ახალი საგადასახადო კოდექსზე კვლავ დაპირისპირებაა და ეს იმდენად თვალშისაცემია, რომ მისი დამტკიცება მინიმუმ ორი თვით გადაიდო. მთავრობა კი აცხადებდა, რომ შენიშვნების უდიდესი ნაწილი გაითვალისწინა, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, მთლად ასეც არ არის საქმე.
რევოლუციურად წოდებული საგადასახადო კოდექსის მიღება საშემოდგომო სესიისთვის გადაიდო. პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციები შემდეგ ეს ამბავი გაახმაურა. დავით ბაქრაძის განმარტებით, ნიკა გილაურთან კონსულტაცია გვიან გაიმართა და გადაწყდა, რომ მეორე მოსმენით დამტკიცება 21 ივლისისთვის გადაიდო. მიზეზად კი ის ფაქტი სახელდება, რომ ახალ კოდექსში მთელი რიგი მუხლები ამ დრომდე შეუთანხმებელია.
აქამდე კეთდებოდა განცხადებები, რომ ახალ კოდექსს პარლამენტი საშემოდგომო სესიამდე დაჩქარებული წესით დაამტკიცებდა. საგადასახადო კოდექსი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზეც განიხილეს და გამოითქვა ვარაუდი, რომ თუ იმ დღეს კოდექსი განიხილებოდა, მაშინ 10-მდე საკითხი მესამე მოსმენისთვის გადაიდებოდა.
ცნობილია, რამდენიმე დასაზუსტებელი დეტალი, მათ შორის ერთი – ფიზიკური პირების მიერ უძრავი ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის დაბეგვრას ეხება. ასევე, შესათანხმებელია გრანტებიდან გაცემული ხელფასების დაბეგვრის საკითხიც. უმთავარესი მაინც უძრავი ქონების გაყიდვით მიღებული შემოსავლის დაბეგვრაა.
ახალი კოდექსის პროექტით, უძრავი ქონების რეალიზაციისას, თუკი ნამატი აღემატება 30 ათას ლარს, იგი დაიბეგრება საშემოსავლო გადასახადით. აღნიშნულ ნორმას პარლამენტართა ნაწილი და არასამთავრობო სექტორი აკრიტიკებს და მიიჩნევს, რომ ეს უძრავი ქონების გაძვირებას გამოიწვევს. ამასთან, მოხდება შემოსავლის დამალვაც.
ცვლილებების მოწინააღმდეგეები მიიჩნევენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დარჩეს დღეს მოქმედი ნორმა, რომელიც ქონების რეალიზაციას მხოლოდ მაშინ ბეგრავს თუ ნამატი 100 ათას ლარს აღემატება.
გიგი წერეთელი სხვა ინიციატივასაც აყენებს და უფასო სასადილოების დღგ-სგან გათავისუფლებას ითხოვს. ვიცე-სპიკერმა ეს საკითხი ახალი საგადასახადო კოდექსის პირველი მოსმენით განხილვისას დააყენა. მაშინ მთავრობისგან პირობაც მიიღო, რომ საკითხის გათვალისწინება მოხდებოდა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, შესწორებულ კანოპროექტში საკითხი გათვალისწინებული არ არის.
როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ირაკლი სირაძემ აღნიშნა, ამ შეღავათის დაწესებით გაძნელდება ადმინისტრირება, თუ რომელი სასადილოა უფასო, ვინაიდან გარკვეული სასადილოები მუშაობენ ჩვეულებრივად და დროის გარკვეულ მონაკვეთებში აქვთ უფასო აქციები სხვადასხვა ორგანიზაციის დაკვეთით. სირაძეს მიაჩნია, რომ აღნიშნული ნორმის კანონში ჩაწერა გაუმართლებელი იქნება და აცხადებს, რომ თუკი უფასო სადილის აქციას დააფინანსებს რომელიმე თვითმმართველობა, ჯობს დღგ-ისთვის გადასახდელი თანხა გაიღოს თვითმმართველობამ. თუმცა, როგორც წერეთელმა მის საპასუხოდ განაცხადა, ეს პრობლემა ადვილად მოგვარდება, თუკი კანონში ჩაიწერება, რომ დღგ-სგან თავისუფლდებიან სპეციალური სასადილოები.