წისქვილკომბინატები გაჩერდა. უკვე მთავრობაც ადასტურებს, რომ მათი მდგომარეობა არის კრიტიკული, შესაბამისად, გამოსავალი უნდა მოიძებნოს. მუშავდება 3 ვარიანტი და მალე ცნობილი გახდება, რა გზას აირჩევს ხელისუფლბა, რომ არც წისქვილები დაზარალდნენ, არც მეპურეები და არც მოსახლეობა.
ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ საქართველოს მთვარობას შეთავაზებით კიდევ მიმართა, რომლის განხორციელების შემთხვევაში რამდენიმე გარანტიას ასახელებს. გაერთიანებაში ამტკიცებენ, რომ შეთავაზება მისაღებია როგორც სახელმწიფოსათვის, ასევე წისქვილკომბინატების, პურის მწარმოებელი ინდუსტრიის, ფერმერების და მოსახლეობისათვის.
შეთავაზება გულისხმობს: დაწესდეს დამაბალანსებელი საიმპორტო მოსაკრებელი იმპორტირებულ ფქვილზე, რაც გაათანაბრებს ფქვილისა და ხორბლის იმპორტის საგადასახადო რეჟიმებს. ამ შემთხვევაში წისქვილკომბინატები შეძლებენ მუშაობის განახლებას და იკისრებენ შემდეგ ვალდებულებებს:
- წისქვილკომბინატების მიერ ე.წ. „მასობრივი მოხმარების“ პურზე ფასის გარანტირებულ შენარჩუნებას.
- ადგილობრივი ფერმერებისაგან 2022 წლიდან დარჩენილი ჩაუბარებელი ხორბლის მოსავლის გარანტირებული შესყიდვას ხარისხების შესაბამის ფასად (დღეს წისქვილების გაჩერების ფონზე, ხორბლის შესყიდვის შეთავაზებული ფასი საერთოდ არ არსებობს) - რაც შეჩერებული საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებას უზრუნველყოფს.
- ქვეყანის სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას (ხორბლით 2-თვიანი გარდამავალი მარაგების შექმნით).
„იგივე ტალღაში შევედით. ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა. შარშანდელი სიტუაცია მეორდება. მიზეზი რუსულ ხორბალზე არსებული საექსპორტო ბაჟია მაშინ, როდესაც ფქვილზე ეს ბაჟი არ მოქმედებს. შარშანდელთან შედარებით ამას დაემატა ის, რომ ადგილობრივ ფერმერებში გასული სეზონის მოსავალია დაგროვებული და ისინი წისქვილებს ვერ აბარებენ, რადგან წარმოება გაჩერდა. შესაბამისად, ეს ჯაჭვურ რეაქციას იწვევს და ფერმერები ახალი მოსავლის მიღებისთვის მზადებას ვერ იწყებენ“, - განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან სილაგავამ და დასძინა, რომ რამდენიმე ხნის წინ მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაცია შეიქმნა, რომელმაც არსებული პრობლემების შესახებ საქართველოს მთავრობა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქმის კურსში ჩააყენა.
„თუ ისინი ვერ გაყიდიან თავის ხორბალს, არ ექნებათ იმის რესურსი, რომ ხორბლის მოსაყვანად საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყონ და ქვეყანაში მოსავლის რაოდენობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება“, - განაცხადა სილაგავამ.
ახლა პრობლემა ისიცაა, რომ გაჩერებული წისქვილკომბინატები ადგილობრივ ნედლეულს ვერ იბარებენ, რაც ფერმერების საქმიანობასაც აფერხებს. მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკოლოზ ბენიაიძის ინფორმაციით, ზუსტ რიცხვებზე საუბარი რთულია, თუმცა მათი გათვლებით რეალიზაციის პრობლემა 30-40 ათას ტონა ხორბალს აქვს.
„პრობლემები გამომდინარეობს იქიდან, რომ ფქვილი შემოდის ქვეყანაში ეს ფქვილი რუსეთიდან მოდის და რუსეთი ამუშავებს თავის წისქვილკომბინატებს. ხორბალზე დააწესა მოსაკრებელი, რომელიც არ ვრცელდება ფქვილზე. უკონკურენტო გახდა ფქვილი და იმპორტიორებს ურჩევნიათ შემოიტანონ პირდაპირ ფქვილი. ფერმერი კოტრდება, წისქვილკომბინატი ჩერდება.
ფაქტობრივად, წისქვილები გაჩერებულია რომ ვერ შემოდის ხორბალი. ქართული ხორბალიც, რომელსაც რაღაც პროცენტულობით ურევდნენ, ესეც შეჩერებულია. მთლიანად ჯაჭვი დაზარალდა. ჩვენ მინისტრთან გვქონდა კომუნიკაცია და ველოდებით გადაწყვეტილებას. დაახლოებით, 30-40 ათასი ტონა ხორბალი უნდა იყოს გაჩერებული“, - განაცხადა მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ.
