"უკრაინის ომის ყველაზე სარწმუნო დასასრული" - TIME

ამერიკული ჟურნალი "თაიმი" (Time) აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით - "უკრაინის ომის ყველაზე სარწმუნო დასასრული" (ავტორი - ფილიპ შორტი), რომელშიც განხილული და გაანალიზებულია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივა, სავარაუდო სცენარებით.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

"ყველა თანამედროვე ომი ჰიბრიდულ ომს წარმოადგენს. არმიებმა რომ ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწიონ, მას მხარს უნდა უჭერდეს სამოქალაქო მოსახლეობა, მას უნდა მოხმარდეს ქვეყნის რესურსების მეტი ნაწილი. რადგან დასავლეთს ერთობლიობაში უკრაინის არმიის დასახმარებლად რუსეთზე მეტი რესურსი აქვს და მეტი შესაძლებლობები, ლოგიკურად, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს", - ნათქვამია სტატიაში.

"თუმცა, ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ირკვევა, რომ საქმე მთლად ასე მარტივად არაა: რუსეთ-უკრაინის ომი ტრადიციული ომი არ არის, უზენაესი მხარეები - დასავლეთი და რუსეთი - ერთმანეთს "ხელებშეკრულები" ებრძვიან და უკიდურეს საშუალებებს არ მიმართავენ. მათ არ სურთ, ომი ყველასათვის გამანადგურებელ ომად იქცეს - რუსეთისა და ნატოს ომად, რომელშიც არც გამარჯვეული იქნება და არც დამარცხებული. იმას, თუ რამდენად უჩვეულოა უკრაინის ომი, ერთი ფაქტიც მოწმობს: შემთხვევითი არ არის, რომ მოსკოვი წინასწარ იყო ოფიციალურად ინფორმირებული ჯო ბაიდენის მიერ კიევში დაგეგმილ ვიზიტზე, რათა თავიდან ყოფილიყო აცილებული რაიმე ინციდენტი. ჩვეულებრივ, მებრძოლი მხარეები, ტრადიციულად, ასე არ იქცევიან.

რასაკვირველია, რუსეთ-უკრაინის სამხედრო დაპირისპირება მეტია, ვიდრე - კონფლიქტი, მაგრამ ცოტაა, ვიდრე - ტოტალური ომი, რომელიც რამდენიმე დონეზე მიმდინარეობს. უკრაინა ჭადრაკის სისხლიან დაფად არის გადაქცეული, რომელზეც, ფაქტობრივად, სამი ბირთვული ქვეყანა ერთმანეთს უპირატესობის მისაღწევად ებრძვის: რუსეთს, რომელმაც პირველმა განახორციელა სისხლიანი გამბიტი, სურს აჩვენოს, რომ ამერიკა ჩვეულებრივ ომში სუსტია და, საბოლოო ჯამში, თავის მოკავშირეს ვერ დაიცავს. ამერიკას სურს, თავისი რეპუტაცია და ავტორიტეტი შეინარჩუნოს - "დასავლური საერთაშორისო წესრიგის გარანტის" სახით. ჩინეთი, რომელიც ახალბედაა "დიდ სამეულში", ცოტა მოშორებით დგას და შეუმჩნევლად აქეზებს თავის რუს პარტნიორს, თან ფიქრობს, თუ რამდენად შორს, სიღრმეში შეუძლია შესვლა მოსკოვს, რომელმაც თავისუფალი სამყაროს ლიდერი, "გლობალური გეოპოლიტიკის ძრავი" - აშშ - ბრძოლაში გამოიწვია და რომლის დომინირება კრემლს ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქიდან აღიზიანებს.

ასეთი მწვავე სამხედრო დაპირისპირების დროს, ბრძოლის ველის პარალელურად, არანაკლები მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო ომსაც. საომარი მოქმედებებიდან ერთი წლის თავზე სამივე ბირთვულმა სახელმწიფომ თავისი აქტიურობა გააორმაგა: ჯო ბაიდენმა ვარშავის ტრიბუნებიდან საჯაროდ დააიმედა კიევი, რომ ვაშინგტონი კიდევ უფრო გააფართოებს დახმარებას და რომ ამ ომში უკრაინის გამარჯვება აშშ-ის სასიცოცხლო ინტერესებში შედის. ვლადიმერ პუტინმა რუსეთის პარლამენტის ორივე პალატის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთი ეგზისტენციალურ ბრძოლას აწარმოებს დასავლეთის რევანშიზმის წინააღმდეგ და რომ წინ კიდევ უფრო მეტი ბრძოლაა მოსალოდნელი, ომი გაჭიანურდება. ჩინეთმა პოლიტბიუროს წევრი ვან ი, რომელიც საგარეო პოლიტიკას კურირებს, მოსკოვში გაგზავნა, რომ ხაზი გაუსვას - პეკინსაც თავისი ნაგაზი ჰყავს ასაშვები ამ ომისათვის.

