ავტოსკოლები გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარება. საკითხზე მსჯელობა დაწყებულია და პროექტიც არსებობს. კონკრეტულად რა შეიცვლება, ამაზე ჯერ დეტალურად არაფერია ცნობილი, მაგრამ ცვლილებები მალე მზად იქნება.
შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის იმედა მაკასარაშვილის ინფორმაციით, ავტოსკოლები გარკვეულ რეგულაციებს დაექვემდებარებიან. აღნიშნულ თემაზე გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები მომზადებულია და საკითხზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს.
მომსახურების სააგენტოში ფიქრობენ, რომ ავტოსკოლებისთვის გარკვეული მოთხოვნები, სწავლების ხარისხზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.
„ავტოსკოლები კერძო ბიზნესის სექტორია, თავისუფალია ეს ბაზარი და ნებისმიერს შეუძლია ასწავლოს. მოიმატა თუ მოიკლო მათმა რაოდენობამ, ამ თემაზე არ ვფლობთ ინფორმაციას, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ ცვლილებებზე. მომზადებულია ავტოსკოლებთან დაკავშირებით მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც განხილვაშია ამჟამად და როგორც კი იქნება მზად, შევატყობინებთ სექტორის წარმომადგენლებს, თუმცა მათ ამის შესახებ უკვე იციან.
პროექტის დეტალებზე საუბარი გამიჭირდება, რადგან განხილვის პროცესშია, ზოგიერთი შეიძლება დარჩეს ან შეიცვალოს, ამ ეტაპზე ჩემთვის უცნობია რა დარჩება. ვადებზეც არ მაქვს ინფორმაცია, თუმცა განხილვაშია და დადგენილების პროექტი მზად არის“, - აღნიშნა „საქმიანი დილის“ ეთერში იმედა მაკასარაშვილმა.
მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობის გამოცდები გართულდა, დღის წესრიგში დადგა სწავლების კვალიფიკაცია და ხარისხი. სტატისტიკა ადასტურებს, რომ 80-90%-ს რამდენიმე ცდა სჭირდება მძღოლის მოწმობის მისაღებად, ბევრი საერთოდაც ვერ ახერხებს გამოცდის ჩაბარებას. ეს კი სწავლების დაბალ დონეს ადასტურებს.
აქედან გამომდინარე, როგორც საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აღნიშნავს, თუ მკაცრდება საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები და რთულდება მართვის მოწმობის აღება, მაშინ გადასახედია ავტოსკოლების საქმიანობაც.
„დღეს საქართველოში ძალიან ბევრი თვითმარქვიაა, ვინც ხსნის ავტოსკოლას ისე, რომ შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს. ყველას არ ეხება, თუმცა არსებობენ ე.წ. ავტოსკოლები, რომლებიც ხრიკების და კოდირების გზით ამზადებენ საგამოცდოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად უცხო ენაზეც რომ იყოს საგამოცდო ტექსტი, კოდირების მეთოდით თქვენ მაინც შეძლებთ ჩაბარებას. ამ დროს ხდება თეორიული საგამოცდო პროგრამის მოტყუება, რაც სრულიად დაუშვებელია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ნებისმიერს შეუძლია გახსნას ავტოსკოლა. მოუწესიგებელი სისტემის შედეგად ვიღებთ იმას, რომ გამოუცდელი ადამიანები ამზადებენ პოტენციურ მკვლელებს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ავტოსკოლები ევროკავშირის სტანდარტებს ექვემდებარებოდეს, რაც გულისხმობს შესაბამის აღჭურვილობას, თეორიულ კურსს, პრაქტიკულ ნაწილს, წარმოიდგინეთ, ჩვენთან ავტოსკოლებს ერთიანი სასწავლო პროგრამაც არ აქვთ, საგზაო მოძრაობის კანონი კი არის ერთი. ამ დროს ყველა იმას ასწავლის, რაც თვითონ ჰგონიათ სწორი.
მთლიანი სისტემა საჭიროებს რეფორმას, ავტოსკოლებიდან დაწყებული გამოცდით დამთავრებული, სახელმწიფო უნდა აკონტროლებდეს ამ სისტემას და განათლების სამინისტროც უნდა ჩაერთოს, რათა შეიქმნას ერთიანი სასწავლო გეგმა“, - განმარტა მესხიშვილმა.
რაც შეეხება უკვე განხორციელებულ რეფორმას, რომელიც მართვის მოწმობის გამოცდის რეალურ სივრცეში გადატანას გულისხმობს, მესხიშვილი აცხადებს, რომ ამ ცვლილების შედეგად გამოცდაში უფრო მეტი ადამიანი იჭრება, რისი მიზანიც ისაა, რომ მართვის მოწმობა მხოლოდ შესაბამისი ცოდნის მქონე ადამიანებმა მიიღონ.