ოპოზიციის ნაწილს ეჭვი ეპარება, რომ ის „შავი სია" შედგეს, რომელზეც რამდენიმე დღეა ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები და მხარდამჭერები ლაპარაკობენ. „ოცნებამ" კი „ნაცმოძრაობის" დაანონსებულ ე.წ. მაგნიტსკის სიას ბინძური ნაბიჯი უწოდა და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები მოსამართლეზე, ექთანსა და ექიმზე ზეწოლაში დაადანაშაულა.
სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, „მაგნიტსკის სიაზე" მუშაობა ჯერ არ დასრულებულა. როგორც მან განაცხადა, მათ მიერ შედგენილი სია ამერიკელ ადვოკატს და საზღვარგარეთ მომუშავე ჯგუფს უნდა გაეგზავნოს. ადვოკატის შეფასებით ამ სიას „მსუსხავი ეფექტი" ექნება.
„სია ნახა მიხეილ სააკაშვილმა, ახლა ეს იგზავნება ამერიკაში ამერიკელ ადვოკატთან და იმ ჯგუფთან, რომელიც მუშაობს საზღვარგარეთ და საბოლოო ვარიანტს მიიღებს ეს ჯგუფი, თან კიდევ გაგრძელდება მუშაობა. ზუსტდება ეს სია და ზუსტი რიცხვის დასახელება გაჭირდება, რადგან იკლებს-იმატებს მტკიცებულებების საკმარისობის კუთხით და ა.შ. ამ სიის მიზანია მსუსხავი ეფექტი და ექნება კიდეც", - განაცხადა ხაჭაპურიძემ „ინტერპრესნიუსთან".
როგორც „გირჩის" დეპუტატი იაგო ხვიჩიას ამბობს, „მაგნიტსკის სია" არ შედგება და „ნაციონალური მოძრაობა" „ამ რაღაცაში" დროს კარგავს, მაგრამ მას წარმატებებს უსურვებს.
„არ მჯერა, რომ „მაგნიტსკის სია" გამოვა. სია არ შედგება - ასეთი სია არ შეიქმნება, მით უფრო პოლიტიკოსების და მით უფრო „ნაცმოძრაობის" მიერ. მათ მიხეილ სააკაშვილიც მოუწოდებს, რომ საქმე არასამთავრობო ორგანიზაციებს დაუთმონ. ენჯეოებს კი დიდი გულმოდგინება არ ეტყობათ.
„ქართულ ოცნებას" აწყობს ასეთ არასერიოზულ თემებზე საუბარი - როცა ქვეყანა სავსეა სერიოზული თემებით, რაზეც საუბარს ყველა გაურბის. „ქართულ ოცნებას" აწყობს ილაპარაკო მიხეილ სააკაშვილის კუჭის მოქმედებაზე ან „ნაცმოძრაობის" მიერ „მაგნიტსკის სიის" შედგენაზე - ეს არის „ქართული ოცნების" ოცნება და ამაში მას ჩვენი კოლეგები შეგნებულად ან გაუთვითცნობიერებლად ეხმარებიან", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
უმრავლესობის დეპუტატი , "ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძე „მაგნიტსკის სიის" გაფართოების საკითხს და მასში იმ პირების შეყვანას გამოეხმაურა, რომელსაც ბრალი მიუძღვით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ხუნდაძის თქმით, ასეთ შემთხვევაში სიაში პირველი თავად მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიყვანონ.
„თუკი ვინმე აპირებს ამ სიის შედგენას და ეს მათი გაგებით უნდა იყოს, თუ ვინ მიიღო მიხეილ სააკაშვილის წამებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში მონაწილეობა, ვფიქრობ, ჯერ უნდა დადასტურდეს ასეთი ფაქტი და შემდეგ შეეცადონ ამ სიის შედგენას. თუ დადასტურებამდე აპირებენ ამდაგვარი სიის შედგენას, ვფიქრობ, პირველი ამ სიაში უნდა ჩაწერონ თავად მიხეილ სააკაშვილი, რადგან მისი ჯანმრთელობის ზიანი დადასტურებულად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო: გამოაცხადა შიმშილობა, უარი თქვა ინსტრუმენტულ კვლევებზე და არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, ეს ყველაფერი დადასტურებულია. ასევე, ერთ- ერთმა მისმა ექიმმა, ექსპერტმა თქვა, რომ ის ხშირად იღებდა ალკოჰოლს, რაც საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ სიაში პირველი უნდა იყოს თვითონ," - განაცხადა ხუნდაძემ.
