გია ცაგარეიშვილი: ”სააკაშვილი თავისი ქვეყნის მტერია”

გია ცაგარეიშვილი: ”სააკაშვილი თავისი ქვეყნის მტერია”

დეპუტატი თვლის, რომ სააკაშვილი მტრებს გარეთ კი არა, ქვეყნის შიგნით უნდა ეძებდეს, რადგან ეს მტრები მას მოსახლეობის ყველა ფენაში ჰყავს. უფრო მეტიც - „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის ყველაზე დიდი მტერი მისივე ფობიები და კომპლექსებია, რომელსაც ლამისაა მთელი ქვეყანა გადააყოლოს თან.

მოკლედ,  ეს ინტერვიუ დეპუტატ  ცაგარეიშვილთან ყველაფერზეა:  ალასანიაზე, სააკაშვილზე, ჰიტლერზე, ვაგნერზე, ვეტერანებზე, ჟურნალისტებზე, დეპუტატებზე, მტრებზე და თქვენ წარმოიდგინეთ - მამიდებზეც კი. 

რა მოხდა „Two Side“-ში? თქვენ იყავით იმ წვეულებაზე, სადაც ერთი ადამიანი დაშავდა?

გიორგი ცაგარეიშვილი: „მე იქ არ ვყოფილვარ, მაგრამ საინტერესო აქ ისაა, რომ ამ დავიდარაბის შესახებ „ნაციონალური“ არხებიდან შევიტყვეთ, ანუ  მერაბიშვილის კარის ჟურნალისტებისგან. ეტყობა, მითითება მისცეს. ისინიც მაძებარი ძაღლებივით დაძრწოდნენ გუშინ „Two Side“-ში და დღეს - ჩვენი ოფისის წინ. 

ვიხუმრეთ კიდევაც პარტიაში, ამ თემაზე - იმდენად უსუსურია ხელისუფლება იმ საკითხში, რაიმე მოუძებნოს ირაკლი ალასანიას შარის მოსადები, რომ „Two Side“-ში მისი ათწუთიანი ვიზიტიც კი გაშუქდაო. ირაკლი ალსანია, რა თქმა უნდა, იქ იყო. მივიდა ზუსტად 10 წუთი თავის მეგობართან, ვიქტორ დოლიძესთან. მაგიდასთან დოლიძე იყო მეგობრებთან ერთად. 10 წუთში ალასანიამ იქაურობა დატოვა. დაახლოებით საათნახევარში კი, იმ მაგიდის მიმდებარედ დაიწყო ჩხუბი, რომელიც მერე ალასანიას დაბრალდა. არ ვიცი, რა მოხდა იქ, ვინ მოიქნია სკამი, ვის მოხვდა თავში. ამაზე წარმოდგენა არ აქვს ირაკლი ალასანიას. მეტსაც გეტყვით, არც ვიქტორ დოლიძე იყო ამ დავიდარაბაში ჩართული, რადგან ამ დროისთვის მასაც დატოვებული ჰქონდა  რესტორანი. 

თუმცა, ამ ყველაფერს ხელი არ შეუშლია ნაციონალური მოძრაობისთვის, ახალი ამბები შეეთითხნა. ყველაფერი დაცვის წევრის ჩვენებით დაიწყო. მან გულისამაჩუყებლად ისაუბრა მომხდარზე და თან  აღნიშნა, რომ ალასანია რესტორანში იყო. ალასანია კი იყო რესტორანში, მაგრამ 10 წუთით, რა დროსაც არაფერი მომხდარა. რა ქნას ახლა ალასანიამ, აღარ შევიდეს რესტორანში ვანოს აგენტი დაცვის წევრის, ანდა ასეთივე ჟურნალისტების გამო? „იმედი“ სავსეა ვანოს აგენტებით...  „ბატონი“ დონაძისგან იღებენ მითითებებს. 

ე.ი. ამათ გამო „თავისუფალი დემოკრატების“ წარმომადგენლები ვეღარ გამოვსულვართ შიშით გარეთ... საზოგადოებასაც შევხვდებით, სადაც წასასვლელია - წავალთ კიდევაც, თუ მოსალხენი იქნება, რესტორანშიც შევალთ და მაგათი პროვოკაციების არავის ეშინია. უნდა იცოდნენ თქვენმა „კოლეგებმა“ - ვერასოდეს აიხდენენ სურვილს, რომ ჩვენ შეგვაშინებენ. 

