მედიკამენტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, არაკეთილსინდისიერი ქმედებები დაფიქსირდა. საუბარია იმაზე, რომ კომპანიების ნაწილმა, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდეს და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებულ, იგივე დასახელების მედიკამენტების ღირებულებას გაუთანაბრეს.
ამის შესახებ ინფორმაცია ადრეც ვრცელდებოდა, მაგრამ ახლა ეს უკვე ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა და საგანგებო განცხადებაც გაავრცელა. როგორც ჩანს, ბობოლა აფთიაქარებმა ცდუნებას მაინც ვერ გაუძლეს.
„წინასწარი შეფასებით, ფასების ერთდროულად გაზრდის პროცესში, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს არაკეთილსინდისიერ შეთანხმებებს ან დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რითაც სექტორი, მაქსიმალური მოგების მიღების უზრუნველყოფის მიზნით, აზარალებს მოქალაქეებს. კონკურენციის ეროვნული სააგენტო მზად არის მოკვლევის პროცესში ჩაერთოს. ჯანდაცვის სამინისტროს, მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით, გამოვლენილ დარღვევებზე მკაცრი რეაგირება ექნება.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ თურქული ფარმაცევტული ბაზრის გახსნით, თურქეთიდან მედიკამენტები პარალელური იმპორტით, გამარტივებული რეჟიმით შემოვიდა, რამაც საქართველოში წამლების ფასი მნიშვნელოვნად შეამცირა. აქედან გამომდინარე, თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები, ევროპულთან შედარებით, ბევრად იაფი ღირს. შესაბამისად, ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, თურქული წამლების ფასის ხელოვნური ზრდა, მიუღებელია ჯანდაცვის სამინისტროსთვის, რადგან ეწინააღმდეგება სახელმწიფოს გაცხადებულ მიზანს, მოქალაქეებისთვის უზრუნველყოს მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა, წამლებზე სამართლიანი ფასის დაწესების გზით“, - ნათქვამია განცხადებაში.
იმ დროს, როდესაც 15 თებერვლიდან 800-ზე მეტი დასახელების მედიკამენტზე მთავრობამ რეფერენტული ფასი დააწესა და წამლები მასობრივად გაიაფდა, თურქულ მედიკამენტების ხელოვნურად გაძვირება შემაშფოთებელი ფაქტია. მით უფრო, რომ მანამდე საუბარი იყო სააფთიაქო ქსელში გაიაფებული წამლების დეფიციტზეც.
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი, ირაკლი ლექვინაძე ადასტურებს, რომ7 აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია ჯანდაცვის სამინისტროსთან ჰქონდათ და სააგენტო წინასწარ შეფასებაზე მუშაობს, თუ რა ტიპის მედიკამენტებზეა საუბარი.
„შესაძლოა ეს მართლაც იყოს კონკრეტული მედიკამენტების ბაზარზე არაკეთილსინდისიერი შეთანხმების შესაძლო შემთხვევა ანდა შესაძლო დომინანტური მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენება, რაც შეიძლება იყოს ასახული ჭარბ ფასში. არ არის გამორიცხული სხვა საკითხებიც, რასაც ჩვენი კანონმდებლობა ითვალისწინებს.
აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია გვქონდა ჯანდაცვის სამინისტროსთან და ვმუშაობთ წინასწარ შეფასებაზე, - რა ტიპის წამლებზეა საუბარი, ამ ტიპის მედიკამენტების ბაზარი რეალურად როგორი სტრუქტურით არის წარმოდგენილი, არიან თუ არა იქ დომინანტები და ა.შ“, - განაცხადა ლექვინაძემ.
დაახლოებით ერთი წლის წინ თურქული მედიკამენტებისთვის საქართველოში ბაზარი გაიხსნა და 250-მდე დასახელების წამალი მკვეთრად გაიაფდა. რამდენიმე დღის წინ კი ჯანდაცვის სამინისტრომ 1300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ფასის ზედა ზღვარი დააწესა. ფარმაცევტულ კომპანიებს, განსაზღვრულ ფასზე ძვირად, წამლის გაყიდვა 2023 წლის 15 თებერვლიდან აღარ შეუძლიათ. მედიკამენტებზე განსაზღვრული რეფერენტული ფასი ორიგინალისა და მისი ანალოგი გენერიკებისთვის განსხვავებულია, რაც ბაზარზე საერთაშორისო ბრენდების ინტერესს დააზღვევს.