თბილმა დღეებმა და უთოვლობამ ზამთრის საკურორტო სეზონი დიდი პრობლემის წინაშე დააყენა. რამდენადაც სათხილამურო კურორტებისთვის მეტად სასურველი ნალექი არც მომდევნო დღეეებშია მოსალოდნელი, თეთრი ტურიზმი უკვე აშკარა ჩავარდნის საფრთხის წინაშეა. ადგილობრივი ბიზნესი დიდ პრობლემას განიცდის.
გუდაურში მდებარე სასტუმროებში აცხადებენ, რომ საახალწლო ნაკადის გასტუმრების შემდეგ დამსვენებელი არ ჰყავთ. ტრადიციულად, კურორტზე ტურისტების უმეტესი ნაწილი უცხოელები არიან. კერძოდ, დიდი აქტივობა შეიმჩნეოდა რუსეთიდან, თუმცა, ამინდის გამო, ახლა გუდაურს დიდად აღარც რუსი ტურისტები სტუმრობენ.
როგორც ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერმა დაადასტურა, უჩვეულოდ თბილი დღეები სეზონის წარმატებით მიმდინარეობას ხელს ნამდვილად უშლის.
„დეკემბრის ბოლოდან სასტუმროში ჯავშნები გვქონდა. ამინდიც თითქოს ნორმალური იყო, თუმცა ახლა, როცა თოვლი საერთოდ აღარ მოდის, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა. სტუმრებს ჩამოსვლა აღარ სურთ, ჯავშნები ერთმანეთის მიყოლებით უქმდება, მიზეზი კი ისევ და ისევ ამინდია. ყველა იმას გვეუბნება, რომ სიტუაცია თუკი შეიცვლება, მხოლოდ შემდეგ ჩამოვლენ დასასვენებლად. ასეთი მდგომარეობა არა მხოლოდ ჩემს სასტუმროშია, იგივე სიტუაცია არის თითქმის ყველასთან“, - აღნიშნა გუდაურის სასტუმროს მენეჯერმა.
მიმდინარე სეზონზე კლიმატური პირობების გამო შექმნილი ვითარება სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმაც შეაფასა და განაცხადა, რომ გუდაურის და ბაკურიანის ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა.
„სამწუხაროდ, ამ ეტაპისთვის, კლიმატური პირობების გამო, გუდაურისა და ბაკურიანის ზამთრის ტურისტული სეზონი ჩავარდა. წელს, ისრაელიდან პირველად იწყებოდა ზამთრის ტურიზმის მიმართულებით განვითარება. 15 000 ებრაელ ტურისტს ველოდებოდით. სამწუხაროდ, ეს სეზონი ჩავარდა. დამსვენებლების უმრავლესობამ უკან გამოითხოვა ის თანხა, რაც სასტუმროებში ჰქონდა ჩარიცხული.
ამას დაემატა გაურკვეველი მდგომარეობა ინსტრუქტორებთან დაკავშირებით, რაც ერთ-ერთი ხელისშემშლელი პირობაა. არანაირი კანონმდებლობა არ გვაქვს, რომელიც აუკრძალავს ვინმეს ქვეყანაში შემოსვლას და აქ ინსტრუქტორად მუშაობას. ბევრი ჩამოვიდა, საიდანაც შესაძლოა, რამდენიმეს საერთაშორისო ლიცენზია ჰქონდეს და მათ წინააღმდეგ წავიდნენ ადგილობრივი ინსტრუქტორები. როდესაც ბევრი ტურისტია, გადანაწილება ხდება, ინსტრუქტორები დაკავებულები არიან და ასე მძაფრად არ დგება ეს პრობლემა. მაშინ, როდესაც ტურისტების სიხალვათეა, ეს პრობლემა მაშინვე იჩენს თავს. გამოჩნდა, რომ საქართველოში უცხოელი ინსტრუქტორებისთვის არც ისე სახარბიელო სიტუაციაა“, - აღნიშნა და დასძინა, რომ 2023 წლის ერთ-ერთი გამოწვევა სასტუმროებში დასაქმებული პერსონალის ნაკლებობაც იქნება.
„ნამდვილად ერთ-ერთი გამოწვევა იქნება პერსონალი. ახალი რეგულაციით რატომ გადაწყვიტეს, რომ სასტუმროებში 48-საათიანი ლიმიტი 40 საათამდე შეიცვალოს? როდესაც ადამიანი მიდის კურორტზე სამუშაოდ, იცის, რომ 2-3 თვე უნდა იმუშაოს იქ, მზად არის უფრო მეტი იშრომოს. ის ადამიანი ცხოვრობს კურორტზევე, სადაც მუშაობს. დამქირავებელი და დაქირავებული თანხმდებიან“, - განაცხადა ალავერდაშვილმა.
დამსვენებელის გარეშეა ყაზბეგიც. ადგილობრივთა ინფორმაციით, ამ ეტაპზე ტურისტები არ ჩანან. შესაძლოა, ამის მიზეზი ამინდი იყოს, თუმცა ბოლო წლებში ყაზბეგს სტუმარი ისედაც დააკლდა.
„სახარბიელო ვითარება არც შარშან იყო პანდემიის გამო, თუმცა ამ დროს გაცილებით მეტი ისვენებდა. ახლა თითქმის ცარიელია როგორც მსხვილი, ასევე საოჯახო ტიპის სასტუმროები. არ ვიცი, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. ადგილობრივები ისედაც ნაკლებად ჩამოდიან, უფრო უცხოელი დამსვენებლების იმედად ვართ, მაგრამ წელს ისინიც პასიურობენ“, - განაცხადა დაბა სტეფაწმინდის მკვიდრმა ნინო ქართველიშვილმა.
ბაკურიანი, გუდაური და მესტია დამსვენებლებს მომზადებულნი დახვდნენ, მაგრამ მაღალმა ტემპერატურამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ფაქტია, რომ დღევანდელ ვითარებას ვერც ხელოვნური გათოვლიანება შველის. საბოლოო ჯამში კი, კურორტებზე ჯავშნები უქმდება.