ეს იმის მიმანიშნებელიცაა, რომ  „ნაციონალებისერიოზულ მოწინააღმდეგედ აღგიქვამენ და ამიტომაც ცდილობენ თქვენს დისკრედიტაციას. თუმცა, თავად მმართველი ძალის საწინააღმდეგოდაც უამრავი ამბავი გახმაურებულა...

- მიუხედავად იმისა, რომ  თითიდან გამოწოვილი თემაა, ხედავთ, იმ წამსვე ატყდა ალიაქოთი,  თითქოს, ირაკლის სადღაც რაღაც კონფლიქტი მოუვიდა. ეს შემთხვევა იმდენად უმნიშვნელოა თუნდაც იმასთან შედარებით, რა ხდება ოპოზიციაში, რა გასაშუქებელი ფაქტი ეს იყო? ხელისუფლებას მინდა, ვუთხრა, თავი დაანებონ ასეთ სისულელეებს. ჩვენ ვეწევით ხელისუფლების ოპონირებას და ამ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას, ეს სიამოვნებს ვინმეს, თუ - არა. გეთანხმებით, რომ ჩვენი და ჩვენი ლიდერის ნებისმიერი ნაბიჯი აშფოთებს ხელისუფლებას და სწორედ ამიტომ აკინძეს ახლა ამ ინციდენტის საქმე, რასთანაც არავითარ კავშირში არაა ალასანია. 

თუ ვინმე რამეს აშავებს საქართველოში, ამ მოძრაობის თუ პარტიების ლიდერები მათი წარმომადგენლები არიან, სხვისი რესტორანში სიარული არ უნდა უკვირდეთ. იმ შარების გამოძიებას, რაშიც მათი ლიდერები მუდმივად არიან გახვეულები, დიდი ჩხირკედელაობა არ სჭირდება და გამოიძონ.

თუნდაც ის ფაქტი რად ღირს, რაც ბატონმა სააკაშვილმა ჩაიდინა 3 იანვარს, როცა ვეტერანების აქცია დაარბია პირადად. სწორედ, ჩემს უბანში მოემართებოდა იაპონურ ბარში, სუშის მისართმევად ბატონი სააკაშვილი. ჩაიარა გმირთა მოედანზე და დაინახა ვეტერანების აქცია. კაცი, რომელიც ბოჩელის კონცერტიდან მოემართები და გმირთა მოედანზე მოშიმშილე ვეტერანებს დაინახავ, სულ მცირე - უნდა შეშფოთდე, მით უმეტეს, როცა ამ ქვეყნის მმართველი ხარ. აზროვნებამ ცოტა სხვა ფიქრებისკენ უნდა წაგიყვანოს, იქითკენ კი არა, როგორ ცემო ომში კიდურებდაკარგული, დაბრმავებული და დაყრუებული ადამიანები. 

უამრავმა მათგანმა აფხაზეთის ომს ჯანმრთელობა შესწირა, მაშინ, როცა ბატონი სააკაშვილი სად იყო და რას აკეთებდა იმ დროს, კაციშვილმა არ იცის. საინტერესოა ისიც, რას აკეთებდნენ იმ პერიოდში მისი თანაპარტიელები და ის სპეცრაზმელები, რომლებმაც აყარეს ეს ხალხი იქიდან? ქალი რომ სცემა, ის თანამშრომელი რას აკეთებდა მაშინ? არაფერს, რადგან ახლა 26 წლის ყოფილა. მისი ტოლი ბიჭები კი მაშინ იხოცებოდნენ გაგრაში, ლესელიძეში, ოჩამჩირესა თუ სოხუმში. 

მე იაპონური რესტორნიდან 40 მეტრში ვცხოვრობ. სააკაშვილი რომ მოდიოდა, ვერ გაივლიდით ვერც ფალიაშვილზე, ვერც ბარნოვზე, ვერც ჭავჭავაძეზე. უამრავი სპეცნაზელი და პატრულის თანამშრომელი იყო ყველა ქუჩაზე. ჩამოიარა სააკაშვილმა, ეტყობა, არ მოეწონა სიტუაცია და პირდაპირ დაავალა მერაბიშვილს, ეს ხალხი დაარბიეო.  სწორედ ასეთი დავალება იქნებოდა, მიდით და დაარბიეთო. 

