ეროვნული ბანკის ირგვლის ახალი სკანდალი აგორდა. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ეროვნული ბანკის შესახებ კანონს ვეტო დაადო. მისი შეფასებით, ჩნდება ეჭვი, რომ თუ მის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს არ ექნება პარლამენტის მხარდაჭერა, კანონი იძლევა შესაძლებლობას, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა განუსაზღვრელი ვადით შეასრულოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობა.
ახალი კანონი ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს ამკვიდრებდა. კანონის თანახმად, პირველ ვიცე-პრეზიდენტს სებ-ის პრეზიდენტის არყოფნის პირობებში პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულება შეეძლებოდა. ახალი კანონი, ეროვნულ ბანკთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც გააკრიტიკა.
პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ გაგუამ. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია მეტი ნაბიჯი გადაიდგას სებ-ის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ. უშუალოდ ამ კანონპროექტზე კი გაგუა ამბობს, რომ მის შედეგად პირდაპირ სებ-ის დამოუკიდებლობის საკითხი არ დგება კითხვის ნიშნის ქვეშ და ის დროებით ცვლილებას წარმოადგენს.
„ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა არის სებ-ის წარმატების მთავარი გარანტი და ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა კიდევ უფრო გაძლიერებას და დახვეწას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით სებ-ს არაერთხელ აქვს გაცხადებული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.
აღნიშნული ცვლილებით პირდაპირ ვერ ვიტყოდი, რომ სებ-ის დამოუკიდებლობის საკითხი დგას, ეს არის მცირე საკანონმდებლო ცვლილება. სებ-ის სახელით შემიძლია ვთქვა, რომ ეროვნული ბანკი ყოველთვის იყო დამოუკიდებელი. ცვლილების ერთ-ერთი მიზანია, რომ დროებით ემატება ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, ოღონდ ეს ემატება დროებით. არსებობს რისკი, რომ დღეს არსებული ბალანსი სებ-ის საბჭოში აღმასრულებელსა და არა-აღმასრულებელ თანამდებობებს შორის შეიცვალოს. იცით, რომ დღეს სებ-ის საბჭოში 5 არააღმასრულებელი პოზიციაა ვაკანტურების ჩათვლით და ის უნდა იყოს აღმასრულებელზე მეტი.
რთულია დროებით გადაწყვეტილებაზე რადიკალური განცხადებების გაკეთება. ეს დროებითი გადაწყვეტილება იყო და იცით პროცესები როგორ განვითარდა. ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომელიც გამოხატულია ჩვენს დასკვნაში“, - განაცხადა გაგუამ.
დაიძლევა თუ არა საკანონმდებლო ორგანოში პრეზიდენტის მიერ ახალ კანონზე დადებული ვეტო - ამ კითხვით „ბიემმა“ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს პაატა კვიჟინაძეს მიმართა. იგი არ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ვეტო ახლავეა დასაძლევი, თუმცა ვერც იმას ამბობს ზუსტად, დაძლევს თუ არა პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს.
„საქართველოს პრეზიდენტის მიერ ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებსა და ჩვენს ვერსიას შორის რაიმე პრინციპული სხვაობა არ არის. პრეზიდენტი მოგვყვება, მაგრამ ჩვენ უფრო ფართოდ გვქონდა გაწერილი, მას კი კონკრეტულ ერთ ნაწილზე ჰქონდა მითითებები. ვეტოსთან დაკავშირებულ საკითხებს რაც შეეხება არ მაქვს უფლებამოსილება რაიმე ვთქვა, ეს საკითხი უნდა განიხილოს კანონპროექტის ინიციატორებთან, გუნდთან, იურიდიულად უნდა იქნას ნანახი როგორი მდგომარეობაა, არ ვთვლი, რომ ახლავე დასაძლევია ვეტო...“, - განაცხადა კვიჟინაძემ და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზეც ისაუბრა.
„პარლამენტში ყველა დაგვეთანხმა, რომ ეს კანონი მისაღები იყო. ამაში პრაქტიკულად პრეზიდენტიც დაგვეთანხმა, როდესაც მოტივირებული შენიშვნები დატოვა (ერთი პუნქტი, მე-15 მუხლის მეორე პუნქტი) და დანარჩენი გააუქმა. ის თვლის, რომ ეს კანონი მისაღები იყო, რომ ბუნდოვანება არ ყოფილიყო ეროვნულ ბანკში.
რა განსხვავებაა ჩვენსა და სალომე ზურაბიშვილის კანონპროექტებს შორის? ჩვენ კანონპროექტში ის მოდელი გადმოვიტანეთ, რომელიც პარლამეტში, ჩვენს კომიტეტებში, აუდიტის სამსახურშია და ა.შ. არის პირველი პირი, რომელსაც ჰყავს პირველი პირი და შემდგომ მოადგილეები. ჩვენ ეს გადმოვიტანეთ ასე. ქალბატონმა პრეზიდენტმა ამოაგდო პირველი მოადგილე და დატოვა ის, რომ თუ პრეზიდენტი არ იქნებოდა, საბჭომ ერთ-ერთ მოადგილეს მისი მოვალეობის შესრულება დაავალოს, ეს არის სხვაობა“, - განაცხადა კვიჟინაძემ.
