მეწარმე დიმიტრი კოსტაროვი მთელი საქართველოს მასშტაბით კამპანიას იწყებს, როგორ შეიძლება ქვეყანა გადავიდეს უვნებელი პროდუქტის შემუშავების ეტაპზე, რაც მნიშვნელოვანი და ამავე დროს აუცილებელია ქვეყნისთვის. როგორც კოსტაროვი აცხადებს, ევროკავშირმა საკანონმდებლო დონეზე მიიღო კანონი, რომ 2030 წლისთვის უკვე 50%-ით შეამცირონ მცენარეთა დაცვის საშუალებები, ანუ ბიო და მინერალური სასუქები, რადგან მინერალური სასუქები შეიცავს მძიმე მეტალებს, რომელიც კლავს ბაქტერიებს ნიადაგში, რის შედეგადაც ნიადაგი განიცდის დეგრადაციას.
for.ge დიმიტრი კოსტაროვს ესაუბრა.
უვნებელი პროდუქტის შემუშავება პრობლემურია მთელ მსოფლიოში, თქვენი კამპანია რას გულისხმობს და როგორ აპირებთ ამის მოსახლეობამდე მიტანას?
დიმიტრი კოსტაროვი: ჩვენი მიდგომა არის მარტივი - უვნებელი პროდუქტი არა მარტო ჩვენ გვჭირდება, ეს არის გზა იმისა, რომ უვნებელი პროდუქტი გავიტანოთ ექსპორტზე და შევიდეთ იმ ქვეყნებში, სადაც არის მოთხოვნა უვნებელ პროდუქტზე.
ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა არის უვნებელი პროდუქტის წარმოება...
- გეთანხმებით. ევროკავშირმა საკანონმდებლო დონეზე მიიღო კანონი, რომ 2030 წლისთვის უკვე 50%-ით შეამცირონ მცენარეთა დაცვის საშუალებები, ანუ ბიო და მინერალური სასუქები. მინერალური სასუქები შეიცავენ მძიმე მეტალებს, რომელიც კლავს ბაქტერიებს ნიადაგში, რის შედეგადაც ნიადაგი განიცდის დეგრადაციას. ამიტომ, კაცობრიობა დაფიქრდა და უკვე მოწინავე ქვეყნებმა მიიღეს კანონი, რომ შეამცირონ გარემოს დაბინძურება.
კანონის დონეზე მიღებულია, მაგრამ რამდენად არის რეალობაში ამის განხორციელება შესაძლებელი?
- ისტორიას თუ გადავხედავთ, 100 წლის წინ მსოფლიოში მოხდა ე.წ. მწვანე რევოლუცია, როცა გამოიგონეს მინერალური სასუქები და ნახეს როგორ მუშაობს ის. ჩვენ მალევე ვიღებთ კარგ შედეგს როცა შეგვაქვს მინერალური სასუქები ნიადაგში, შესაბამისად, ეს ბიზნესისთვის მომგებიანია და ის მიზნები, რომ დავაპუროთ მსოფლიოს მოსახლეობა, გავიდა პირველ ფლანგზე. ყველას მოეწონა ეს იდეა, რომ ჩვენ შეგვიძლია ავწიოთ მოსავლიანობა და კაცობრიობის ნომერ პირველი პრობლემა - დაპურება იქნება გადაწყვეტილი. მაგრამ, როცა დაიწყეს ეს კამპანია და მცენარეთა დაცვისთვის დაიწყეს ქიმიური სასუქების ნიადაგში შეტანა, ნახეს, რომ გააფუჭეს ნიადგები. შესაბამისად, მივიღეთ ის რეალობა, როცა კაცობრიობა დაავადდა და გავრცელდა ისეთი დაავადებები, როგორიც არის კიბო, გულსისხლძარღვთა შევიწროება, დიაბეტი, ასთმა, ალერგია, აუტიზმი ბავშვებში და ა.შ. ეს ყველაფერი მოდის იქიდან, რომ ჩვენ არ ვღებულობთ ბალანსირებულ საკვებს და ჩვენ ვართ ის, რასაც ჩვენ ვჭამთ. აქედან გამომდინარე, კაცობრიობამ ნახა, რომ თუ გინდა აამაღლო ცხოვრების ხარისხი და ეს არაა კეთილმოწყობილი ბინა და მანქანა, არამედ ესაა ჯანმრთელობა, რომელიც განაპირობებს ჩვენს მდგომარეობას. ჩვენი მდგომრეობა კი არის ძალიან ცუდი. აქედან გამომდინარე ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, ყურადღება მიაქციონ იმას, რას სვამენ და რას ჭამენ და სად ცხოვრობენ.
