„საქსტატის“ ცნობით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 21.2 პროცენტით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1773.7 ლარი შეადგინა. საშუალო ხელფასის სიდიდის მიხედვით თბილისი და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი ლიდერობს.
რასაკვირველია ანაზღაურების ზრდის წინააღმდეგი ქვეყანაში არავინ არის, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ასეთი დადებითი ტენდენციაც კი იწვევს პრობლემას და ის ინფლაციას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ხელფასების მატების ტემპი საკმაოდ უსწრებს ქვეყანაში პროდუქტიულობის ტემპს. ასეთ შემთხვევაში ეს გადადის კომპანიების მიერ რეალიზებული საქონლის ფასში, რაც, თავის მხრივ, ინფლაციაზე მოქმედებს ნეგატიურად. შემდეგ კი მაღალი ინფლაციის პირობებში დასაქმებულები ისევ ითხოვენ ანაზრაურების გაზრდას და იქმნება თავისებური სპირალი.
სწორედ ამაზე ამახვილებს ყურადღებას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი:
„ცენტრალური ბანკებისთვის არის მნიშვნელოვანი ინფლაციის ის კომპონენტი, რომელიც გრძელვადიანია და რომელიც მოთხოვნის მხრიდან წარმოიქმნება და ამიტომ ამაზე არის აუცილებელი რეაგირება. ერთ-ერთი მამოძრავებელი შეიძლება იყოს ხელფასებისა და ფასების სპირალი, როდესაც ხელფასების ზრდა იწვევს უკვე კომპანიებისთვის სარეალიზაციო ფასების ზრდას, რასაც დამატებით მოჰყვება ხელფასის ზრდა და შესაბამისად, ეს სპირალი იქმნება, ამიტომ ეს არის საყურადღებო.
უკვე რამდენიმე კვარტალია, როდესაც ხელფასების ზრდა უფრო მაღალია, ვიდრე პროდუქტიულობის მატება, ეს გამოწვევაა კომპანიებისთვის. ხელფასების ზრდა, რა თქმა უნდა, აუცილებელია, როდესაც დღეს ვხედავთ, რომ ვაკანსიების რაოდენობაა გაზრდილი და კომპანიები მუშახელს ეძებენ. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა შეინარჩუნონ მუშახელი, გაზარდონ ხელფასებიც, მაგრამ ამავე დროს გაზარდონ პროდუქტიულობაც, რომ ხელფასების ზრდამ არ აიძულოთ ფასების ზრდა. ეს იქნება ალბათ ძირითადი გამოწვევა კომპანიებისთვის, რაც ასევე ჩვენ აგვარიდებს, რომ მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული სახით უფრო დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნოთ“, - განაცხადა მესტვირიშვილმა.
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ეთანხმება „პიემსის“ კვლევითი ცენტრის დირექტორიც. გიორგი ხიშტოვანის თქმით, ხელფასების ზრდა დამატებით წნეხს ახდენს ინფლაციის მაჩვენებელზე.
„საქსტატის მონაცემებითაც დასტურდება, რომ დაახლოებით 21%-ზე მეტითაა წლიურ ჭრილში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაზრდილი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. ინფლაციის მაჩვენებელს აჭარბებს ხელფასების ზრდა და რეალურ ზრდას აქვს ადგილი, რაც, თავის მხრივ, მისასალმებელია. მეორე რაც საინტერესოა, უკვე ინფლაციის ჭრილში, რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს ხელფასების ზრდა დამატებით წნეხს ახდენს ინფლაციის მაჩვენებელზე. რადგან ჩვენ ვიცით, რომ მაღალი წნეხი არის ინფლაციის გრძელვადიანად შენარჩუნების ერთ-ერთი მიზეზი. ამაზე მეტყველებს სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება.
ერთი მხრივ, დადებით მოვლენასთან გვაქვს შეხება, მაგრამ, მეორე მხრივ, ხელფასების წლიური 21.2%-იანი ზრდის პირობებში ძალიან რთული იქნება ინფლაციის მიზნობრივ 3-4%-იან მაჩვენებელზე ჩამოყვანა. განვითარებული ქვეყნების დიდი ნაწილი ებრძვის მაღალ ინფლაციას. ამ შემთხვევაში საკითხის გადაწყვეტა არის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა. რამდენიმე დღის წინ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ეს არის ინსტრუმენტი ეკონომიკის აქტივობის შესაჩერებლად, რათა ცენტრალური ბანკი მზარდ ინფლაციას გაუმკლავდეს.
გარედან ყველაფერი კარგად ჩანს - ეკონომიკა და ხელფასები იზრდება, მაგრამ ამავე დროს არის რისკები, რადგან კითხვის ნიშნებია - რამდენად მდგრადია ეკონომიკური ზრდა და ხელფასები? პროდუქტიულობის ზრდის საფუძველზე მოხდა ზრდა თუ ეკონომიკაში ემისიამ დროებითი ბუმი გამომიწვია“, - განაცხადა „პიემსის“ კვლევითი ცენტრის დირექტორმა გიორგი ხიშტოვანმა.