საერთოდ ეს ადამიანები შავი სიის შედგენის ოსტატები არიან, - თქვა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„ყველა ბინძურ ნაბიჯზე მიდიან. არის ზეწოლა მოსამართლეზე, ექთანზე, ექიმზე. არსებობს სია, რომელიც მათ უკვე არაერთხელ გამოაქვეყნეს თუ ვინ უნდა დაიჭირონ და დახვრიტონ. გარდა ამისა, არსებობს სია სააკაშვილის მეთაურობით, ვინც რეალურად სიცოცხლე, ღირსება და ქონება წაართვა ადამიანებს. საერთოდ ეს ადამიანები შავი სიის შედგენის ოსტატები არიან", - აღნიშნა ვოლსკიმ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია, - აცხადებს ნინო გოგორიშვილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალში სააკაშვილის მკურნალი ექიმი იყო.
„მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების მხრიდან გაჟღერებული ბრალდებები სამხედრო ჰოსპიტალში 2021 წელს ჩატარებულ მკურნალობასთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად საფუძველს მოკლებული. მკურნალობა, რომელიც იმ პერიოდში უტარდებოდა სააკაშვილს, თანხმდებოდა სახელმწიფო კონსილიუმთან, ამასთანავე მკურნალობასთან დაკავშირებით თითოეულ დეტალზე ინფორმირებულები იყვნენ ცენტრ „ემპათიას" ხელმძღვანელი და წევრები და სახალხო დამცველის აპარატთან არსებული სამედიცინო კომისია.
„მიხეილ სააკაშვილის მკურნალობაც, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებაც და სტაციონარიდან მისი გაწერაც წარმოებდა საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. ამასთანავე, რაღაც გაუგებარ სიაში ექიმების შეყვანასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები, ვფიქრობ, რომ არის ექიმების დისკრედიტაციის მცდელობა", - აღნიშნა ნინო გოგორიშვილმა.
„თუ გაინტერესებთ, პუტინის რეჟიმმა და პუტინის ჯალათებმა რა დამართეს მაგნიტსკის, ორი ღერი ინგლისური ხომ იცით? დასერჩეთ, დაძებნეთ და ნახეთ, ვინ იყო მაგნიტსკი, რა პირობებში იმყოფებოდა. თუ არ ვცდები, ამ ადამიანს სული „ბუტირკაში" ამოხადეს. შემდეგ ეს ყველაფერი ოროთახიან ვიპ-პალატას და ათასობით მნახველს შეადარეთ, დასკვნები შემდეგ გააკეთეთ, ვინ ტანჯავს და ვინ დევნის სწორუპოვარ გმირს და ჰუმანისტ სააკაშვილს. ამ ყველაფრის შეფუთვა და გაყიდვა რომ იყო საჭირო, ამიტომ დაიქირავეს 15 ათას დოლარად ლობისტური კომპანია. სხვათა შორის, ამ კომპანიას ხელშეკრულება გასდის და გვაინტერესებს, ეს გაგრძელდება თუ არა. როგორც ვატყობ, იმისკენ მიდის პროცესი, რომ ბინძური პასკვილი შეიქმნას და ქვეყანას დაბრალდეს ის, რაც წარმოუდგენელია", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.
ადვოკატი სერგეი მაგნიტსკი მოსკოვის ციხეში 2009 წელს გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობებით, გარდაცვლილს სხეულზე წამების კვალი ჰქონდა. მაგნიტსკი სიცოცხლეში ამტკიცებდა რომ 235 მილიონი დოლარის ოდენობის თანხის მითვისების სქემა აღმოაჩინა, რომელშიც მაღალი რანგის რუსი ჩინოვნიკები იყვნენ ჩართულები და სწორედ მათ დააპატიმრეს, ვის მხილებასაც აპირებდა.
ფინანსისტმა ბილ ბროუდერმა ამის შემდეგ 60 კაციანი „მაგნისტსკის სია" შეადგინა, რომელიც შედიოდნენ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლო სისტემისა და „ეფესბეს" წარმომადგენლები.
საქართველოს ოპოზიციისა და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა კი ე.წ. მაგნიტსკის სიის ანალოგის შექმნაზე მას შემდეგ დაიწყეს საუბარი, რაც სააკაშვილმა ბროუდერს ღია წერილი მისწერა და პასუხიც მიიღო.
„მიხეილ, გთხოვთ, თქვენმა გუნდმა მოამზადოს დოკუმენტები, რომელშიც ეწერება, ვინ აფერხებს სამედიცინო მკურნალობას, ვინ არის პასუხისმგებელი მოწამვლაზე, ვინ არის პასუხისმგებელი წამებაზე და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დასავლეთის მთავრობებმა მაგნიტსკის სანქციებისთვის ამას ყურადღება მიაქციონ", - განაცხადა ბროუდერმა სააკაშვილის წერილის საპასუხოდ.