მთავრობამ ბოლო 2-3 კვირის ეკონომიკური შედეგები შეაჯამა, რაც, ძირითადად, დაკავშირებული იყო ფასებისა და ინფლაციის შემცირების პოლიტიკასთან და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებთან. გარკვეული მიღწევები ამ მიმართულებით არის, მაგრამ სასურველ მაჩვენებლამდე მისაღწევად დიდი მუშაობა იქნება საჭირო. თანაც გასაძლიერებელია კონტროლი, რადგან ადგილობრივი ბიზნესმენები ჩასაფრებულ პოზიციაში არიან და ყურადღების მოდუნებისთანავე ცდილობენ ზედმეტი სარგებელი მიიღონ.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, თებერვლის თვეში საწვავზე 30-40 თეთრიანი კლება დაფიქსირდა. ეს უდავოდ დადებითი ფაქტია, მაგრამ ახლა მნიშვნელოვანია, ფასები შემცირდეს და ძირითადი მოხმარების პროდუქტები არაგონივრული, მაღალი მარჟებით არ იყიდებოდეს. ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც გამახვილდა ყურადღება.
„ეკონომიკური საბჭოს მონაწილეებმა ტექნიკური დავალების შემუშავების პროცესი მიმოიხილეს. სხდომის მონაწილეებმა იმსჯელეს ევრო 5-ის ავტომობილების სავალდებულო სტანდარტის დანერგვაზე, რომლის მიხედვითაც ევრო 5-ზე დაბალი სტანდარტის მანქანების შემოყვანა 2024 წლიდან შეიზღუდება, რაც თავის მხრივ, 2013 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება. ამ ინიციატივის განხორციელება, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
აღინიშნა, რომ ქვეყანაში უკვე არსებული რეგულაციებით, ახალი მანქანების შემოსვლა სტიმულირებული იყო, ახალი სტანდარტის დანერგვა კი მნიშვნელოვანია ატმოსფერული ჰაერის გაუმჯობესებისთვის.
საუბარი შეეხო ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებელს. აღინიშნა, რომ 2023 წლის იანვრის ეკონომიკური ზრდა განსაკუთრებით აღსანიშნავია, მაღალი საბაზო ეფექტის ფონზე. როგორც სხდომის წევრებმა აღნიშნეს, წინა წლის იანვარშიც მაღალი - 18%-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით კი რეალური მშპ 8,4%-ით გაიზარდა.
მიუხედავად ყველაფრისა, უნდა ითქვას, რომ ფასების ინდექსი ჯერ ისევ მაღალ ნიშნულზე რჩება. მართალია, 2023 წლის თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 8.1 პროცენტი შეადგინა, წინა თვესთან შედარებით ფასების დონე 0.3 პროცენტით შემცირდა, მაგრამ მიზნობრივი მაჩვენებლისგან იგი ძალიან დაშორებულია.
„საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა და 2022 წლის მაისის შემდეგ, ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს. წინა თვესთან შედარებით ფასების დონის კლება ნათლად მიანიშნებს, რომ ინფლაციური ზეწოლა მნიშვნელოვნად შემცირებულია“, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის პრესრელიზში.
ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (აფბა) ვიცე-პრეზიდენტმა, პაატა ბაირახტარმა სწორედ ფასებზე და ინფლაციაზე ამახვილებს ყურადღებას. მან იმ ხარვეზებზე ისაუბრა, რაც ქართულ საცალო ბაზარზე არსებობს. დღესდღეობით გლობალურ ბაზარზე ყველა პროდუქტთან მიმართებაში ფასების კლება და ეროვნული ვალუტის გამყარება იძლევა იმის საშუალებას, რომ ქვეყანაში ფასები შემცირებულიყო, თუმცა ეს არ მოხდა.
„ბოლო ერთწლიან ტენდენციას თუ დავაკვირდებით, ვნახავთ რომ ფაო-ს ფასების ინდექსის მიხედვით, მსოფლიოში ყველა პროდუქტთან მიმართებაში ფასები განუხრელად მცირდება. ჩვენთვის მეორე მნიშვნელოვანი გარემოება ეროვნული ვალუტის კურსია. გასული წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, 20%-ითაა გამყარებული ეროვნული ვალუტა. ამ ორი ფაქტორის კორელაცია საკმაოდ ხელშესახებ პირობას იძლევა იმისათვის, რომ ქართულ საცალო სასურსათო ბაზარზე ეს ფასები ასახულიყო“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა და დასძინა, რომ საზოგადოების პროტესტი ლოგიკურია, რადგან ფასები არ შეცვლილა.
შესაბამისად, აფბამ მწარმოებლებსა და რითეილს შორის, მიწოდების ჯაჭვებში, ძირითადი ხარვეზები გამოავლინა და რეკომენდაციით მიმართა მთავრობას, რომ ამ ხარვეზებზეც ყოფილიყო ყურადღება გამახვილებული. როგორც პაატა ბაირახტარმა აღნიშნა , სწორედ ხარვეზები ზღუდავს კონკურენციას, რაც შემდეგ ფასებზე ისახება. ძირითადად საუბარია სავაჭრო ქსელების მიერ დაწესებულ გადასახადებზე, რომელსაც მომწოდებლებს უწესებენ.