გუდაურში ქართველ და უცხოელ სათხილამურო ინსტრუქტორებს შორის ვითარება ძალიან დაიძაბა. ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებს. საქმე შეიძლება ფიზიკურ დაპირისპირებამდეც მივიდეს, მით უმეტეს, რომ ამის წინაპირობა გამოკვეთილია.
დაძაბულობა უკვე გასცდა ლოკალურ ფარგლებს. ავსტრალიური გამოცემა „ეიბისი აუსტრალია“ წერს, რომ გუდაურში ადგილობრივები საერთაშორისო სათხილამურო ინსტრუქტორებს მუშაობის საშუალებას არ აძლევენ. ათობით უცხოელს, მათ შორის ავსტრალიის მოქალაქეებს, ადგილობრივები აშინებენ, სიტყვიერად ემუქრებიან და ეუბნებიან, რომ საქართველოში მუშაობის უფლება არ აქვთ.
გამოცემა წერს, რომ მუქარის ფაქტები ავსტრალიის სამი მოქალაქისგან შეიტყვეს, რომელთაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. მათი განცხადებით, გუდაურში მთელი საკურორტო სეზონის მანძილზე სურთ დარჩენა, თუმცა ვინაიდან მუშაობისა და ფულის გამომუშავების საშუალება არ აქვთ, ქვეყნის დატოვება მოუწევთ. მათ ამ ფატქზე ადგილობრივ პოლიციასაც მიმართეს, თუმცა პრობლემა მაინც არ აღმოიფხვრა. პოლიციის გარდა, მათ საელჩოებსაც მიმართეს.
„შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ საერთაშორისოდ აღირებული კვალიფიკაციისა და მუშაობის უფლების ქონის მიუხედავად, უსაფრთხოების გარანტიებს ვერ ვიღებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში ვიმუშაოთ“, - წერია მიმართვაში.
გუდაურში ვითარება ამჯერადაც, ზამთრის სეზონის დაწყებასთან ერთად, დეკემბერში დაიძაბა. 13 იანვარს კი ქართველმა ინსტრუქტორებმა გუდაურში საბაგირო გადაკეტეს და მთის წვერზე არ აუშვეს ებრაელების დიდი ჯგუფი საკუთარი უცხოელი ინსტრუქტორით.
უცხოელების პოზიციას აბსოლუტურად არ იზიარებენ ადგილობრივები. სათხილამურო გამყოლი პაატა ღლონტი ამბობს, რომ საერთაშორისო ინსტრუქტორების პრობლემა გასულ წლებშიც არსებობდა, თუმცა წელს სიტუაცია გამწვავდა. შესაბამისად, სახელმწიფო უნდა ჩაერიოს და შეიქმნას კონკრეტული კრიტერიუმები, რისი დაკმაყოფილების შემდეგაც ინსტრუქტორად მუშაობის უფლება გაიცემა. მისივე აზრით, მსგავსი შემთხვევები გუდაურის საკურორტო იმიჯს აზიანებს.
„ადგილობრივ მოსახლეობას ამ ოდენობის უცხოელი ინსტრუქტორების შემოსვლა არ სურს. სწორედ ამას სჭირდება კონტროლი და სერტიფიცირება, რადგან ბოლო წლებში ინსტრუქტორების დიდი ნაკადი შემოვიდა, რომელთა შორის შესაძლოა ისეთებიც იყვნენ, საერთოდ რომ არ აქვთ სერტიფიკატი.
ამ პროცესის უკონტროლობამ ადგილობრივი მოსახლეობის გაღიზიანება გამოიწვია. ისინი ბოიკოტს უცხადებენ პროცესს, ვიდეოებიც გავრცელდა. მგონია, რომ ამაში სახელმწიფო უნდა ჩაერიოს. ამ ადამიანებს პურის ფული შემოაკლდათ, რის გამოც გაღიზიანებულები არიან“, - ამბობს პაატა ღლონტი.
სათხილამურო კლუბ „გუდაურას“ მთავარი მწვრთნელი შალვა აბრამიშვილი კი წერს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქე ინსტრუქტორებს ყოველგვარი კონტროლის გარეშე ეძლევათ მუშაობის უფლება, შესაბამისად, ქართველი კონსტრუქტორების პროტესტი სამართლიანია.
„მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ გუდაურში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით. უკვე ორი კვირაა ქართველი ინსტრუქტორების უდიდესი ნაწილი გამოხატავს პროტესტს იმის გამო, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (ისრაელი, უკრაინა, რუსეთი და ა.შ.) აბსოლუტურად ყველანაირი კონტროლის გარეშე ეძლევათ უფლება იმუშაონ სათხილამურო ინსტრუქტორებად გუდაურში.
პროტესტს გააჩნია საფუძველი და შესაბამისად, მიზანი. აქტიურად მიდის მუშაობა სამთავრობო უწყებებთან და მაქსიმუმის მაქსიმუმი კეთდება იმისთვის, რომ ყველაფერი დალაგდეს ისე, როგორც არის დალაგებული ევროპაში.
ყველას გთხოვთ თავი შეიკავეთ ემოციებისგან, დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, ხელი არ შეუწყოთ წყლის ამღვრევას და შესაბამისად პროცესის არაჯანსაღად განვითარებას.
ებრაელები არსად არ წასულან. ებრაულმა კომპანიამ დაითხოვა თავისი ჩამოყვანილი ინსტრუქტოები, დაიწყო თანამშრომლობა ქართველებთან და ყველაფერი შესანიშნავადაა, ყველა კმაყოფილია“, - დაწერა შალვა აბრამიშვილმა.
საქართველოს პარლამენტში უკვე მართლაც დარეგისტრირებულია ახალი კანონი „ტურიზმის შესახებ“, რომელმაც სამთო კურორტებზე მუშაობის სხვადასხვა ასპექტი უნდა მოაწესრიგოს.