დღემდე ჯო ბაიდენს კარგად გამოსდიოდა არა მარტო დასავლეთის ერთიანობის შენარჩუნება, არამედ - ალიანსის განმტკიცებაც. მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკისადმი საჯარო დაპირებების პარალელურად, რომ "ამერიკა უკრაინას მუდმივად გვერდში უდგას", თეთრმა სახლმა კერძო საუბრებში იგი გააფრთხილა, რომ დასავლეთის დახმარება უსაზღვრო არ არის. თავის მხრივ, ვლადიმერ პუტინი, რომელიც ულმობლად გაუსწორდა ოპოზიციას, თავს მყარად გრძნობს - მართალია, რუსების უმეტესობა ომს ენთუზიაზმის გარეშე უყურებს, მხარს მაინც პრეზიდენტს უჭერს. ვარაუდები, რომ მას "სასახლის გადატრიალების" შედეგად დაამხობენ ან მოწამლავენ, სასურველის სინამდვილედ გასაღების მცდელობაა.

წინ კიდევ უფრო მძიმე სურათი იხატება, რამდენადაც ვლადიმერ პუტინის სწრაფი და შედარებით უმტკივნეულო გამარჯვების იმედები ილუზორული გამოდგა. პრეზიდენტი უხალისოდ შეეგუა გამომფიტავი ომის პერსპექტივას, რომელიც, სავარაუდოდ, 2024 წელსაც გასცდება და დამატებით ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს. თავის მხრივ, ვლადიმერ ზელენსკისა და ნატოს სახელმწიფოების ლიდერებსაც მოუწიათ ახალი რეალობისადმი მიჩვევა-შეგუება. ამასთან, თითქმის ყველა აცნობიერებს, რომ ამჟამად არა მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობაა შექმნილი, არამედ - უფრო რთული ჩიხური სიტუაციაა: ვლადიმერ პუტინს სჯერა, რომ ადრე თუ გვიან დასავლური მხარდაჭერა შესუსტდება და რუსეთს შესაძლებლობა მიეცემა, უფრო მტკიცედ გააკონტროლოს მის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები, აამოქმედოს ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფანი

ომში დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლეთის სამხედრო დახმარების ინტენსიურობას, რომელიც, საბოლოო ჯამში, გადამწყვეტი ფაქტორი იქნება ომის პერსპექტივისათვის.

თეორიულად, თუ დასავლეთი საკმარისად მიაწვდის კიევს თანამედროვე შეიარაღებას, უკრაინელები შეძლებდნენ რუსების შევიწროვებას აღმოსავლეთ უკრაინაში, დონბასში და არ არის გამორიცხული, ყირიმიდან გაძევებაც, მაგრამ... პრაქტიკულად, ეს განუხორციელებელ ამოცანას წარმოადგენს ისევე, როგორც ის, რომ ვერც რუსეთი შეძლებს უკრაინის მთლიანად გაკონტროლებას.

პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები და ჩეხეთი რუსეთის დამარცხების მომხრენი არიან და აცხადებენ, რომ თუ დასავლეთი ვლადიმერ პუტინს ვერ შეაჩერებს, კრემლი უკრაინის შემდეგ მათაც მისწვდება. გასაგებია, რომ მათ, რუსული და საბჭოური იმპერიის ბატონობის შემდეგ, უსაფრთხოების და მოწყვლადობის გამძაფრებული სინდრომი აქვთ, მაგრამ მათი მხრიდან ასეთი მწვავე რუსოფობია მცდარია. მათგან განსხვავებით, უკრაინა განსაკუთრებულ შემთხვევას წარმოადგენს. რატომ? იმიტომ, რომ ვლადიმერ პუტინი ნატოს წევრ ქვეყანას თავს არ დაესხმება და, შესაბამისად, ნატოსთან პირდაპირ ომს არ გააჩაღებს. ერთი წლის განმავლობაში რუსეთის ლიდერმა აჩვენა, რომ იგი ფრთხილად მოქმედებს და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებთან სამხედრო ინციდენტებს თავს არიდებს.

