სურსათზე ზემაღალი ფასების შენარჩუნების პრობლემაში ძირითადი დამნაშავე გამოკვეთილია. როგორც ჩანს, სამომხმარებლო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობა სავაჭრო ქსელებსა და საცალო სექტორს ბრალდება. მათკენ უკვე თამამად იშვერენ ხელს როგორც კვლევითი ორგანიზაციები, ასევე ეკონომისტები.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია ეხმაურება ბოლო პერიოდში სურსათზე მაღალ ფასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებსა თუ ინიციატივებს და მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს. როგორც აფბა-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სრულიად გასაგებია საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი სურსათის ფასებთან მიმართებაში.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ აფბა ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებოდა და ეკიდება ქვეყანაში ფასების საერთო დონესა და ინფლაციასთან დაკავშირებულ პროცესებს. იმდენად, რამდენადაც ჩვენი მოსახლეობისთვის ეს საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს.
ორგანიზაცია განსაკუთრებული ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი გადაცემა აქვთ ფასების საერთო დონეზე, განსაკუთრებით კი სასურსათო პროდუქციაზე, ვინაიდან ჩვენი ეკონომიკის თავისებურებიდან გამომდინარე, სასურსათო პროდუქტების წილი, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სამომხმარებლო კალათაში და მისი წილი 30%-ს აღმატება.
განსაკუთრებული ყურადღება პროცესმა მას შემდეგ მიიქცია, რაც კონკურენციის სააგენტოს მიერ, პრემიერის სპეციალური დავალების შედეგად ჩატარებული, სურსათის ბაზრის კვლევის შედეგად, აღმოჩნდა, რომ სასურსათო პროდუქციის იმპორტისას, მთელ რიგ ხშირ შემთხვევებში, მარჟა 100%-საც უტოლდებოდა.
თუ დავაკვირდებით სურსათის ფასების გლობალურ ინდექსს (ფაო), რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში განუხრელად მცირდება. ასევე, თუ მხედველობაში მივიღებთ ეროვნული ვალუტის კურსს, რომელიც ამავე პერიოდში საშუალოდ 18-19%-ით არის გამყარებულ, აშშ დოლართან მიმართებაში, სავსებით ლოგიკური და გასაგებია საზოგადოების ჯანსაღი პროტესტი სურსათის ფასების, პრაქტიკულად ძველ ნიშნულზე შენარჩუნების გამო“, - აცხადებენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.
ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ პროცესში მწარმოებლებსა და რითეილ სექტორს შორის არსებული ურთიერთობები არ უნდა დავივიწყოთ, სადაც, ბევრი სპეციფიკური პრობლემა ფიქსირდება და ეს პრობლემები ასევე გახლავთ სურსათზე მაღალი ფასების არსებობისა და კონკურენციის ხელშემშლელი ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც.
„რითეილ სექტორი მეწარმეებს სოლიდურ თანხას სთხოვს პროდუქციის საკუთარ დახლებზე განთავსების სანაცვლოდ. ამ არაფორმალურ გადასახადს სავაჭრო ქსელები მწარმოებლებისა და იმპორტიორების მხრიდან ე.წ. გარანტიად ითხოვს. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ადგილობრივ მწარმოებელს, განსაკუთრებით კი მცირე მეწარმეებს, რომლებსაც საბრუნავი თანხის პრობლემაც კი აქვთ ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ფინანსური გარანტიების გაღება არ შეუძლიათ. მით უმეტეს, როდესაც რითეილ სექტორი ყველა ფილიალზე ცალ-ცალკე ითხოვს საკმაოდ სოლიდურ საგარანტიო თანხას.
შესაბამისად, რითეილ სექტორის ამგვარი მიდგომა მნიშვნელოვნად ზღუდავს ბაზარზე კონკურენციას და არათანაბარ პირობებში აყენებს მცირე და დიდ მიმწოდებლებს. ეს, საბოლოო ჯამში, გავლენას ახდენს ფასებზეც.