ამიტომ ალასანიას ხსენებაზე პირში ვარდის წყალი გამოივლონ და თავის თავს მიხედონ. ყველამ თავის სისხლიან ხელებს მიხედოს, მათ შორის - მიხეილ სააკაშვილმაც. აღარაფერს ვამბობ თქვენს ე.წ. კოლეგებზე, რომლებიც ჟურნალისტების გარდა ყველაფერი არიან. ისინი არიან პრეს-ზონდერები, თავიანთი ტაკიმასხარაობებით, თბილისური და ბათუმური ლაივებით.

ეს რას ვყურე ამასწინათ „იმედზე“? ქალბატონ სადუნიშვილს რომ მიჰყავდა გადაცემა, იმას ვგულისხმობ. ეს იყო უზნეობის აპოთეოზი. ვინ ვის ახტებოდა სცენაზე და მის ფარგლებს გარეთ, ვინ ვის ეფერებოდა: კაცი კაცს, თუ ქალი ქალს, თუ ქალი კაცს - ვერ გაიგებდი... ეს იყო უნიჭობისა და უხამსობის ზეიმი - ვითომ ევროპულ და ამერიკულ ბომონდურ წვეულებებთან მისადაგებული წვეულება.  იქ,  ადამიანები თავის აღვირახსნილობასა თუ განსხვავებულ ორიენტაციას, პირდაპირ  უკეთებდნენ აფიშირებას. ეს არის ხელისუფლების გარშემო შეკრებილი ვაი-ხელოვანებისა და ვაი-ჟურნალისტების კასტა, რომლებიც პრიზს იღებდნენ ბატონი არველაძისგან... ესენი ისე არიან ჟურნალისტები, როგორც მე ვარ ახლა ჩინეთის იმპერატორი. 

კარგით, ბატონო გია, ძნელია ჩემთვის ჩემს კოლეგებზე პოლიტიკოსთან საუბარი, მოდით, თქვენს კოლეგებს დავუბრუნდეთ...

- რას ვამბობ ისეთს? „ჩემი კოლეგა“ და „თქვენი კოლეგა“ დღეს არაფრით განსხვავდება ერთმანეთისგან. ესენი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებული ვაი-ჟურნალისტები, რომლებიც პირდაპირ სახელისუფლებო საქმეს აკეთებენ. შეიძლება, „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატი არ უდევს ჯიბეში ბევრ „თქვენს კოლეგას“, მაგრამ ბევრად უფრო მაგარი „ნაციონალია“, ვიდრე - მაგალითად, კირკიტაძე, არველაძე, ან თუნდაც - სააკაშვილი. ამაზე ვწუხვარ მე, თორემ, გეთანხმებით, ყველამ თავის მამიდას მიხედოს... მეც მივხედავ ჩემს „ამქარს“, რომელსაც დეპუტატების ამქარი ჰქვია. 

ბოჩელის კონცერტი ახსენეთ. იყო პლაჩიდო დომინგოს კონცერტიც... თქვენი კოლეგებიდან, რომლებიც იქ იყვნენ, გაააქვთ ინფორმაცია, რომ რომელიმეს რამე გაეგება, მაგალითად - ოპერის?

- დომინგოს კონცერტთან დაკავშირებით მე მაქვს დეტალური ინფორმაცია. კონცერტზე  ზედმეტად ჩიტიც ვერ შეფრინდებოდა. დასწრება მოსაწვევებით იყო. მაქვს ინფორმაცია, რომ რამდენიმე ბილეთიც გაიყდა და მასში უზარმაზარი თანხები გადაიხადეს ადამიანებმა - ასეულობით ლარზეა საუბარი. მკაცრად იყო რეგლამენტირებული, ბილეთი ვისთვის მიეყიდათ. პარლამენტი, ფაქტობრივად, სრული შემადგენლობით იყო წასული, მთელი მინისტრთა კაბინეტი და ადგილობრივი მთავრობაც იქ იყო. იქ ბრძანდებოდა პრეზიდენტი თავისი ოჯახითა და უახლოესი გარემოცვით. ბოჩელის კონცერტზეც იგივე ხდებოდა, ოღონდ, უფრო იყო ხალხისთვის „კარი ღია“. 

