show must go on - საბოტაჟნიკები პარლამენტში პრემიერის დასახვედრად ემზადებიან 

show must go on - საბოტაჟნიკები პარლამენტში პრემიერის დასახვედრად ემზადებიან 

ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია პარლამენტში მაშინ შედის, როდესაც რევანშის მოწყობის სურვილი უჩნდება. უკვე ცნობილია, რომ დღეს ოპოზიცია პარლამენტში სრული შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი და მორიგ მასკარადს გამართავს, რადგან პარლამეტში პრემიერ-მინისტრი მიდის. ირაკლი ღარიბაშვილი ინტერპელაციის წესით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრებს.

უმრავლესობაში დარწმუნებული არიან, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფ რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნება, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ. ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ ოპოზიციის მთავარი ამოცანაა, არანაირი ცივილური განხილვა არ იყოს და დიდი ხანია, ისინი ამ რეჟიმში მუშაობენ. როგორც ვოლსკი ამბობს, ეს არის ადამიანების გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომიტეტი ვუწოდოთ, რომლის მიზანია სხვა ამოცანების განხორციელება და არა რეკომენდაციების შესრულება.

„არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმში არიან - მათთვის მთავარია სიტუაციის დესტაბილიზაცია, რასაკვირველია, მთავარი თემა კვლავ რჩება ომში ჩართვა. როგორც კი 12 რეკომენდაციაზე მუშაობა დაიწყო, იმ დღიდან არიან არა ბოიკოტის, არამედ საბოტაჟის რეჟიმში. ამ ადამიანებს არ აინტერესებთ არანაირი 12 რეკომენდაცია, აქ მათთვის, მთავარია პოლარიზაციის რეჟიმის შენარჩუნება, სიტუაციის დესტაბილიზაცია და პოლიტიკური დივიდენდის მიღება“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

კოლეგებს სტრატეგიას უწუნებს „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი, უპარტიო დეპუტატი რომან გოცირიძე, რომელმაც ვერ გაიგო ზღურბლზე დგომა რა ხილია. გოცირიძის შეფასებით, სინამდვილეში ეს თვალთმაქცობა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობაა.

„ბოიკოტისტობა“ რას ნიშნავს კი ვიცით. ღმერთმა მიუტევოთ მათი შეცდომები. არიან „ნახევრადბოიკოტისტებიც“ - „პარლამენტში ყოფნა არ გვინდა, მაგრამ სხვა რა გზა გვაქვს, 12 რეკომენდაციაზე ხომ უნდა ვიმუშაოთ?“ დაახლოებით ასე ჟღერს მათი პოზიცია. სინამდვილეში ეს თვალთმაქცობაა და ორი კურდღლის დაჭერის მცდელობა - მოინადირონ ბოიკოტის მოყვარული საზოგადოების გულები და ამავე დროს, დარჩნენ პარლამენტში რაღაც საბაბით. თუ ხარ პარლამენტში, უნდა იყო ყველგან, უნდა იმუშაო ყველა საკითხზე და არა შერჩევით. პარლამენტი ხაჭაპური არ არის, ყველი რომ გიყვარდეს და ქერქი არა. ან შემოდი ან გადი, ეს ზღურბლზე დგომა რა ხილია ვერ გავიგე. გამჭოლმა ქარმა გაციება იცის“, - ამბობს რომან გოცირიძე.

„სტრატეგია აღმაშენებლი“ ბოიკოტის საკითხის გადახედვას გეგმავს. პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განმარტა, რომ ე.წ. აგენტების კანონზე პარლამენტში გაწეულმა წინააღმდეგობამ უფრო გამოიღო შედეგი, ვიდრე ბოიკოტმა, რადგან ადამიანებამდე სწორედ პარლამენტიდან შეძლეს სათქმელის მიტანა.

