მთავრობაში მედიკამენტების გაძვირების ირიბი მეთოდი შეიმუშავეს და 2 კვირაში დანერგავენ კიდეც. როგორც ექსპერტები აცხადებენ, ასეთი პრეცედენტი ჯანდაცვის საერთაშორისო პრაქტიკაში არ არსებობს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის, ჯანდაცვის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრ სანდრო ურუშაძის 2010 წლის 7 დეკემბრის N397 ბრძანების თანახმად, 1 თებერვლიდან თბილისში მოქმედ აფთიაქებს შიდა და გარე პერიმეტრზე ვიდეოსათვალთვალო სისტემის დამონტაჟება დაევალათ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ექნება წვდომა. პირველ ეტაპზე ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესრულება მხოლოდ თბილისში მოქმედ 1227 აფთიაქს მოეთხოვება.
არასამთავრობო ორგანიზაციები 1-ლი თებერვლიდან აფთიაქებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული მედიკამენტების გაძვირებას გამოიწვევს. როგროც „ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის“ ხელმძღვანელმა თინათინ ტურძილაძემ განაცხადა, ჯანდაცვის საერთაშორისო პრაქტიკაში მსგავსი პრეცედენტი არ არსებობს.
„ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო სამედიცინო სერვისით ვერ სარგებლობს და თვითმკურნალობას მიმართავს, ვიდეოთვალების დამონტაჟება სწორი გადაწყვეტილება არაა“, - განაცხადა ტურძილაძემ და დასძინა, რომ კლიენტისა და ფარმაცევტის დიალოგი კონფიდენციალური უნდა იყოს.
ამასთან, „ჯანდაცვის ექსპერტთა კლუბის“ ხელმძღვანელმა ყურადღება აფთიაქებისთვის ვიდეოსისტემის დამონტაჟების აუცილებლობის გამო მედიკამენტების შესაძლო გაძვირებაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა ჯანდაცვის მინისტრს დაეკისრება.
„ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების შესრულება პირველ ეტაპზე მხოლოდ თბილისში მოქმედ 1227 აფთიაქს მოეთხოვება. აღსანიშნავია, რომ მარტო დედაქალაქში პროექტის საინვესიტიციო ღირებულება დაახლოებით 9 მლნ ლარს შეადგენს. ამდენად, თანხა, რომელსაც ამ პროექტში სააფთიაქო ბაზარი ჩადებს, სავარაუდოდ, მედიკამენტების ფასზე აისახება“, - აღნიშნა ტურძილაძემ.
მთავრობის ინიციატივასთან დაკავშირებით 19-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელთა განცხადება დღესვე საერთაშორისო ორგანიზაციებს გაეგზავნებათ. მიმართვას „ჯანმრთელი სამყაროს“, „ახალგაზრდები სამართლიანობისთვის“, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, „ადამიანის უფლებათა პრიორიტეტის“, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები აწერენ ხელს.
ექსპერტთა კლუბის წარმომადგენელი იზა ფუტკარაძე ხაზს უსვამს, რომ აფთიაქებში ვიდეოთვალის დამონტაჟება დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. თითოეულ აფთიაქს ვიდეოთვალის შეძენა 7 ათასი ლარი დაუჯდება.
„ფარმაცევტისა და მომხმარებლის ურთიერთობის ვიდეოთვალთვალი ადამიანის უფლებების დარღვევაა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ადამიანებისა და ფარმაცევტების ურთიერთობა კონფიდენციალური უნდა დარჩეს“, - განაცხადა ფუტკარაძემ.
ახალ ინიციატივას ეხმიანებიან ფარმაცევტებიც. კომპანია „პე ეს პე“-ში აფთიაქებისთვის ვიდეომეთვალყურეობის შემოღებასა და მედიკამენტების შესაძლო გაძვირებას შორის პირდაპირ კავშირს ვერ ხედავენ, თუმცა ვერც იმის პირობას დებენ, რომ წმლები არ გაძვირდება.
როგორც „პე ეს პე“-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, დეტალურ კომენტარს კომპანიის დირექტორი გოჩა გოგოლაშვილი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ გააკეთებს.
„აფთიაქებში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების ვალდებულება უფრო ტექნიკური საკითხია და მედიკამენტების გაძვირებასთან პირდაპირი კავშირი არ აქვს, თუმცა ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ვიდეოსისტემის დამონტაჟება კი საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.
ამასთან, იმ ხარისხის ვიდეოკამერები, რომელიც აფთიაქების შიდა და გარე პერიმეტრზე უნდა დამონტაჟდეს, ბაზარზე თითქმის არაა, ამიტომ ჩვენ ტენდერი უკვე გამოვაცხადეთ“, - განუცხადეს სააგენტო „პირველს“ „პე ეს პე“-ში.