სინამდვილეში როგორი იყო კონტექსტი, რამაც ახალი კანონის აუცილებლობა განაპირობა? როგორ ჩანს, იქ უამრავი ქვეტექსტი იმალება და ზოგიერთ მათგანზე პარლამენტის წევრი, „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა ისაუბრა.
„თავდაპირველად პრობლემის სათავე იყო ის, რომ საკითხში იმდენი ინტერესთა ჯგუფი იყო ჩართული, ვერ მოხერხდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ახალ კანდიდატურაზე შეჯერება. არ ვგულისხმობ, რომ პრეზიდენტთან არ შეთანხმდა საკითხი, შიგნით „ოცნებაშიც“ სხვადასხვა ადამიანები განსხვავებულ კანდიდატურებს ლობირებდნენ და ამიტომ ვერ დალაგდნენ. როცა უკვე გაირკვა, რომ ვერ ირჩევდნენ პრეზიდენტს, დადგა საკითხი, ვინ იქნებოდა მოვალეობის შემსრულებელი. არავინ რომ ჩარეულიყო და ყველაფერი ძველი წესით დაეტოვებინათ, მოვალეობის შემსრულებელი ხდებოდა არჩილ მესტვირიშვილი. ამისთვის საკმარისი იქნებოდა კობა გვენეტაძის ბრძანება წასვლამდე. აღმოჩნდა, რომ მესტვირიშვილი არავის აწყობს ხელისუფლებაში.
მიჭირს პერსონალების დასახელება, ვინ დგას სათავეში და ვინ ლობირებს ქალბატონ თურნავას კანდიდატურას, თუმცა მათ შეძლეს და დაჩქარებული წესით შეაცვლევინეს კანონი პარლამენტს, რომ მოსწრებულიყო კობა გვენეტაძის წასვლამდე. ეს არის კონტექსტი, რის გამოც კანონი შეიცვალა, სხვა არავითარი შინაარსი კანონის ამ ცვლილებებს არ ჰქონია.
ეს უცნაური კომბინაცია დალაგდა ისე, რომ მარტიდან ჩნდებოდა 4 ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა და აქედან ერთი იქნებოდა მოვალეობის შემსრულებელი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს წლებიც. გამოდიოდა სრული მარაზმი, რითაც საბჭოში იქნებოდა 3 წევრი და 4 ვიცე-პრეზიდენტი. ფორმალურადაც კი ფიქცია გამოდის ახალი კანონით განაწილებული როლები. ამ ყველაფრის გამო, თავად განხილვასაც ახლდა ისეთი უცნაურობები, როგორიცაა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი. ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიიღეს“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ რაქვიაშილმა.
ახლა კი პარლამენტი რიგგარეშე სხდომის მოწვევის გარეშე ვერ მოახერხებს ვეტოს დაძლევას, რაც დამატებითი უხერხულობა იქნება.
„ახლა, სიტუაცია ასეთია, რადგან პრეზიდენტმა არა მხოლოდ ვეტო დაადო, არამედ მაქსიმალურად გაწელა დრო, ამ ვეტოს დაძლევა ვეღარ მოესწრება გვენეტაძის წასვლამდე. ერთადერთი გზა, რიგგარეშე სხდომაა, რაც დამატებითი მასკარადია. თუ ეს მოცემულობა შენარჩუნდა, არჩილ მესტვირიშვილი ხდება მოვალეობის შემსრულებელი და შემდეგ, მისი შეცვლა სერიოზული პრობლემა იქნება, მათ შორის სავალუტო ფონდთან.
სიტუაცია მიიყვანეს იმ მდგომარეობამდე, რომ ახლა ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მოვალეობის შემსრულებელი გახდეს საერთოდ სხვა ვინმე. ისეთი რამე მოაწყვეს, რომ საერთოდ გაუგებარია, რა საჭირო იყო, შიგნით როგორ ვერ დალაგდნენ.
არის თეორია, რომელიც არ ვიცი რამდენად სარწმუნოა, თუმცა ამ ვერსიით, თურნავას „ოცნებაში“ ბოლომდე არ ენდობიან და ეს გააკეთეს იმისთვის, რომ მოვალეობის შემსრულებლის გადაყენება მარტივია, პრეზიდენტს კი 7 წელი ვერავინ შეეხება. ასე რომ, მოვალეობის შემსრულებელი მარტივად კონტროლირებადია. მოკლედ, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფების ხისტი თამაშია“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.