ვის წისქვილზე ასხამს წყალს თბილისსა და კიევს შორის კინკლაობა?!

ვის წისქვილზე ასხამს წყალს თბილისსა და კიევს შორის კინკლაობა?!

ნებისმიერი საღად მოაზროვნე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თავისი ქვეყანა უყვარს, რა თქმა უნდა, უკრაინას უსურვებს რუსეთთან ომში გამარჯვებას. უკრაინასთან ერთად საქართველოც გაიმარჯვებს და ეს ჩვენი თანამოქალაქეების დიდ ნაწილს გათავისებული აქვს. რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია და იმედია, ვიხილავთ ნიურნბერგის სასამართლოს მსგავს პროცესს, რომელზეც პუტინით დაწყებული და კადიროვით დამთავრებული, ყველას თავისი მიეზღვება.

სამწუხაროა, რომ თბილისსა და კიევს შორის არსებულ გაუგებრობას დასასრული არ უჩანს და საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს „შენიშვნის“ მიცემაც მოუხდა მხარეებისთვის, როდესაც თქვა, რომ საკითხების გარკვეული კატეგორია მხარეებმა კონფიდენციალურად უნდა განიხილონ და არა ტელეეთერებში. კონკრეტულად ელჩმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც თბილისსა და კიევს შორის იარაღის გადაცემის შესახებ იწილო-ბიწილო გაღრმავდა. საქართველო რომ იყოს დიდი სახელმწიფო, უზარმაზარი სამხედრო თუ ეკონომიკური რესურსებით, სავარაუდოდ, იარაღს უკრაინა ყოველგვარი თხოვნების გარეშე მიიღებდა, თუმცა რეალობა სხვაა. საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია და თბილისიდან რუსული სამხედრო ქვედანაყოფი 40 კილომეტრში დგას. გარდა დიდი სახელმწიფოებისა (აშშ, გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი), უკრაინას აქტიურად უჭერენ მხარს და იარაღითაც ამარაგებენ შედარებით პატარა ქვეყნები (ბალტიისპირეთის სახელმწიფოები, პოლონეთი, სლოვენია, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ა.შ). თუმცა ყველა ეს ქვეყანა ნატოს წევრი სახელმწიფოა.

მაგალითად, ესტონეთმა განაცხადა, რომ თავის ყველა ჰაუბიცებს უკრაინას გადასცემს. ეს ძალიან მაგარი ნაბიჯია ესტონელების მხრიდან, რომელთაც ძალიან კარგად იციან, რა არის რუსული ოკუპაცია. თუმცა ოფიციალურმა ტალინმა ისიც ძალიან კარგად იცის, რომ რუსეთი ვერ გაბედავს ესტონეთის დასჯას, რადგან ეს ნიშნავს ნატოსთან ომს. რუსებს ესტონელების ჰაუბიცები კი არ მოიგერიებს, არამედ ამერიკული თუ ბრიტანული დივიზიები თავისი ფლოტიან და საჰაერო არმადებიანად. ეს კი მოსკოვისთვის დასასრულის დასაწყისი იქნება. ასე რომ, ესტონეთი დაცულია, მისი არმია სულ რომ პისტოლეტების ამარა დარჩეს.

აქვე პატარა გადახვევას გავაკეთებთ: საქართველოში ხშირად კამათობენ ექსპერტები თუ პოლიტიკოსები, რომ მოლდოვა უფრო აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას, ვიდრე ოფიციალური თბილისი. ჩვენ ამ კამათში არ შევალთ, მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ მიუხედავად იმისა, მოლდოვას ქართულ ჯარზე ბევრად სუსტი არმია ჰყავს, გეოპოლიტიკური კუთხით უფრო უსაფრთხო პოზიცია უკავია, ვიდრე საქართველოს. კერძოდ, მოლდოვას სახმელეთო საზღვარი რუსეთთან არა აქვს და ესაზღვრება უკრაინა და რუმინეთი. გარდა ამისა, სეპარატისტულ დნესტრისპირეთში მცირერიცხოვანი რუსული კონტინგენტი იმყოფება, რომლის გასრესაც უკრაინულ ბრიგადებს იოლად შეუძლიათ (უკრაინულმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ თუ კიშინიოვიდან იქნება თხოვნა, უკრაინა დნესტრისპირეთს გაათავისუფლებს. თუმცა კიშინიოვი კიევისთვის ოფიციალური თხოვნით მიმართვას არ ჩქარობს). მესამეც - მოლდოვის უკან დგას ნატოს წევრი რუმინეთი და მოლდოველების დიდ ნაწილს ორმაგი მოქალაქეობა აქვს.

დავუბრუნდეთ იარაღის გადაცემა-არგადაცემის საკითხს - თეორიულად წარმოვიდგინოთ, რომ თბილისმა კიევს მართლაც გადასცა იარაღი. რუსეთი მაშინვე დაადანაშაულებს თბილისს საბრძოლო მოქმედებებში მხარედ დაფიქსირებაში და, რა თქმა უნდა, ხელ-ფეხი გაეხსნება, რომ საქართველოს წინააღმდეგ მორიგი აგრესიული ქმედებები განახორციელოს. მაგალითად, ქართულ სოფლებს შემოუსევს სეპარატისტულ ფორმირებებს, რასაც რუსული ბატალიონებიც შემოჰყვებიან. რა, რუსეთი გამოსწორდა და გადაიფიქრა ქართული სახელმწიფოს განადგურება? კრემლში რა, არ იციან, რომ საქართველოში სიტუაციის არევით შუა დერეფნის პროექტი, რომელიც ენერგორესურსების საქართველოს გავლით ევროპისკენ ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, საბოლოოდ ჩაიშლება? თუ ზოგიერთი გულუბრყვილო ექსპერტივით იმის იმედზე ვიყოთ, რომ რუსეთი საქართველოსთვის ვერ მოიცლის? შეგახსენებთ, რომ 90-იან წლებში რუსეთში არანაკლები კრიზისი იყო. პრეზიდენტი იყო ვითომ საქართველოს მეგობარი ელცინი და რუსულ სახელმწიფოს სულ რამდენიმე ნაბიჯი აკლდა დაშლამდე. თუმცა ჩვენთვის ძალიან კარგად მოიცალა, რაც საქართველოს სამოქალაქო ომად და აფხაზეთიდან სამასი ათას დევნილად დაუჯდა. ისტორიის გაკვეთილები კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი ქვა თავში ორჯერ არ მოგვხვდეს.