„12 რეკომენდაციის შესრულების თვალსაზრისით, ბოიკოტის გაგრძელება არასწორი იქნება, პირიქით, უნდა ჩავერთოთ. საბოტაჟი მხოლოდ რუსული კანონით კი არ ხდებოდა, საბოტაჟია, როცა არ აკეთებ სასამართლო რეფორმას, დეოლიგარქიზაცია არ ხდება, ან ცუდი ფორმით ხდება, როცა ანტიკორუფციული უწყება დაუქვემდებარეს ღარიბაშვილს, როცა ევროკავშირი გინდა, არ უნდა თქვა, რომ ევროკავშირი საბჭოთა კავშირია“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ოპოზიცია, რომელიც თითქოს ბოიკოტის რეჟიმშია, ამბობს, რომ ახლა აუცილებელია შევიდნენ პარლამენტში, რათა აიძულონ ხელისუფლება შეასრულონ 12 რეკომენდაცია. აქედან გამომდინარე, რადიკალები ირაკლი ღარიბაშვილის მოსასმენად პარლამენტში მიდიან. სხდომა რომ ხმაურიანი იქნება ამაში ეჭვი არ ეპარება პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს.

„აგრესიის ძალიან დიდი დოზა იქნება, შეიძლება პრემიერმაც შემოუბრუნოს ხელი, რაც არ გამიკვირდება. გვინახია ისეთი მშვიდი პრემიერიც კი, როგორიც კვირიკაშვილი იყო, როგორ გამოენთო მერე გინებით ოპოზიციისგან ნერვებმოშლილი. ეს უხარია ოპოზიციას, როცა წონასწორობიდან გამოიყვანს ადამიანს. მე, ვიყავი პარლამენტის წევრი მაშინ, როდესაც შევარდნაძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. ძალიან ხმაურიანი სხდომები იყო მაშინაც, თუ მეტია არა, ნაკლები არ ყოფილა ვიდრე ახლა, თავისი ცეკვებით, ჩხუბებით და შეურაცხყოფებით. მახსოვს, ერთი ადამიანი როგორ ეძახდა მეორე ოპოზიციის წევრს, მიდი-მიდი, ბიჭო, ხედავ როგორ გაწითლდა შევარდნაძეო? მოუშალეს ნერვები და გამოვიდა მდგომარეობიდან. რომ ვთქვა შევარდნაძის მდგომარეობიდან გამოყვანით რამე შედეგს მიიღებდნენ, ძნელი სათქმელია, რადგან წამგებიან ნაბიჯებს არ გადადგამდა და საკუთარ მოქმედებებს აკონტროლებდა საკმაოდ კარგად. ოპოზიციის სტილი ცნობილია - მიუღებელია ეს ადამიანი, მივაყენებ ტკივილს და მორჩა“, - ამბობს საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი ამბობს, ტკივილის მიყენება ე.წ. ემოციური აგრესიის მიზანი, ვიღაცა გალახოს არა იმიტომ, რომ ამით რამე შედეგს მიიღებს, არამედ მისი გალახვა ესიამოვნება, სწორედ ასეთ ვითრებაში არიან დღეს ოპოზიციის წევრები.

