მომავალი წლიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები ქვეყანაში ვეღარ შემოვა

მომავალი წლიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილები ქვეყანაში ვეღარ შემოვა

საქართველოს მთავრობა 2024 წლიდან ქვეყანაში დიდი წლოვანების ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას აპირებს. საქმე ეხება „ევრო 5“-ის სავალდებულო სტანდარტის დანერგვას, რომლის მიხედვითაც მასზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა მომავალი წლიდან აიკრძალება. ეს ნიშნავს, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. საკითხი განხილულია და მთავრობის ეკონომიკურმა საბჭომ მოიწონა კიდეც.

„ამ ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს“,- ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტოიმპორტიორებს და ავტოიმპორტიორთა ასოციაციას ამ საკითხთან დაკავშირებით მკვეთრად უარყოფითი პოზიცია არ აქვთ, თუმცა საკუთარ შენიშვნებს აქედანვე გამოთქვამენ. ასოციაციის ხელმძღვანელის ლაშა დარბაისელის აზრით, 2013 წელს ქვემოთ წლოვანების ავტომობილების იმპორტის შეზღუდვით დაზარალდება როგორც ინდუსტრია, ისე თავად მოქალაქეების ის სეგმენტი, რომლებსაც ახალი ავტომობილების შეძენის შესაძლებლობა არ აქვთ.

„ვთვლი, ჯერ საქართველოს მოქალაქეები მზად არ არიან ასეთი მკაფიო ცვლილებებისთვის. 2013 წლის ქვემოთ წლოვანების ავტომობილებს დაახლოებით 30-40% უჭირავს მთლიან იმპორტში. შესაბამისად ძალიან დაზარალდებიან ავტოიმპორტიორები.

რეგულაცია უნდა მივიღოთ იმ ფორმით, რომელიც გამოასწორებს დღეს გაუსაძლის მდგომარეობას, თუმცა უნდა ვეცადოთ, არც მომხმარებელი და არც ბიზნესი დავაზიანოთ. ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ავტომობილის მდგომარეობის განსაზღვრა მხოლოდ წლოვანებით.

ჩვენ დამოკიდებული ვართ რეექსპორტზე, მაგრამ ამ ცვლილებების შემდეგ უფრო მეტად გავხდებით რეექსპორტზე დამოკიდებულები. დავკარგადვთ იმ უცხოელ დილერებს, რომელთაც საქართველოდან გაჰყავდათ მათ შორის განბაჟებული ავტომობილები. ამ მცირე კატეგორიას დავკარგავთ“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ დარბაისელმა.

კომპანია „კავკასიის ავტოიმპორტის“ გაყიდვების დირექტორის განცხადებით, მათი კომპანიის იმპორტში 2013 წელს ქვემოთ წლოვანების ავტომობილებს 10-11% უჭირავს. იქიდან გამომდინარე, რომ ევრო-5 სტანდარტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედებს. მთავარი კითხვა, რაც დაანონსებულ ცვლილებებთან დაკავშირებით ბიზნესს აქვს, ისაა, რა ფორმით შეეხება რეგულაცია ამერიკიდან ავტომობილების იმპორტს, რადგან შტატებში ევროკავშირისგან განსხვავებული სტანდარტები მოქმედებს.

„ევროსტანდარტი არის სრულად ევროპის ქვეყნებში გავრცელებული, ძირითადად, საუბარია გამონაბოლქვზე და მასში მძიმე მეტალებისა და ა.შ რაოდენობაზე, რაც ეკოლოგიისთვის არის მნიშვნელოვანი. ასეთივე სტანდარტები არსებობს შტატებში, თუმცა განსხვავდება მიდგომები. შინაარსობრივად რომ ჩავხედოთ „ევრო 5“ სტანდარტს და იგივე აშშ-ში დანერგილ სტანდარტებს, პრაქტიკულად კვეთა აქვს ძალიან ბევრ პუნქტს, თუმცა არის განსხვავებებიც, ჩვენ დანერგვა ისე უნდა მოვახდინოთ საქართველოში, რომ მოვერგოთ ეკოლოგიურ სტანდარტებსაც, თუმცა არ იყოს მკაცრად შეზღუდული ევროსტანდარტი, რადგან ჩვენ ძირითადად შტატებიდან ჩამოგვყავს ავტომობილები, ამიტომ ამან არ უნდა შეზღუდოს იმპორტი და არ უნდა ავნოს ბიზნესს.

ინიციატივას ცალსახად ვემხრობით, თუმცა ინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართვაც, რომ სწორად მოხდეს დანერგვა და არ შეუქმნას ბიზნესს პრობლემები“, - აღნიშნა ალექსანდრე ვეკუამ „კავკასიის ავტოიმპორტის“ გაყიდვების დირექტორმა.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ევრო 5“ სტანდარტი და წლოვანების შეზღუდვა ავტომობილების რეექსპორტს არ შეეხება. ცვლილებებთან დაკავშირებით ტექნიკური რეგლამენტი უკვე მზადაა, რომელიც უახლოეს მომავალში დასამტკიცებლად მთავრობას გადაეგზავნება. უცნობია, როგორ მოხდება რეგულაციის აღსრულება და საზღვარზე ავტომობილების პირველადი რეგისტრაციის გაკონტროლება, რომ ქვეყნის ავტოპარკში „ევრო 5“-ზე დაბალი სტანდარტის ავტომობილი ვეღარ დარეგისტრირდეს.