რუსეთი ხორბალზე ბაჟს ისევ ზრდის, შესაბამისად, საქართველოსთვის მარცვლეული ძვირდება. ჯერჯერობით პურის ფასს საფრთხე არ ემუქრება, მაგრამ წისქვილკომბინატების მომავალი ისევ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. რუსეთიდან შემოტანილი იაფი ფქვილი კი ადგილობრივი მოსავლის ჩაბარებასაც უშლის ხელს.
ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში წისქვილები კვლავ დახურვის პირას არიან, ადგილობრივი ხორბლის მწარმოებელი ფერმერები კი გასულ წელს აღებულ და შენახულ მოსავალს ვეღარ აბარებენ. ამის მიზეზად დარგის წარმომადგენელი რუსეთში ხორბლის ექსპორტზე მზარდ ბაჟს და ფქვილის იმპორტის ზრდას ასახელებს.
„იქიდან გამომდინარე, რომ რუსეთმა ხორბლის საექსპორტო ბაჟი გაზარდა, ფქვილის იმპორტი იზრდება და წისქვილები გაჩერების პირას არიან. დღეს ამ გამოწვევას, რომელიც გასულ წელსაც იყო - წისქვილკომბინატების გაჩერებას, კიდევ ერთი გამოწვევა დაემატა, ეს ადგილობრივი ფერმერების პრობლემაა, რომლებსაც გასულ წელს აღებული და შენახული ხორბალი აქვთ. ზოგადად საქართველოსა და მსოფლიოში ასე ხდება, ფერმერები აღებულ ხორბლის ნაწილს ინახავენ, რათა ზამთარში ძვირად გაყიდონ. ახლა ქვეყანაში გაზრდილი ფქვილის იმპორტი, წისქვილკომბინატებს აზარალებს.
რუსეთში ხორბლის საექსპორტო გადასახადის ზრდისას, რუსული ხორბლის ღირებულება იზრდება, ამიტომ საქართველოში შემოდის უფრო იაფი ფქვილი. ამ პირობებში წისქვილკომბინატებს ხორბლის გადამუშავება არ უღირთ და ისინი ადგილობრივი წარმოების ხორბალს ვერ იბარებენ, რადგან ის უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე რუსეთიდან ფქვილის შემოტანა“, - განაცხადა სილაგავამ.
2022 წელს ხორბლის იმპორტში რუსეთზე დამოკიდებულება 95.1% იყო. ოფიციალური სტატისტიკით, გასულ წელს იმპორტირებული ხორბლის ღირებულება 2021 წელთან შედარებით, 30.6%-ით, ხოლო მოცულობა 49.8%-ით შემცირდა. შესაბამისად, გასულ წელს 184 063 ტონა ხორბლის შესაძენად საქართველოდან 65.7 მლნ დოლარი გავიდა.
ხორბალი და მესლინი რუსეთიდან იმპორტირებული უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფების ხუთეულში მეხუთე ადგილზე იყო. ამ ბაზრიდან საქონლის იმპორტი კი 12 თვის ჭრილში ღირებულების მიხედვით 29.4%-ითაა შემცირებული, მოცულობის მხრივ კლება - 48%-ია.
სილაგავას ინფორმაციით, დღეს რუსეთიდან გაყიდული ფქვილის ყოველი მეხუთე პარტია საქართველოში შემოდის, რაც ცუდი სტატისტიკაა. ვითარების გამოსწორების მიზნით, საქართველოს მთავრობამ ადგილობრივი ხორბლის წარმოებისა და გადამუშავების გადარჩენისთვის გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. კონკრეტულად კი ხორბლის საექსპორტო ბაჟის საპირწონე გადასახადი დაინიშნოს, რაც ხორბლისა და ფქვილის იმპორტს თანაბარ პირობებში ჩააყენებს.
„საქართველოს მთავრობა საქმის კურსშია და ვფიქრობთ, გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო. გასულ წელს მსოფლიოში იყო მოსაზრება, რომ რუსეთი ხორბალზე დაწესებულ ბაჟს მოხსნიდა, თუმცა იანვარში რუსეთის მთავრობამ თქვა, რომ ისინი ხორბლის საექსპორტო ბაჟის მოხსნას არ აპირებენ. ამიტომ საქართველოს მთავრობას მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, რათა ქვეყანაში წისქვილებმა იმუშაონ და ხორბლის მწარმოებლებს ხორბლის მოყვანის სტიმული მიეცეთ, სასურსათო უსაფრთხოება დააკმაყოფილონ და ხორბლის თვითუზრუნველყოფა 15%-დან 50%-მდე გაიზარდოს, როგორც ეს მთავრობას აქვს გაცხადებული.
ხორბლის საექსპორტო ბაჟის საპირწონე გადასახადის შემოღებით წისქვილები მუშაობის გაგრძელებას შეძლებენ. ეს ის შეთავაზებაა, რომელიც გასულ წელს დარგმა მთავრობას წარუდგინა“, - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ სილაგავამ.
მიმდინარე წლის დასაწყისიდან საქართველოსთვის ხორბლის მთავარ საიმპორტო ქვეყანაში - რუსეთში ხორბალზე დაწესებული საექსპორტო ბაჟი ყოველწლიურად იზრდება. ბოლოს გადასახადი 22 თებერვალს 11.9%-ით გაიზარდა და 1 ტონა ხორბლის საექსპორტო ბაჟი 5 177.2 რუბლი იქნება. თუმცა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე იციან, რომ მარცვლეულის ქვეყნის გარეთ რეალიზებისას დაწესებული ბაჟი პირველი მარტიდან კიდევ 1.9%-ით გაიზრდება და 5 275.2 რუბლს მიაღწევს.
ბაჟის აწევაზე კი არა, სახელმწიფო იმაზე უნდა ზრუნავდეს, რომ სამთავრობო პროგრამებით და ფონდების დახმარებით, მემარცვლეობის დარგის გაძლიერება მოხდეს და იმპორტირებულ მარცვალს ადგილობრივი ჩაენაცვლოს.