ეს პრობლემა რომ მძიმედ დგას ჩვენს ქვეყანაში ცხადია, არაჯანსაღი საკვები რომ საქართველოში ჭარბობს, ესეც ცხადია, მაგრამ რამდენად რთული იქნება ჩვენს ქვეყანაში ჯანსაღი პროდუქტის შექმნა და რამდენად დროში გაწელილი საკითხია, ალბათ, აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს თანადგომა და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ?
- პირველ რიგში, სახელმწიფო გვერდში უნდა დაუდგეს ამ მიმართულების განვითარებას და უნდა უზრუნველყოს, რომ მისი მოსახლეობა იყოს ჯანმრთელი, ამაღლდეს ცხოვრების ხარისხი, რომელიც გამორიცხავს მოსახლეობის დაავადებას და უზარმაზარი ბიუჯეტის გამოყოფას ჯანდაცვისთვის. მეორე, ეს არის ჩვენი პირდაპირი შემოსავალი. ეკონომიკისთვის ეს არის ნომერ პირველი გამოსავალი, რადგან ჩვენ გვექნება ექსპორტისთვის ისეთი პროდუქტი, რომელიც დამატებით ვალუტას შემოიტანს საქართველოში.
რა შეგვიძლია ჩვენ გავყიდოთ? სოფლის მეურნეობის რომელი პროდუქცია შეგვიძლია გავიტანოთ რეალიზაციისთვის და რა შემთხვევაში იქნება ეს შესაძლებელი?
- ახლა ჩვენ ვყიდით მადნეულს, ოქროს, სპილენძს, მანგანუმს, და ა.შ. მაგრამ ეს არაფერი არ არის. აქ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა ვაწარმოოთ და სად გავყიდოთ.
ევროპულ ბაზარზე არის მოთხოვნა ქართულ ხარისხიან პროდუქტზე?
- არსებობს და როგორც უკვე ვთქვი, არსებობს ტენდენციები, რომ 2030 წელს უნდა შემცირდეს შხამ-ქიმიკატების მოხმარება. გავნითარებულ ქვეყნებში, რომლებიც ყურადღებას აქცევენ ცხოვრების ხარისხს, რა თქმა უნდა, არის მზარდი მოთხოვა. მათ არ უნდათ იყვნენ დაავადებული, სურთ იყვნენ ლამაზები და ჯანმრთელები. ამ მხრივ მოწინავე ქვეყნებია სკანდინავიის ქვეყნები, დანია, ბელგია. ამას მიყვებიან სხვა ქვეყნებიც. თქვენ დასვით კითხვა შესაძლებელია თუ არა? - მე, ვამობ - შესაძლებელია.
შეგვიძლია თუ არა ერთი საკითხია, მაგრამ ამის პირობები თუ გვაქვს?
- რა თქმა უნდა, არის ამის ობიექტური პირობები და ეს არის ბუნება. მაგალითად, ციმბირში ხორბლის მეტს ვერაფერს მოიყვან, იმიტომ, რომ იქ ისეთი მკაცრი პირობებია, ხეც არ ხარობს, იქ ვაშლს ვერ მოიყვან. ისევე როგორც საჰარაში, სადაც პირიქით, ძალიან მაღალი ტემპერატურაა და ყველაფერი იხარშება. რთულია იქ პროდუქტის მოყვანა. მაგრამ, ჩვენ სადაც ვცხოვრობთ, არის პირობები და ეს არის მრავლფეროვანი ნიადაგი, მრავალფეროვანი კლიმატური პირობები, ჩვენ გვაქვს სუბტროპიკული კლიმატი და გვაქვს ნახევრად უდაბნო. გვაქვს მშრალი სუბტროპიკები ლაგოდეხის რაიონში და აფხაზეთში. ანუ, ჩვენ შეგვიძლია ყველაფერი მოვიყვანოთ საქართველოში.