„შედეგზე არ არიან ორიენტირებული და ეტყობათ კიდევაც, არ ცვლიან სტილს, ეს აგრესიული სტილი აქვთ სულ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველწლიურად ხედავენ რომ ეს სტილი არაფერს იძლევა, პირიქით, ეცემა მათი რეტინგი, მაგრამ ეტყობა, არ აინტერესებთ რეიტინგი. მთავარია იმის გაკეთება, რაც გულს მოფხანთ. თავის დროზე გულს იფხანდნენ იმით, რომ ბოქლომები დაადეს კარებს, რაც ბავშვებივით უხაროდათ, მერე რაღაცა მყრალი ნივთიერებები დაასხეს პარლამენტში და ა.შ. ეს ხომ აგრესიის გამოვლინებაა და მეტი არაფრის მომტანია, გარდა იმისა, რომ აგრესიის და ბულინგის ავტორი ისიამოვნებს იმით, რომ ვიღაცას ტკივილი მიაყენა და ეს არის. ამიტომ, ცხადია, რომ იქნება აგრესია პრემიერის მიმართ, მაგრამ არც ის დარჩება ვალში“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბისას რამაზ საყვარელიძე.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის განცხადებით, თუ ბოიკოტის რეჟიმში იმყოფები, მაშინ პარლამენტში არ უნდა იყო, არ უნდა რეგისტრირდებოდე საპარლამენტო სესიაზე და როგორც კი შენს სადებუტატო ბარათს დაარეგისტრირებ, ეს უკვე აღარ ნიშნავს ბოიკოტის რეჟიმში ყოფნას. მისი თქმით, ოპოზიციის მიზანია, რომ ყოველი ასეთი ინტერპელაციის წესით მინისტრების დაბარება გამოიყენოს თავისი ვიწროპოლიტიკური მიზნებისთვის, მოაწყოს პოლიტიკური შოუ და ამით საზოგადოების რაღაცა ნაწილი განაწყოს ხელისუფლების წინააღმდეგ.

„ოპოზიციის ქმედება ყველაფრის ერთად კომბინაცია - საბოტაჟი და ბოიკოტი, არის მათი ვიწროვადიანი პოლიტიკური მიზნების რეალიზაცია. ინტერპელაცია, რომელიც ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში ითვლება დემოკრატიულ პროცედურად, ანუ პარლამენტის მიერ აღმასრულებელ ხელისუფლებაზე კონტროლის გაძლიერების ერთ-ერთ ინსრუმენტად განიხილება, ოპოზიცია ამას იყენებს პოლიტიკური პერფორმანსებისთვის. ჯერჯერობით, ასეთი ტიპის ოპოზიცია გვყავს და ამას ვერც დღეს, ვერც ხვალ და ვერც თვალსაწიერ მომავალში ვერაფერს ვერ მოვუხერხებთ. ეს კინო უკვე ნანახი გვაქვს“, - ამბობს ზაალ ანჯაფარიძე.

მისი თქმით, რაღაცა ნაწილში ოპოზიცია წარმატებას აღწევს და ამის დასტურია ევროპარლამენტის რეზოლუციები, რომელიც პირდაპირ არის მიმართული საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებები და სააკაშვილის ირგვლივ ატეხილი ეს მთელი აჟიოტაჟი.

„აგერ, ინგლისის ელჩმა განაცხადა, რომ სააკაშვილის საკითხი საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს აყენებსო. საინტერესოა, რანაირად აყენებს საერთაშორისო რეპუტაციას ზიანს, როდესაც ეს ადამიანი მოთავსებულია კომფორტულ პირობებში და სთავაზობენ თანამედროვე მკურნალობას და ის ამაზე უარს აცხადებს. მიუხედავად ამისა, ინგლისის ელჩი ჯიუტად იმეორებს იგივეს, რომ ეს თითქოს საქართველოს მთავრობის ბრალია სააკაშვილი საჭმელს, რომ არ ჭამს და თვითდაზიანებას ეწევა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

merab ოცნება, უმრავლესობაში ხართ და რა დღეში ჰყავხართ ნაცებს! უმცირესობაში რომ იყოთ, იატაკს მოწმინდავდნენ თქვენით.
გადაარტყით მიკროფონი და ათრიეთ ქეჩოთი, ეგ ქვეყნის მტრები!
როდემდე უნდა გაგრძელდეს თქვენი უნიათობა?!
1 წლის უკან
ლევკოთეა ბოიკოტებს და მასკარადებს იმიტომ აწყობს ოპოზიცია, რომ ტვინი არ ჰყოფნით, სხვა, აზრიანი ქმედებების მოსაფიქრებლად.
1 წლის უკან