მართალია, ჯერ არავინ არის მზად ამის პირდაპირ, ოფიციალურად სათქმელად, მაგრამ აქ მაინც ვიტყვით: შეიძლება ეჭვი დაგვებადოს, რომ თეთრ სახლს ნამდვილად სურს უკრაინის წარმატება, რომ კიევის არმიამ მთელი თავისი ტერიტორია გაათავისუფლოს და რუსები ყველა ოკუპირებული რეგიონიდან გააძევოს. ენტონი ბლინკენი ძალიან ფრთხილად ლაპარაკობს: იგი აცხადებს, რომ რუსეთი თავის საზღვრებამდე უნდა დაბრუნდეს, რომელიც 2022 წლის თებერვლამდე ჰქონდა დაკავებული და არა იმ მიჯნებამდე, რომელიც 2014 წელს არსებობდა (ანუ ყირიმის ანექსიამდე). რუსეთი ყირიმს, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობა რუსია, თავის ისტორიულ პროვინციად თვლის და თუ აშშ (დასავლეთი) უკრაინას ყირიმის საკითხში წააქეზებს, ასეთი ნაბიჯი ომის სწორედ იმ უკონტროლო ესკალაციას გამოიწვევს, რომლის თავიდან აცილება ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას სურს. მართალია, ბოლო დროს მიწყნარდა ლაპარაკი ბირთვული ომის შესაძლებლობაზე, მაგრამ ვლადიმერ პუტინის განცხადებები ფედერალური კრების სხდომაზე გამოსვლისას, რომ რუსეთი აჩერებს თავის მონაწილეობას სტრატეგიუული შემტევის შეიარაღების შემცირების ხელშეკრულებაში - ერთადერთ, ჯერ კიდევ მოქმედ დოკუმენტში, რომელიც მოსკოვისა და ვაშინგტონის ბირთვულ შეიარაღებას აკონტროლებს, იმის შეხსენებას წარმოადგენს, რომ "ბირთვული კარტი" ჯერ კიდევ მაგიდაზე დევს და მისი გათამაშება შეიძლება.

მეორე მსოფლიო ომისგან განსხვავებით, რომელიც მოკავშირეების მიერ ბერლინის დაკავებით დასრულდა, ვერავინ წარმოიდგენს, რომ უკრაინის დროშა კრემლის თავზე აფრიალდება. და თუ გამორიცხულია რუსეთის სრულმასშტაბიანი დამარცხება, მაშინ, საბოლოო ჯამში, ომის დასამთავრებლად რაღაც პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული. ამ მხრივ ყველაზე სავარაუდო სცენარად, ერთი შეხედვით, უსამართლო "ნაძირლური" კომპრომისი გვესახება - ზავი არაოფიციალური გამყოფი ხაზით, რომლის მიხედვით, რუსეთი საკმაოდ დიდ ოკუპირებულ ტერიტორიას შეინარჩუნებს, რომ ვლადიმერ პუტინს პრეტენზია ჰქონდეს, თქვას, წარმატებას მივაღწიეო. იმავდროულად, ამერიკას შეუძლია თქვას, რომ მისი გადამწყვეტი მხარდაჭერის შედეგად უკრაინამ რუსეთის შეტევას გაუძლო და კრემლს არ დაემორჩილა.

რა თქმა უნდა, ასეთი შედეგი წინასწარ არ არის განსაზღვრული, მაგრამ ყველაზე მეტად სავარაუდოა. თუ ეს მართლაც ასე მოხდება, უკრაინელები, ალბათ, მას ღალატად ჩათვლიან (და არცთუ უსაფუძვლოდ), მაგრამ საბოლოოდ კიევს, ალბათ, სხვა არჩევანი არ ექნება - გარდა იმისა, რომ დაეთანხმოს. დასავლეთი ამ მწარე აბს რაც შეიძლება მეტად დაატკბობს და უკრაინას დიდძალ ფულს მისცემს ეკონომიკის აღდგენისათვის.

ეს, ცხადია, მაინცდამაინც სასიხარულო პერსპექტივა არ არის, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ომების აბსოლუტური უმრავლესობა უფრო უარესად მთავრდება. არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ეს ომი გამონაკლისი იქნება.