იგი ფქვილის იმპორტზე გადასახადის დაწესებას ემხრობა, თუმცა ფერმერების მხარდასაჭერად დამატებით მექანიზმებზეც საუბრობს.
„ერთ გამოსავალს ფქვილზე იმპორტის გადასახადის დაწესებაში ვხედავთ, იმისთვის, რომ ხორბლის შემოტანა დაიწყონ იმპორტიორებმა. ეს არ აისახება პურის ფასზე, რომელიც საქართველოში ისედაც მაღალია. ამ გადაწყვეტილებით გადარჩებიან ფერმერები და ამუშავდება წისქვილკომბინატები.
მეორე გამოსავალი სიტუაციიდან არის ის, რომ რაღაც პერიოდულობით, სეზონურობით იყოს შეზღუდული იმპორტი სხვადასხვა ქვეყნებიდან, სანამ რეალიზება არ მოხდება, იმ რაოდენობის, რაც ქვეყანაში მოგვყავს, ან დაწესდეს რაღაც კვოტები, რომ კონკრეტული რაოდენობების შესყიდვა ადგილობრივი ფერმერებისგან მოხდეს“, - განაცხადა მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ.
მთავრობას კი ახლა 3 ვარიანტი აქვს, საიდანაც საბოლოოდ ხელისუფლება აარჩევს და დააბალანსებს იმ შესაძლებლობას, რათა თითოეულმა სეგმენტმა თავის ადგილი ნახოს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანაშვილი აცხადებს, რომ სამინისტრო არის მუდმივ დიალოგში თითოეულ მიმართულებასთან. უმთავრესი თემაა, რაც შეიძლება მაქსიმალურად გაიზარდოს ადგილზე ხორბლის წარმოება, თანაც სახელმწიფოს ინტერესშია, რომ აქ წარმოებული ხორბალი გაიყიდოს მისაღებ ფასად.
„დღეისთვის, შეიძლება ითქვას, რომ ნონსენსია, მაგრამ, 1 ტონა ფქვილი უფრო იაფად შემოდის ქვეყანაში, ვიდრე 1 ტონა ხორბალი. ამან გამოიწვია ის, რომ წისქვილები საერთოდ ვეღარ მუშაობენ. უკვე ვმუშაობთ ამაზე და იმედი მაქვს, მთავრობის გადაწყვეტილება ძალიან მალე იქნება. უკვე შეგვიძლია, არსებული საფასო პოლიტიკის პირობებში (რომელიც პურზე არის ჩამოყალიბებული), მოხდეს ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც დააბალანსებს ფქვილის იმპორტის და ხორბლის შემოტანას ისეთი მდგომარეობით, რაც საშუალებას მოგვცემს, შევინარჩუნოთ იმპორტირებული ფქვილიც, ადგილზეც ვაწარმოოთ, ანუ წისქვილები ამუშავდნენ, რაც საშუალებას მისცემს ფერმერებს, რომ ადგილზე გაყიდონ ხორბალი.
3 ვარიანტი გვაქვს, არ მინდა მოვლენებს გავუსწრო, რომელს აარჩევს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი არგუმენტები. ეს არის ვარიანტები, საიდანაც საბოლოოდ ხელისუფლება აარჩევს და დააბალანსებს ამ შესაძლებლობას, რომ თითოეულმა სეგმენტმა თავის ადგილი ნახოს.
დღეს, ყველაფერი გადაიხარა იქით, რომ წისქვილებს არანაირი სუნთქვის საშუალება არ აქვთ. იყო პერიოდი, როდესაც წისქვილების ინტერესი ილახებოდა, მაგრამ მათ გარკვეული საშუალება ჰქონდათ, რომ ემუშავათ, მიეწოდებინათ სექტორისთვის პირველი ხარისხის ფქვილი, ნაკლები რაოდენობით უმაღლესი ხარისხის ფქვილი, ქატო ყოფილიყო წარმოებული და ა.შ. მიმდინარე ეტაპზე მდგომარეობა არის აბსოლუტურად კრიტიკული. დღეს არის შესაძლებლობა, რომ ეს სამივე კომპონენტი დაკმაყოფილდეს“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა გადაცემაში „საქმე“.
თორემ, ამათი ლოგიკით, ასე გამოვიდა: წისქვილკომბინატები გაჩერდა, რადგან ხორბალი აღარ შემოდის და ქართული ხორბალი ჩაწვა და აღარ იფქვება, რადგან წისქვილკომბინატები გაჩერდა.
და ამ ეტაპზე, შეზღუდული რაოდენობის კომბინატებმა რომ იმუშავონ ქართულ ხორბალზე, ეგრე ვერა?