იმდენად, რამდენადაც მთავრობა სავაჭრო ურთიერთობების რეგულირებას „სამართლიანი ვაჭრობის შესახებ ევროდირექტივის“ მოთხოვნათა შესაბამისად განიხილავს, აფბა მოუწოდებს მთავრობას ევროკავშირის ამ კანონის განხილვისას მხედველობაში მიიღოს ჩვენს მიერ იდენტიფიცირებული პრობლემა და ყველა მწარმოებელს მისცეს თანაბრად განვითარების საშუალება, რაც თავის მხრივ გააჯანსაღებს ბაზარს და გაზრდის არსებულ კონკურენციას.
ასევე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ „აფბა“ ცალსახად ემიჯნება რაიმე ფორმით ღია ბაზარზე ჩარევის პოლიტიკას და ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას მხოლოდ და მხოლოდ ღია და თავისუფალი ბაზრისთვის დამახასიათებელი ინსტრუმენტების გამოყენებით მიესალმება“, - განმარტავენ ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში.
როგორ ჩანს, პროდუქციაზე მაღალი ფასების შენარჩუნების სიმძიმის ცენტრი სავაჭრო ქსელებისკენ იხრება. ანალიტიკოსები და ეკონომისტებიც სწორედ მათკენ იშვერენ ხელს, როგორც კი ზღვარსგადასულ ფასებზე იწყება საუბარი.
„სამართლიანი ეკონომიკის ინსტიტუტის“ დამფუძნებელი ბექა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ სუპერმარკეტებსა და მეწარმეებს შორის ურთიერთობის დარეგულირება სურსათს გააიაფებს. ამიტომ მეწარმეებს მარკეტებში შესვლის გადასახადი უნდა გაუუქმდეთ და ასევე გადახდის ვადები დარეგულირდეს.
„მეწარმეები იძულებულები ხდებიან, ხშირ შემთხვევაში, 18-20%-იანი ფასნამატით შეიტანონ პროდუქტი სუპერმარკეტებში, რადგან ელემენტარული რისკები დაიზღვიონ, რომ წაგებაში არ დარჩნენ. ეს რიკები იმაში მდგომარეობს, რომ მაგალითად, როდესაც პროდუქტი შეაქვს მეწარმეს სუპერმარკეტი გადახდას უგვიანებს. ასევე, სუპერმარკეტმა პროდუქტი თუ შეგატანინა და დახლზე დაგადებინა, გაყიდის თუ არა, მას შემტანი მოჭრილ გადასახადს მაინც უხდის. ძირითადი პრობლემაა გადახდის ვადები. სუპერმარკეტი იმიტომ აგვიანებს გადახდას, რომ სხვისი ფულით ახალი ფილიალი გახსნას. მისი ბიზნესი იზრდება, მაგრამ მეწარმე რომელიც უფრო მეტ ადამიანს ასაქმებს, ზარალდება. ჩვენი რეკომენდაციაა, რომ შესვლის გადასახადი გაუქმდეს და გადახდის ვადები დარეგულირდეს.
ეს ადგილობრივ მეწარმეს დაეხმარება, რომ გათვლადი იყოს მისი ურთიერთობა მარკეტთან. შეუმცირებს ხარჯებს, რადგან რისკების დაზღვევისთვის ბანკში მისვლა ან სხვა ფასნამატის დადება საკუთარ პროდუქტზე აღარ დაჭირდება და პროდუქტს გააიაფებს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ბიზნესები შეუსაბამოდ მაღალი ფასნამატისთვის გააკრიტიკა და თქვა, რომ მთავრობა ბაზარზე სურსათის ფასების შემცირებისთვის ნაბიჯებს გადადგამდა. ეკონომიკური გუნდის წევრებმა დავალება მიიღეს, რომ ფასების „რეგულირებისთვის“ ახალ კანონპროექტზე ემუშავათ. ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული საკითხი ევროკავშირის მიერ 2019 წელს მიღებულ დირექტივაზე დაფუძნებული კანონით უნდა მოგვარდეს. თავად ეს დირექტივა კი „ფასნამატს“ ან „მარჟებს“ არ უკავშირდება და ის სასურსათო ნედლეულის პირველად მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობებს აწესრიგებს.