რატომ არ უთითებენ ონლაინ მოვაჭრეები ფასს და რას ითვალისწინებს ახალი კანონი?

რატომ არ უთითებენ ონლაინ მოვაჭრეები ფასს და რას ითვალისწინებს ახალი კანონი?

პროდუქციის განთავსებისას ონლაინ მოვაჭრე ვალდებულია მიუთითოს ფასი. ამას უკვე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონი არეგულირებს. მიუხედავად ამისა, დღესაც უამრავია განცხადებები, სადაც ესა თუ ის პროდუქცია გასაყიდადაა გამოტანილი, თუმცა ფასი მითითებული არ არის. მომხმარებელს აინტერესებს და გასაყიდი პროდუქციის ქვეშ ხშირად შეხვდებით კომენტარებს: „რა ღირს?, „ფასი?“ და პასუხია: „პირადში მოგწერთ“ - რაც რეალურად დღეს დარღვევაა.

კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში მომხმარებლის უფლებების დაცვაზე სააგენტოში საკმაოდ ბევრი განაცხადი შედის, თუმცა კონკრეტულად ონლაინ ვაჭრობისას ფასის მიუთითებლობაზე სააგენტოში განაცხადი ჯერ არავის შეუტანია.

„ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი კახა მაღრაძე ფიქრობს, რომ საზოგადოებას უფრო მეტი ინფორმაცია უნდა ჰქონდეს და იცოდეს მსგავს სიტუაციებში ვის მიმართოს. ფასის დაფარვით კი „ფეისბუქში“ ე.წ. „ინგეიჯმენტის“ გაზრდას ცდილობენ.

„კომენტარი და „ლაიქშეარი“ ხომ „ინგეიჯმენტის“ ერთ-ერთი ფორმაა და ყველა რომ უწერს - რა ღირს? რა ღირს? ეს მას უზრდის „ინგეიჯმენტს“. თუმცა ამ დროს ბრენდის, კომპანიის მიმართ, ან სავაჭრო ობიექტის მიმართ დამოკიდებულება აგრესიული ხდება. ეს ალბათ სოციალური მედიის მენეჯერების თემა უფროა, ვისი შრომაც „ინგეიჯმენტით“ და რიცხვებით ფასდება. იმათ არ აღელვებთ ბრენდის მიმართ ლოიალური დამოკიდებულება.

ბოლო პერიოდში ამ მარკეტერების დამოკიდებულება შეიცვალა, რადგანაც შესაბამისი კანონი შემოვიდა. ახლა კონკურენციის სააგენტომ უნდა აწარმოოს ფართო კამპანია, რომ საზოგადოებამ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოს და იცოდნენ, რომ ასეთ დროს სად მიწერონ ან დარეკონ“, - განუცხადა „კომერსანტს“ კახა მაღრაძემ.

„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის შესაბამისად, მოვაჭრე ვალდებულია - გასაყიდი ფასი მკაფიოდ და გასაგებად მიუთითოს, როგორც სავაჭრო ობიექტებში, ისე დისტანციურად (მათ შორის სოციალურ ქსელში) ვაჭრობის შემთხვევაში. მოვაჭრედ კი ითვლება ნებისმიერი პირი, რომელიც მრავალჯერად კომერციულ საქმიანობას ახორციელებს.

ფასის მითითება აუცილებელი არ არის, თუ:

- საქონლის მიწოდება მომსახურების ნაწილია;

- საქონელი იყიდება აუქციონზე;

- გასაყიდად ხელოვნების ნიმუშია წარდგენილი.

მომხმარებლების მხრიდან უკვე არაერთი კითხვა გაჩნდა, ვინ არის პასუხისმგებელი ზედამხედველობაზე, ვის და როგორ უნდა მიმართოს მომხმარებელმა და როგორია სანქცირების მექანიზმი?

პროცედურა ასეთია: განმცხადებელს უფლება აქვს, სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის შესახებ. შემდეგ, სააგენტო იწყებს მომხმარებლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის შესწავლას, თუ მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირის/პირების ქმედების შედეგად ირღვევა ან შესაძლოა, დაირღვეს მომხმარებელთა ჯგუფის უფლება.

სააგენტო მისთვის განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში აცნობებს განმცხადებელს განცხადებაზე რეაგირების თაობაზე ან დავის მიზეზის არარსებობის შესახებ. სააგენტო საქმეს ერთი თვის ვადაში, ხოლო მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება პროცესი გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა.

სააგენტოს გადაწყვეტილების მის მიერვე განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მოვაჭრეს ჯარიმა დაეკისრება. ამ ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს.

მოვაჭრის მიერ დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მას დაეკისრება ჯარიმა ორმაგი ოდენობით. ჯარიმის დაკისრება მოვაჭრეს არ ათავისუფლებს სააგენტოს გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კი, როგორც მომხმარებელს, ასევე ონლიან მოვაჭრეს 30 დღის ვადაში შეუძლია.