კიდევ ერთი ფაქტორი, რაც ძაბავს ურთიერთობას თბილისსა და კიევს შორის, არის ზოგიერთი უკრაინელი ოფიციალური პირის განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება. ეს არის უმძიმესი ბრალდება, რომელიც ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული. ჩვენ კონკრეტული ფაქტები ჯერ არ გვინახავს. თუ იქნება ფაქტები, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება არ აპატიებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთთან ფარულ თამაშებს. თუმცა ვიმეორებთ - ფაქტები არ გვინახავს.

მეორეც - ასეთი ბრალდებები საქართველოსთან მიმართებაში არ ისმის იგივე აშშ-სგან, რომელსაც თავისი სადაზვერვო სამსახურების დახმარებით ბევრად მეტი ინფორმაცია შეიძლება ჰქონდეს იმაზე, იღებს თუ არა რუსეთი ქართული მხარის დახმარებით სანქცირებულ ტვირთებს.

ბოლო სკანდალი თბილისსა და კიევს შორის უკავშირდება უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომლის მიხედვით, თუ თბილისსა და მოსკოვს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა ან რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასობრივი შემოდინება უკრაინის მოქალაქეებს საფრთხეს შეუქმნის, კიევი მათ ევაკუაციაზე იფიქრებს. კარგი იქნებოდა, კასიანოვს დაეკონკრეტებინა, რა იგულისხმება „საფრთხის შექმნაში. წარმოვიდგინოთ, რომ საქართველოში შემოსულმა რუსებმა დაიწყეს აქ მყოფი უკრაინელი ლტოლვილების დევნა ან შევიწროება. ეს ვინმეს როგორ წარმოუდგენია?! კი მაგრამ, საქართველოს მოქალაქეები ანგარიშში ჩასაგდები არ არიან?! მნიშვნელობა არა აქვს, რომელი პარტიის მხარდამჭერია - საქართველოს რომელი მოქალაქე დაუშვებს აქ უკრაინელების შევიწროებას?! ნებისმიერი რუსი, რომელიც გაბედავს საქართველოში მყოფი უკრაინელისთვის თითის დაკარებასაც კი, ისეთ გარემოში აღმოჩნდება, რომ თავისი ფეხით გაიქცევა "მატუშკა რასიაში" და საქართველოში ფეხს ვეღარასოდეს შემოადგამს. თუ კასიანოვი იმას გულისხმობს, რომ რუსული სპეცსამსახურები შეეცდებიან საქართველოს ტერიტორიაზე რუსებსა და უკრაინელებს შორის კონფლიქტის პროვოცირებას, მაშინ ეს პირდაპირ უნდა თქვას, რადგან ეს უკრაინელების კი არა, პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ მომართული პროვოკაცია იქნება. თუმცა ვიმეორებთ - საქართველოში არსებული საზოგადოებრივი განწყობებიდან გამომდინარე, ასეთი პროვოკაცია ვერ განხორციელდება.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. ომში ჩართული ქვეყნის მიმართ უფრო მეტი დიპლომატიის გამოჩენა სასურველი იქნებოდა. გარდა ამისა, კარგი იქნებოდა, უფრო მკვეთრად დაფიქსირება იმისა, რომ მიუხედავად ხელისუფლებებს შორის გაუგებრობებისა, ოფიციალური თბილისი უკრაინას ომში გამარჯვებას უსურვებს. გარდა ამისა, არასასურველია პერმანენტულად იმის ძახილი, რომ უკრაინას საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს და ა.შ. ასევე, კარგი იქნება, თუ საქართველოს მოქალაქეები უფრო მეტ ინფორმაციას მიიღებენ იმის შესახებ, ჰუმანიტარული კუთხით რა სახის და რა რაოდენობის დახმარებას იღებს უკრაინა საქართველოსგან. რაც მთავარია - კიევსა და თბილისშიც კარგად უნდა იცოდნენ, რომ ამ კინკლაობით ხეირობს ერთადერთი ქვეყანა - რუსეთი. გადახედეთ პუტინის პროპაგანდისტებს: მათში ქართულ-უკრაინული სიტყვიერი დუელი უზარმაზარ სიხარულს იწვევს და ცდილობენ სიტუაცია ისე წარმოაჩინონ, რომ რა შუაშია „საწყალი“ რუსეთი, როდესაც გუშინდელი სტრატეგიული პარტნიორები ერთმანეთში ვერ მორიგებულან. მტრის გული არ უნდა გავახაროთ და კიევსა და თბილისშიც კარგად უნდა იცოდნენ, რომ ოდნავი გაუგებრობის ნაპერწკალი სადაც ჩნდება, იქვეა ჩასაფრებული ვლადიმირ პუტინი დიდი ნავთის ბიდონით ხელში.