შტირლიცი, მაშასადამე – მინისტრი

შტირლიცი, მაშასადამე – მინისტრი

შესაძლოა, იმის გამო, რომ ექიმის რეცეპტის გარეშე აფთიაქებში წამლის გაყიდვის აკრძალვის ინიციატივა ნაცარში ჩაუვარდა, ამ ჩვენმა ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტებს სხვა მხრიდან შემოუარა. სახელდობრ, გასული წლის 7 დეკემბერს ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც: ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა დამონტაჟდეს როგორც აფთიაქის გარე, ისე შიდა ფასადზე. რაც მთავარია, ეს სისტემა პირდაპირ ჩვენს შსს-სთან იქნება დაკავშირებული.

ზემოხსენებულმა ინიციატივამ არასამთავრობოთა მძაფრი პროტესტი გამოიწვია: ჯერ ერთი, იმის გამო, რომ პაციენტისა და ფარმაცევტის საუბარი საჯარო ხდება (ექიმისა და პაციენტის ურთიერთობა კი კონფიდენციალურიაო) და, მეორეც, აფთიაქის მეპატრონეები, ცხადზე უცხადესია, ვიდეოსათვალთვალო სისტემის დაყენებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს წამლის ფასზე ასახავენ, ხოლო მცირე აფთიაქები, სავარაუდოდ, გაკოტრდებიან, რადგან ძვირად ღირებული სისტემის შეძენას ვერ მოახერხებენ.

საბოლოოდ კი, მომხმარებლებს ხელში გაძვირებული მედიკამენტები შერჩებათ, თუმცა აი, იმას კი, რა (შესაძლოა – ვინ) შერჩებათ ხელში ჩვენს სამართალდამცველებს (პაციენტებისა და ფარმაცევტების საუბრების ცოცხალ რეჟიმში მოსმენით), მხოლოდ დრო თუ დაგვანახვებს. მეორე მხრივ (თუ მოსალოდნელ გარდაუვალ გაძვირებას გვერდზე გადავდებთ), შესაძლოა, ეს ნოვაცია დემოკრატიის გამყარების საშუალებადაც მივიჩნიოთ იმ მარტივი მიზეზით, რომ საქართველოს დაავადმყოფებული მოქალაქეების ცხოვრება სავსებით გამჭვირვალე და, სადაც ჯერ არს, მისაწვდომი გახდება.

ერთი სიტყვით, დაახლოებით, შემდეგნაირი საწამლო მომავალი „გვეჯღანება“:

მან მაღლა აიხედა… „შტირლიცი“ (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, მინისტრი) – გაიფიქრეს ბატებმა (ანუ პაციენტებმა); „ბატები“ (ესე იგი, პაციენტები) – გაიფიქრა შტირლიცმა (მაშასადამე, მინისტრმა).