საერთოდ, ერთი რამ მინდა, გითხრათ - კლასიკური მუსიკა, ტენორები, კომპოზიტორები ნებისმიერი დიქტატორის გატაცება იყო. ეს ჩემი მოგონილი არ არის. ნებისმიერი დიქტატორი გიჟდება კლასიკურ მუსიკაზე. რატომ უყვარდა ჰიტლერს ვაგნერი? ჩაიკეტებოდა და უსმენდა დაუსრულებლად. რატომ უყვარდა სტალინს შოსტაკოვიჩი და ჩაიკოვსკი? იმიტომ, რომ ამ მძიმედ აღსაქმელ მუსიკაში პოულობენ დიქტატორები თავისი მოღვაწეობის აპოთეოზს... სააკაშვილიც ერთი პატარა ავტოკრატუკაა. მას ძალიან ბევრი უკლია ჰიტლერამდე და სტალინამდე, ბევრიც რომ უნდოდეს ვერც ავა იქამდე (ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა), მაგრამ, ყოველშემთხვევაში, ერთი დამდაბლებული ავტოკრატია ამ რეგიონში და აქვს მსგავსი ჩვევები, თუ მიდრეკილებები. 

ვინც იქ იყო, რა თქმა უნდა, ბევრი საერთოდ აზრზე არ არის, ვინ არის პლაჩიდო დომინგო, ან ბოჩელი, ან რა არის საერთოდ კლასიკური მუსიკა, მაგრამ რადგანაც იქ  მათი ბელადი ბრძანდებოდა, ესენიც  უნდა ყოფილიყვნენ. მათ ასარჩევადაც არ აქვთ საქმე. ხვდებით? მიდის სააკაშვილი რომელიღაც კონცერტზე, ვთქვათ - ლექსენის, წავლენ ესენიც ლექსენის კონცერტზე. წავა წურწუმიას კონცერტზე, წავლენ იქ. წავა სადუნიშვილის ტაკიმასხარაობაზე, წავლენ იქ... თუ საერთოდ არ წავა არცერთ კონცერტზე, არც ესენი წავლენ და ასეა, რა.... 

მთელი ტრაგიზმი ამაშია, რომ ეს ადამიანები თავიანთ თავს არ ეკუთვნიან: არც სხდომათა დარბაზში, არც ქუჩაში, არც კონცერტებზე... მარტო დეპუტატები კი არა, ასევე არიან მთავრობის წევრები, გუბერნატორები, გამგებლები და ა.შ. პირამიდის სათავეში ტუტანჰამონივით სააკაშვილია და შემდეგ მოდის ამ ადამიანების იერარქიული პირამიდა ქვემოთ. მარიონეტები არიან ისინი სააკაშვილის ხელში. თუ ვინეს ჰგონია, რომ ისინი სახლში შუბერტს, ბახს ან ბეთჰოვენს უსმენენ, ძალიან ცდება.  სააკაშვილის ახირებაა ყველაფერი... 

რაც ბავშვობაში არ ჰქონია, ახლა უნდა, რომ აინაზღაუროს და ჩვენც ვაძლევთ ყველაფრის საშუალებას. ტყუილია რომ იძახის, ალპებში ვარ ნასიარულები და იქ მინახიაო. არსადაც არ არის ნასიარულები. ახლა, დადის, კი - დავოსშიც, მექსიკაშიც, ბრაზილიაშიც, ალპებშიც და ბადენ-ბადენშიც.. ერთი - ამერკაში სწავლობდა, ეს იყო და ეს. მაგას თუ ამერიკიდან ალპებში სასიარულო ფული ჰქონდა, ნუ, მაშინ... სულ მცირე სტუდენტობიდან ყოფილა მილიონერი... 

სულ ახლახანს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მტრებს უნდათხელისუფლებიდან წავიდეთო... თქვენი აზრით, ვინ არის სააკაშვილის მტერი, პრესაგე.ტვ- გამოკითხულთა 88% ხომ არა, რომელსაც უნდა, რომ სააკაშვილი წავიდეს ხელისუფლებიდან? მაინცდამაინც რუსეთამდე უნდა მივიყვანოთ ყველაფერი?