ქიმიური საშუალებების გარეშე როგორ მოვიყვანოთ ნატურალური პროდუქტი, როდესაც მცენარეებს უამრავი მტერი ყავს ბუნებაში?
- არის კომპანიები, რომლებიც ფულს აკეთებენ ამ ქიმიურ საშუალებებზე. ჩვენ თუ ვამცირებთ წამლების მოხმარებას, ეს არტყამს ვიღაცის ბიზნესს, რადგან კაცობრიობა ჯანსაღი ხდება. „ბიგ-ფარმა“ უშვებს მითებს, რომ ეს არ გამოვა. ანუ, ბიო-პროდუქტი არის განუვითარებელი, ჭიანი და ა.შ.
თქვენ საპირისპიროდ რა შეგიძლიათ თქვათ?
- ვითარდება მეცნიერება და ვითარდება ის ბიოსაშუალებები, რაც ბუნებიდან მოდის და რომლის სახეობა არის კეთილშობილი ბაქტერიები. არის კიდევ სხვა ბაქტერიები, რომელიც თავის გზით წაიყვანს ამ დარგს. გააჩნია ჩვენ რა გვინდა, თუ ჩვენ გვინდა ჭიის გარეშე ლამაზი და სრულყოფილი პროდუქტი, ყურადღება უნდა მივაქციოთ მცენარის დაცვას, მაგრამ არა ქიმიით, არამედ ბუნებრივი საშუალებებით. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა სამკურნალო მცენარეებიდან ამონაწური ექსტრატი.
თქვენ აღნიშნეთ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა. დღეს, სახელმწიფო არის ამისთვის მზად და რამდენად დროში გაწელილ პროცესზე ვსაუბრობთ?
- ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ სახელმწიფოს, რომ მივაწოდოთ ეს გზები. არ მგონია, რომ სახელმწიფო არ დაგვიდგეს გვერდში. უბრალოდ, მტერი უნდა იყო, რომ ეს არ გააკეთო, მაგრამ გაგება სჭირდება. ჩვენ უნდა გავაგებინოთ ჩვენს მთავრობას, რა არის გასაკეთებელი და როგორ. პოლიტიკოსი ხშირად არ არის განათლებით აგრონომი, ამიტომ ჩვენ სწორად უნდა მივუტანოთ ინფორმაცია მთავრობას, რატომ არის მნიშვნელოვანი უვნებელი პროდუქციის წარმოება.
სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, მაგრამ გლეხი რამდენად არის ამისთვის მზად?
- რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ფუნქციაში არ შედის ბაზრის შეცვლა, თუ არსებობს ობიექტური მოთხოვნა, ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია მიაწოდის მეწარმეს ინფორმაცია. მაგალითად, კახელ მეღვინეს უთხრას, რომ აწარმოე ბიოღვინო და ის ადვილად გაიყიდება, ადვილად შევა განვითარებულ ქვეყნებში, რადგან არის მოთხოვნა ორგანულ პროდუქტზე. სახელმწიფოს ვალდებულებაა გაუკეთოს რეკლამა ჩვენს ჯანსაღ პროდუქტს, უნდა გააკეონ გამოფენები, საქმის კურსში უნდა ჩააყენონ მსხვილი მოთამაშეები, რომ დაინტერესდნენ.
ამიტომ, ჩვენ რომ გლეხამდე მივალთ, გამოჩნდება, რომ 2-ჯერ და 3-ჯერ უფრო მეტად გაყიდის თავის პროდუქტს, ვიდრე დღეს ყიდის და პლუს გარანტირებულად. ბიოს გამოყენების შემთხვევაში გლეხმა ზუსტად იცის, ვინ როდის მოვა და რამდენს გადაიხდის. გლეხისთვის ეს არის გამოსავალი, მაგრამ აქ აუცილებელია სახელმწიფოს მხარდაჭერა, რომელმაც უნდა გაარეკლამოს ჩვენი სუფთა პროდუქტი.
გლეხს, ტექნიკური ბაზაც, სახსრებიც, მენტალიტეტიც გლეხური აქვს და იძულებულია, მხოლოდ ,,დღევანდელი კვერცხის" პრინციპით იცხოვროს.