ინფლაცია და მინიმუმი მაქსიმალურ დონეზე

ინფლაცია და მინიმუმი მაქსიმალურ დონეზე

ინფლაცია და საარსებო მინიმუმი მხრადამხარ იზრდება. ყველაზე მძიმე მდგომარეობა გაზაფხულის პირას დაფიქსრიდება. ჯერჯერობით, კი საარსებო მინიმუმმა უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 149,6 ლარი შეადგინა. 

 

„საქსტატის“ მონაცემებით, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი გასული წლის ანალოგიურ თვესთან მიმართებაში მნიშვნელოვნად, 18.6%-ით გაიზარდა. „ზრდის ტენდენცია განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო 2010 წლის აგვისტოდან, რაც დიდწილად განპირობებული იყო სასურსათო პროდუქტებზე ფასების მატებით“, - აცხადებენ „საქსტატში“.

 

აქედან გამოდინარე, საარსებო მინიმუმი შემდეგ თვეებში კიდევ გაიზრდება, რადგანაც ინფლაციური პროცესები საქართველოში მუდმივად მზარდია. შარშან საქართველოში კატასტროფულად მცირე მოსავალი მოვიდა, მარაგები უკვე ამოწურულია. შემდეგ მოსავლამდე მინიმუმ 4-5 თვე არის დარჩენილი. ესე იგი სასურსათო პროდუქტებზე ფასები ისევ გაიზრდება, რასაც ავტომატურად მიჰყვება საარსებო მინიმუმის ზრდა. ამ ყველაფრის მაპროვოცირებელი კი ინფლაციაა, რომელიც უკვე არნახულ მასშტაბებს აღწევს.

 

ეკონომიკის ექსპერტის დემურ გიორხელიძის შეფასებით, საქართველოში ინფლაციის დონე ისეთ ზღვრზეა, რომ მსოფლიოში მისი ანალოგი არ გააჩნია. ოფიციალური მონაცემებით, საარსებო მინიმუმმა 150 ლარს მიაღწია, მაგრამ რეალურად ეს ციფრი უფრო მაღალია. ამიტომ შეუძლებელია ქვეყანაში სიღატაკის მაჩვენებელმა დაიკლოს.

 

„მით უმეტეს 60 პროცენტით, როგორც ეს პრეზიდენტმა განაცხადა აშშ-ში ვიზიტისას. პირიქით, სიღატაკის ზღვარს ქვემოთ მყოფი ადამიანების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა“, - აცხადებს გიორხელიძე.

 

ექსპერტი ზუსტ მიზეზს ვერ აკონკრეტებს თუ რაში დაჭირდა ხელისუფლებას ასეთი ციფრის დასახელება, თუმცა დასძენს, რომ ეს სოციალური აფეთქების შიშით არ იყო გამოწვეული.

 

„არა მგონია სოციალური აფეთქების ეშინოდეს და ამიტომ მალავდეს. ქართველ ხალხი ასეთი პოტენციალის მატარებელი არ არის.  ეს შესანიშნავად იციან. გარკვეულ წრეებში ასეთი სიცრუე გაღიზიანებას და პროტესტს გამოიწვევს, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ცვლის. მერწმუნეთ, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მაინც აღფრთოვანებულია ხელისუფლების ქმედებებით. მთავრობაში მით უმეტეს არ აწუხებთ ხალხის პრობლემები, რადგან საკმაოდ კარგად ცხოვრობენ და სხვების პრობლემებსაც ვარდისფერი სათვალით შესცქერიან“, - აცხადებს გიორხელიძე.

 

მისი აზრით, რა თქმა უნდა, როცა საერთაშორისო თანამეგობრობას უმტკიცებ სიღარიბემ 60 პროცენტით დაიწიაო, ფულადი დახმარების გამოყოფა შემცირდება, თუმცა ამან ქვეყანას, შესაძლოა, უკეთესი შედეგი მოუტანოს.

 

„მე პირადად მიმაჩნია რომ საერთაშორისო თანამეგობრობა რაც უფრო მალე შეწყვეტს საქართველოსთვის მუქთა ფულის მიცემას, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის, რადგან მაშინ ხელისუფლება იძულებული გხადება საკუთარი რესურსით რეალური გადაწყვეტილებები მიიღოს.  რომ არა ეს დახმარებები, ჩვენ გაცილებით ადრე მივიდოდით გონიერ გადაწყვეტილებამდე, მუქთი დახმარებები ეს არის ნარკომანისთვის მუდმივი დოზა. სამწუხარო ისაა, რომ ჯერ კიდევ არ ჩანს ის პოლიტიკა, რომელიც ყველაზე მძიმე პრობლემის - სიღარიბის დაძლევისკენ იქნებოდა მიმართული“, - განაცხადა გიორხელიძემ.