- მეც არ ვარ იმის მომხრე, რომ ამ თემის უტრირება მოხდეს და ყველაფერი რუსეთამდე მივიდეს. სააკაშვილს თავისი ქვეყანა ჰყავს მტრად მოკიდებული - ის ადამიანები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურად ანადგურებს: გაიხსენეთ გირგვლიანი, რობაქიძე და ბევრი სხვა. წელი რითიც დაიწყო - ვეტერანები გავიხსენოთ, შორს რომ არ წავიდეთ. ახალ წელს ყველაზე მოსაფერებელი ხალხი წიხლქვეშ გაიგდო. სადღა მიდის და სად ეძებს ეს ადამიანი მტრებს? მტრები მას ყველგან ჰყავს - მოსახლეობის ყველა ფენაში. არადა, წესით, მოყვარედ უნდა მოიკიდო შენი ერი. როცა როზგით მართავ ქვეყანას, მტრად მოგეკიდება, აბა, რა იქნება? მე ნამდვილად არ მინდა, ბოძზე ჩამოკიდებული და ტყავგაძრობილი სააკაშვილი ვნახო, მაგრამ ძალიან მინდა, არჩევნებში დამარცხებული ვიხილო. 

თუ ის ფიქრობს, რომ ვინც მას ხმას არ აძლევს, მისი მტერია, ეს მისი ფობიაა. ის დღესაც მტრად არის მოკიდებული თბილისზე, რადგან ვერაფრით მოუნელებია, რომ გაჩეჩილაძესთან თბილისში დამარცხდა 5 იანვარს. დღემდე ამ პრიზმაში უყურებს თბილისს, ქალაქს - სადაც ის იშვა. ქუთაისში ნახევარი პარლამენტისა და კონტროლის პალატის გადატანა, იქ - ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს განდევნა, ეს მისი შიშებისა და კომპლექსების შედეგია. მას ძალიან ბევრი, გადაულახავი კომპლექსები აქვს და ვერც გადალახავს მას. 

ზუსტად იგივე თქვა სოზარ სუბარმა სააკაშვილთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ ხელისუფლებამ ბუნება რომ შეიცვალოს, ყველაფერი თავზე ჩამოემხობა და ამიტომ, არასდროს შეიცვლებაო. აქედან გამომდინარე, არის თუ არა თავად სააკაშვილი თავისი ქვეყნის მტერი?

- სააკაშვილი უდავოდ არის თავისი ქვეყნის მტერი. თუ ვინმე მტრობს ამ ქვეყანას, ეს, პირველ რიგში, სააკაშვილია, რომელმაც ფარატინა ქაღალდად აქცია უმთავრესი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია. ფაქტობრივად, დაშალა ქვეყანა და დაუკარგა განვითარების პერსპექტივა. ის იქცა რეგიონალურ ავტოკრატად. მისმა არაადექვატურმა ქმედებებმა ძალიან შორეულ პერსპექტივაში გადაწია ჩვენი „ნატოსა“ და ევროკავშირში ინტეგრაციის თემა. მოსპო თავისუფალი სიტყვა, გაანადგურა ქართული ბიზნესი და დაიმორჩილა. მართავს  ქვეყანას, როგორც ფაშა. მე შემიძლია, გაუთავებლად ჩამოვთვალო მის მიმართ ბრალდებები. 

ეს არის კაცი, რომელიც თავის დროზე მადლობას უხდიდა კახა თარგამაძეს, როგორც „მოქალაქეთა კავშირის“ უმრავლესობის ლიდერი. ამ კაცთან, როგორც იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან და მის პირველ მოადგილესთან - ნინო ბურჯანაძესთან მიდიოდა ის ფული, თუკი მაშინ, რამე  სადმე იკრიბებოდა. ეს იყო 1995-99 წლები. არ გვინდა პოლიტიკური ცხოვრების ათვლა 2003 წლის 23 ნოებრიდან, რადგან ახლანდელი პრეზიდენტი მაშინდელ პრეზიდენტთან ერთად, იმ პერიოდში კორუფციულ ჭაობში ახრჩობდა ამ ქვეყანას, რა თქმა უნდა - კიდევ სხვებთან ერთად: მაჭავარიანთან, გოგორიშვილთან, ტყეშელაშვილთან, ნოღაიდელთან და ა.შ.  მე ძალიან კარგი მახსოვრობა მაქვს. 

გამორიცხულია, სააკაშვილი ვერ შეიცვლება, ამაში მე სოზარ სუბარს ვეთანხმები. კუზიანს მხოლოდ სამარე გამოასწორებს, ამ შემთხვევაში პოლიტიკურ სამარეს ვგულისხმობ.