„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია უკვე იწყება. 9-კაციანი კომისია კობა ნაყოფიას ხელმძღვანელობით ტექნიკურ დეტალებს განიხილავს. კომისიის წევრების თქმით, სარეგისტრაციო ბმული პარტიის ფეისბუქ-გვერდზე დღესვე დაიდება, რეგისტრაცია კი 26 იანვრამდე გაგრძელდება.
„ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს არის დაგეგმილი. ნიკა მელიასთან ერთად პოსტისთვის იბრძვიან ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.
„ჩვენს ოფიციალურ გვერდზე განთავსდება ბმული, რომელზეც ღილაკზე ხელის დაჭერის შემთხვევაში ამომრჩეველი გადადის სარეგისტრაციო ფანჯარაში, სადაც მას შეჰყავს პირადი მონაცემები: გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, რის შემდეგაც იგი მიიღებს ვერიფიკაციის კოდს და მისი გააქტიურების შედეგად ის ხვდება ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კვიტაიშვილმა.
ამის პარალელურად კი პარტიაში ურთიერთბრალდებები და დაპირისპირდება გრძელდება. დღემდე ნიკა მელიმ არ გააკეთა კომენტარი მასზე გავრცელებულ აუდიო ჩანაწერზე, სადაც ის სავარაუდოდ, მიხეილ სააკაშვილს აგინებს.
პარალელურად კი გიული ალასანიას ჩანაწერები ვრცელდება, სადაც ის ოპოზიციაზე და მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს. ასევე ახსენებს გახარიასა და ივანიშვილს. ამბობს, რომ ივანიშვილი რუსებს არ უნდათ, ხოლო სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეშინია, რუსებს რა რეაქცია ექნებათ. ხელისუფლებაში ეჭვობენ, რომ ალასანიას ჩანაწერები ნიკა მელიას მხარის გამოქვეყნებული უნდა იყოს. ფიქრობენ, რომ არჩევნებამდე ორივე მხარე კომპრომატებით ომს გააგრძელებს.
„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს „კომედი შოუს“ უწოდებს.
„გრძელდება ეს კომედი შოუ და იმ კვირაში, თუ არ ვცდები, ბატონი მელია აპირებს უკვე ამაზე ვრცლად ილაპარაკოს და გამოიტანს ყველა ინფორმაციას და იმ სიახლეებს, რაც ხდება მათ პარტიაში. რაც ხდება, ეს უკვე გავიგეთ, ყველამ ვიცით - ხდება მარაზმი, ერთმანეთის შანტაჟი, ერთმანეთთან კომპრომატებით ბრძოლა,“ - განაცხადა ზარქუამ.
„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი კი ამბობს, რომ ენმ-ში ბრძოლა კომპრომატებით გავლენებისთვის მიმდინარეობს.
„ჩანაწერები, როგორც მათ თქვეს, ნიკა მელიას გამოუქვეყნა მერაბიშვილმა. მეორე ჩანაწერებზე ამბობენ, რომ ეს პირიქით ნიკა მელიამ მოახერხა და გამოუქვეყნა ამათ და ა.შ. იგივე სტილით იბრძვიან, ოღონდ ახლა უკვე არა ხელისუფლებისთვის, არამედ პარტიაში თავმჯდომარეობის პოსტისთვის. საზოგადოებაში უკვე არის იმის განცდა, რომ ეს პოლიტიკური ძალა უკვე არავის სჭირდება პოლიტიკისთვის. ახლა მიდის ბრძოლა იმისთვის, რომელი მიისაკუთრებს - ოლიგარქი კეზერაშვილი თუ მერაბიშვილი, და თუ დარჩება მელია ამ პარტიაში," - აცხადებს მაჭარაშვილი.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ენმ-ში კომპრომატებით ომი მოსალოდნელი იყო და არ არის გამორიცხული, მსგავსი ჩანაწერები ორივე ჯგუფის მხრიდან კვლავ გამოქვეყნდეს. მისი აზრით, გამორიცხულია ხელისუფლებას ეს ჩანაწერი გაევრცელებინა, რადგანაც მის ინტერესში მელიას წინააღმდეგ ბრძოლა ნაკლებად შედის. ის ხელისუფლებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან ნაკლებად რადიკლური ფრთის ლიდერია. ამიტომ ეს ვანო მერაბიშვილის ნამოქმედარს უფრო ჰგავს, რომელიც მელიას წინასაარჩევნოდ ჩაძირვას ცდილობს.
„ვანო მერაბიშვილის „პროფესიონალიზმს“ თუ გავიხსენებთ, ეს უფრო მის ხელწერას ჰგავს. ყველამ კარგად იცის, რომ მერაბიშვილი ამ საქმის ოსტატია და ფაქტია, რომ პარტიის შიგით ომი აქვთ გაჩაღებული. ერთმანეთს უსმენენ და კომპრომატებს აგროვებენ. ნაკლებად ვფიქრობ, რომ ეს ხელისუფლების ნამოქმედარია. მელია ბოლო დროს, პირიქით, ალბათ მმართველი გუნდისთვის ნაკლებადაა პრობლემების შექმნელი. საინტერესო ისაა, რომ ორივე მათგანი პარტიისთვის და საკაშვილის ამომრჩევლისთვის იბრძვის. ოღონდ არცერთს სააკაშვილი არ ადარდებს. თუმცა კარგად იციან, რომ პარტიის მხარდამჭერები სააკაშვილის არიან.
მის გარეშე ენმ-ს ფასი არა აქვს, ამიტომ არის, რომ მელიას ის ჩანაწერი გაავრცელეს, სადაც ის, სავარაუდოდ, შეურაცხმყოფელი სიტყვებით სააკაშვილს იხსენიებს. ვფიქრობ მელია საკმაოდ ძლიერ ჯგუფს არის დაპირისპირებული და სიტუაცია არჩევენების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო გართულდება. ალბათ მელია საპასუხო დარტყმას დაიწყებს და კარტებს უფრო გახსნის. რაც შეეხება იმას, დააზიანებს თუ არა ეს პარტიას და დააკარგვინებს თუ არა ამომრჩეველს, რა თქმა უნდა, გარკვეულ გავლენას მოახდენს. თუმცა სააკაშვილის დაბრუნების და ციხეში ჩაჯდომის შემდეგ ელექტორატი უკვე დაკარგეს. როგორც აღვნიშნე, მათ მხოლოდ ის ხალხი ჰყავთ შემორჩენლი, ვინც სააკაშვილის მხარდამჭერებია. ამიტომ ორივე ჯგუფი ცდილობს, რომ მათი გული მოიგონ. მთელი ბრძოლის და დაპირისპირების არსი ეს არის. სააკაშვილი არ უნდათ, მაგრამ მისი ამომრჩეველი უნდათ. ამიტომ იძულებულები არიან, რომ სააკაშვილის მდგომარეობა საკუთარი გამარჯვებისთვის გამოიყენონ“, - ამბობს საყვარელიძე „რეზონანსთან“.