ბიზნესს ორი მთავარი პრობლემა აქვს და ორივე სამუშაო ძალასა და კვალიფიციას უკავშირდება

ბიზნესს ორი მთავარი პრობლემა აქვს და ორივე სამუშაო ძალასა და კვალიფიციას უკავშირდება

ხელისუფლება პროფესული საკადრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად გააქტიურებას იწყებს. სპეციალისტებზე მოთხოვნა დიდია, მაგრამ შევსება სრულიად არასაკმარისი. ამჯერად სპეციალური პროგრამა თბილისის მერიამ გამოაცხადა.

თბილისის მერია პროგრამაზე „ისწავლე და დასაქმდი“ რეგისტრაცია გამოაცხადა. დედაქალაქის მერიის ცნობით, პროცესი 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო სასწავლო პროცესი 20 მარტს დაიწყება. ამ ეტაპზე პროგრამაში 1500-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთვება, ხოლო 2023-2025 წლებში 10 000 მოქალაქის ჩართვაა დაგეგმილი.

მათივე ინფორმაციით, პროგრამა თბილისში მოქმედი პროფესიული სახელმწიფო კოლეჯების და სასწავლო ცენტრების ბაზაზე და კერძო სექტორთან აქტიური თანამშრომლობით ხორციელდება.

„პროგრამაში წარმოდგენილია სამშენებლო, საინჟინრო, ინფორმაციული ტექნოლოგიების, დიზაინის, სურსათის ტექნოლოგიების, ტურიზმის, მომსახურების, საფინანსო, ტრანსპორტის, ვეტერინარიის და ჯანმრთელობის დაცვის სფეროებიდან 50-მდე პროფესიული სპეციალობა“, - განმარტავენ თბილისის მერიაში.

თბილისის მერმა კახა კალაძემ კადრების დეფიციტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სამშენებლო სექტორში ამ მიმართულებით განსაკუთრებით დიდი პრობლემებია. შრომით მიგრაციას ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესიც უწყობს ხელს.

„თანამდებობიდან გამომდინარე, სამშენებლო სექტორთან ყოველდღიური შეხება მაქვს, რადგან დედაქალაქში ბევრ პროექტს ვახორციელებთ და შემიძლია ვთქვა, რომ ამ მიმართულებით კადრების სერიოზული პრობლემაა. ვგულისხმობ კვალიფიციურ და პროფესიონალ კადრებს.

ასევე უნდა აღნიშნოს, რომ სამუშაო ძალის გადინების დიდი მაჩვენებელია. ადამიანს აქვს სურვილი ევროპაში წავიდეს და უფრო მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს მისსავე საქმიანობაში. იმაში, რასაც დღეს საქართველოში საქმიანობით 2 000 ლარს იღებს, ევროპაში ამაში 2 000 ევროს და უფრო მეტს გადაუხდიან. რა თქმა უნდა, ადამიანს აქვს სურვილი, რომ წავიდეს და იქ განვითარდეს“, - განაცხადა კალაძემ.

პრობლემის სიმწვავეს ადასტურებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაც. სოსო ფხაკაძის განცხადებით, ორი მთავარი პრობლემა, რომელიც ბიზნეს სექტორს აქვს, სამუშაო ძალისა და კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ატარებს კვლევებს და ყოველ კვარტალში აქვეყნებს შესაბამის ინდექსს. როცა ბიზნესს ვეკითხებით, რა არის მათთვის მთავარი პრობლემა, ორი საკითხი რაც იკვეთება სამუშაო ძალისა და კვალიფიკაციური კადრების დეფიციტია. ეს არის რეალური პრობლემა რაც ბიზნესს აწუხებს.

რასაკვირველია, სახელმწიფომ ბიზნეს სექტორთან ერთად, ბევრი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს კვალიფიციური განათლება - პროფესიულ სასწავლებლებში ადამიანების გაშვების კუთხით. ადამიანები მოკლევადიანი კურსის გავლის შემდგომ შეიძენენ იმ უნარ-ჩვევებს, რომლებიც შემდეგ მათ დასაქმებისთვის გამოადგებათ. ნებისმიერ ბიზნესს რომ ჰკითხოთ, კადრების ქრონიკული დეფიციტი აქვს.

ბიზნესმენებს ყველაზე მეტად გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ინვესტიცია ჩავდოთ ჩვენს ქვეყანაში და რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილები შევქმნათ, სახელმწიფო ამაში უნდა გვეხმარებოდეს. კარგია, რომ ასეთი პროექტი არსებობს“, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

პროცესიული კადრების დეფიციტის გადაჭრის კუთხით სახელმწიფო სხვა მიმართულებითაც აქტიურობს. ერთ-ერთია კოლეჯებისა და პროფესიული სასწავლებლების გაძლიერება. ამ მხრივ გარკვეული შედეგი უკვე არის. ბოლო პერიოდში პროფესიული სწავლების მსურველთა რაოდნეობამ 25%-ით მოიმატა, თუმცა წელიწადში 5-6 ათასი კურსდამთავრებული მაინც ძალიან ცოტაა იმისათვის, რათა მზარდი საკადრო დეფიციტი ჯერ შეჩერდეს და მერე აღმოიფხვრას.

ლაზი "ისწავლე და დასაქმდი". ოღონდ ჯერ უნდა ისწავლო და შემდეგ დაიწყო მუშაობა და არა ისე, დღეს უნივერსიტეტები დასაქმებული სტუდენტებით რომ ტრაბახობენ. აბა რა უნდა ისწავლოს, მარკეტში ან ბენზოგასამართ სადგურში, სადღეღამისო მორიგეობაში მომუშავე სტუდენტმა, რომელიც ორი დღე გამოძინებას უნდება, ხოლო მესამე დღეს ისევ მორიგეობა უწევს. ან თუნდაც, ბანკში ყოველდღე მომუშავე სტუდენტმა, გამოცდებზე გასასვლელად რომ, ძლივს იღებენ თავისუფალ დღეს.
რაც შეეხება პროფესიულ საწავლებლებს, ეს სფერო განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. გაიარეთ ამ პროფესიულების შენობებთან, კანტი-კუნტად თუ ვინმეს დაინახავთ შესულ-გამოსულს. მერე სიები წაიკითხეთ და ნახავთ, დასწრების რა მაჩვენებელია. ჯერ ჯერობით, ეს სახელმწიფოს დაფინანსებული პროფესიულები, უმეტეს შემთხვევაში, არანაირ პროფესიონალენსაც არ ზრდიან. დროა ამ სფეროზე კონტროლი დაწესდეს.
1 წლის უკან
არაგველი641 სულ კომუნისტური ცხოვრების კრიტიკაში კი ვიმყოფებით, მარა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პროფსასწავლებლების მუშაობაც კი ვერ გავმართეთ!
1 წლის უკან