იანვრის ეკონომიკურმა ზრდამ სკეპტიკოსებს ცივი წყალი გადაასხა. შედეგი ორნიშნასთან მიახლოებულია. ადგილობრივმა ანლიტიკურმა ორგანიზაციებმა უკვე გააუმჯობესეს 2023 წლის წინასწარი პროგნოზი.
„საქსტატის“ წინასწარი შეფასებით, 2023 წლის იანვარში, წინაწლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდაპროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, პირველივე თვის შედეგით გაქარწყლდა ვარაუდი იმის შესახებ, რომ 2023 წელს ეკონომიკური წინსვლა მკვეთრად შენელდებოდა და 3-4%-ს არ გასცდებოდა.
ამ ფონზე ახლა უკვე საინტერსოდ გამოიყურება საქართველოს ეკონომიკური ზრდის შესახებ კვლევები, რომლებსაც ადგილობრივი კვლევითი ორგანიზაციები გვთვაზობენ. კერძოდ, „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი კვირის განახლებაში წერს, რომ 20 - 24 თებერვლის კვირაში გამოქვეყნებული მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ეკონომიკის ძლიერი ზრდის შენარჩუნებაზე მიუთითებს. შესაბამისად, „თიბისი კაპიტალმა“ 2023 წლის ეკონომიკის ზრდის მოლოდინი 5%-დან 6.4%-მდე გააუმჯობესა.
„სხვა ძირითადი მაკროეკონომიკური მაჩვენებლების კუთხით, ინფლაციის ნორმალიზება კვლავ საბაზო სცენარია წლის ბოლოს დაახლოებით 3.8%-იანი პროგნოზით, რაც ძირითადად იმპორტული პროდუქციის ფასებით არის განპირობებული. ეს კი, მომდევნო 1 წლის განმავლობაში ლარის კურსისათვის პოზიტიურია და ამდენად, ძლიერი სავალუტო შემოდინებების არგუმენტის გათვალისწინებით, ლარის გაუფასურება მოსალოდნელი არაა“, - აღნიშნული „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.
„გალტ ენდ თაგარტის“ შეფასებით კი, იანვარში 8,4%-იანი ეკონომიკური ზრდა ნიშნავს იმას, რომ წელი კარგად დაიწყო. თებერვლის ინდიკატორებზე დაყრდნობით ორგანიზაციის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ აღნიშნა, რომ გაზრდილია ალბათობა პროცესები მათ მიერ პროგნოზირებული სცენარის მიხედვით წარიმართოს. 2023 წელს „გალტ ენდ თაგარტის“ ქვეყანაში საბაზო სცენარით 4,8%-იან ეკონომიკურ ზრდას მოელის. საინვესტიციო ბანკის ოპტიმისტური გათვლებით კი შესაძლოა, წელს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 6%-ით გაიზარდოს.
იანვარში ნაჩვენებ კიდევ ერთ მნიშვნელოვან შედეგს დადებითად ეხმიანებიან ეკონომისტები. ექსპერტ გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, 2023 წლის იანვარში დაფიქსირებული მშპ-ის ზრდა არის სამთავრობო პოლიტიკისა და არჩეული სტრატეგიის შედეგი.
„პირველ რიგში, ეს არის სამთავრობო პოლიტიკის შედეგი. თითზე ჩამოსათვლელია ქვეყნები, რომლებსაც სამი წლის განმავლობაში ასეთი მაღალი ზრდა აქვთ. ზოგადად, ეს არის იმ სტრატეგიის შედეგი, რომელიც საქართველოს მთავრობამ აირჩია“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
2023 წლის იანვრის 8.4%-იანი მაჩვენებელი შეაფასა ეკონომიკის დოქტორმა სოსო არჩვაძემაც. მისი აზრით, უკვე შეიძლება დასკვნის გაკეთება, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს პოტენციალი, რომ შეინარჩუნოს აღებული ტემპი.
„ზრდა მიღწეულია არა რომელიმე ცალკეული სეგმენტის ხარჯზე, არამედ კომპლექსურად, ფაქტობრივად, ეკონომიკის თითქმის ყველა დარგის საფუძველზე. ეს იძლევა საშუალებას, დავასკვნათ, რომ საქართველოს ეკონომიკას აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი იმისათვის, რომ საშუალოვადიან პერსპექტივაში შეინარჩუნოს საკმაოდ მაღალი ზრდის მაჩვენებელი“, - აცხადებს არჩვაძე.
2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მშპ-ს ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, სასტუმროები და რესტორნები.