ქვეყანას ჯერჯერობით საინვესტიციო ნახტომი აქვს, მაგრამ რამდენად მოხერხდება მისი შენარჩუნება, ეს მეორე საკითხია. პოლიტიკურმა დაძაბულობამ მცირე ეჭვები გააჩინა, თუმცა ამ ეტაპზე ინვესტორები საგანგაშოს მაინც ვერაფერს ხედავენ.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება. ზრდა განპირობებულია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ორი კომპონენტის - სააქციო კაპიტალისა და რეინვესტიციის მაჩვენებლის გაზრდით.
2022 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.5 პროცენტი შეადგინა. 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 2022 წელს 48.0 პროცენტი შეადგინა. პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 21.4 პროცენტით, მეორეზე - ესპანეთი 18.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე - აშშ 8.2 პროცენტით.
შარშანდელი მიღწევა ძალიან კარგია, მაგრამ ახლა მისი შენარჩუნებაა საჭირო. ამ დროს კი ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება დაიძაბა, რაც, პირველ რიგში, სწორედ ინვესტიციებს ამუხრუჭებს. სწორედ ამაზე საუბრობს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია, რომლის აზრითაც თუ პოლიტიკური დაძაბულობა გაგრძელდება, ვითარება მნიშვნელოვნად შეიცვლება.
„ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან კაპიტალი როდესაც შემოდის, ამ დროს, ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობაა. ქვეყანაში დაძაბული ვითარებაა და ინვესტორები ხედავენ, რომ მთავრობას არ უჭირავს დასავლური კურსი, ასევე მაღალია ინფლაცია. შესაბამისად, ასეთ ვითარებაში ყველა მსხვილი ინვესტორი თავს შეიკავებს ინვესტიციის განხორციელებისგან.
გავიხსენებ ერთ მაგალითს, როცა რამდენიმე წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა შემოდგომაზე, მაშინ მესამე კვარტალში ინვესტიციები შემცირდა, რადგან ბიზნესი ელოდებოდა პოლიტიკურ ცვლილებას ქვეყანაში. საქართველოში ისეთი სიტუაციია, რომ რა პოლიტიკური სიტუაციაც იქნება ქვეყანაში, ისაა მთავარი ფაქტორი ეკონომიკისთვის.
რამდენიმედღიან პოლიტიკურ დაძაბულობას ცხადია, არ მოჰყვება მძიმე შედეგები, მაგრამ თუ გაგრძელდა, ახალი ინვესტიციები კი არა, არსებული კომპანიებიც იტყვიან უარს და გავლენ ქვეყნიდან. თუმცა, ეს ვითარება მაინც არის ნეგატიური სიგნალი ევროპისთვის“, - განაცხადა მაკალათიამ.
დაახლოებით იგივე აზრს ავითარებს „თიბისი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი პაატა ღაძაძე. მისი შეფასებით, უცხოური ინვესტიციები მიდის იქ, სადაც არის სტაბილურობა, მშვიდობა და ადეკვატური საკანონმდებლო ბაზა.
„ინვესტიციების მოზიდვა რაღაც ფორმით არის ხელისუფლების გასაკეთებელი, მეორე კუთხით კი ბიზნესისა და ინდივიდების. აქ ერთგვარი ჰარმონიაა საჭირო, ყველას თავის კონტრიბუცია აქვს შესატანი, როგორც საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, ისე სხვა საკითხებშიც.
საჭიროა საკუთრების შესაბამისი დაცულობა, ადამიანის ხელშეუხებლობა, პიროვნების თავისუფლების ხელშეუხებლობა, ნაკლები ბარიერები, როგორც ბიზნესის შექმნის, ისე შემდგომში მისი განვითარების პროცესში, - ასე მოდის ინვესტიციები, უცხოურიც და ადგილობრივიც
შესაძლოა, უცხოური ინვესტიციები დუბაისთვის ან აღმოსავლეთ ევროპის რომელიმე ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი არაა, მაგრამ ჩვენთვის ამას კრიტიკული მნიშვნელობა აქვს.
აუცილებელია ინფრასტრუქტურის - გზების, ხიდების, გვირაბების, ენერგეტიკის, კავშირ გაბმულობის სისტემის, პორტებისა და მგზავრთნაკადებისათვის უსაფრთხოების სისტემის შექმნა, - აი ამაზეა მთავარი აქცენტი გასაკეთებელი“, - აღნიშნა „ბიემ.ჯის“-თან საუბრისას პაატა ღაძაძემ.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ ყველანაირი მოცულობის ინვესტიცია, თუნდაც 1-2-მილიონიანი, ერთნაირად აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის, ხოლო რაც შეეხება სახელმწიფო დახმარებებს, ამ კუთხითაც საჭიროა ახალი კონტაქტების მოძიება და გაფართოება.