ასევე გაუგებარი რეიტინგებით თავს იწონებენ.

 

სხვათა შორის, ამასწინათ ერთმა ჩვენმა ნორვეგიელმა კოლეგამ საკუთარ ფოტოაპარატზე აღბეჭდა ქართველი ხალხის ნახევრად შეშლილი სახეები. ამ ფოტოს კი უწოდა „ეს არის ხალხი, რომელიც მსოფლიოს პირველ რეფორმატორ ქვეყანაში ცხოვრობს.“

 

„ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელი ხდება. სიმართლე გითხრათ ეს ახალი წელი ისე გავიდა, რომ მინიმალური სიხარულიც კი ვერ ვიგრძენი, არადა ახალი წელი ძალიან მიყვარს. თურმე ამ დღეში მარტო მე არ ვყოფილვარ. ვისაც კი შევხვდი ყველა იმაზე ჩიოდა, რომ ახალ წელს ცუდი განწყობითა და დამძიმებული გულით შეხვდა. არც ბათუმში გამართული კონცერტისთვის შემიხედავს და არც იმ საშინელება რაღაცისთვის, რომელიც თბილისში უნიჭო ადამიანებმა გამართეს და საახალწლო კონცერტი უწოდეს.

 

ქართველი ხალხის გონება იმისკენ არის მიმართული სადილი როგორ გააკეთოს. ძვირი საკვებით არც აქამდე ვყოფილვართ განებივრებულნი, მაგრამ დღეს უკვე ელემენტარული, ყველაზე ღარიბული სადილის მომზადებაც კი შეუძლებელი ხდება“, - ამბობს თბილისელი ნანა ტაბლაძე.

 

საყურადღებოა, რომ ევროპასა და ამერიკაში ბევრი პირველადი მოხმარების პროდუქტი უფრო იაფია, ვიდრე საქართველოში. მაგალითად, ქათმის ხორცი, კვერცხი, შაქარი და ასე შემდეგ.

 

მაგალთიად, საქართველოში შაქარი უფრო ძვირია, ვიდრე ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში. ბელგიისა და ჰოლანდიის სავაჭროქსელებში 1 კგ შაქრის შეძენა 0,9-1 ევროდ (2,1-2,35 ლარი) არის შესაძლებელი. გამოდის, რომ ამ კუთხით ევროკავშირის წევრი ქვეყნებიც „უკან ჩამოვიტოვეთ“. ბოლო დღეებში საცალო ბაზარზე ერთი კილოგრამი შაქარის ფასმა 2,40-2,50 ლარს მიაღწია.