NDI-მ მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა, რასაც, ტრადიციულად, კვლავაც ათასგვარი მითქმა-მოთქმა და კრიტიკული განცხადებები მოჰყვა, თუმცა ვიდრე უშუალოდ პოლიტიკურ რეიტინგებს შევაფასებდეთ, შესავალში ერთ საკითხზე გვსურს თქვენი ყურადღების გამახვილება. როგორც გაირკვა, მაკოპრომეტირებელი ვიდეოჩანაწერების რიცხვი 17 000-ს ასცდა. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში ლამის ყოველი მეორე მოქალაქე ტყუილად არ ეჭვობდა, რომ უთვალთვალებდნენ. სავარაუდოდ, თუ ვინმე ხელისუფლების სხვადასხვა წრის ინტერესში რაიმე მიზეზით ხვდებოდა, იწყებოდა ჯერ მისი სატელეფონო საუბრების მოსმენა, მერე კი უკვე ვიდეოთვალთვალიც. მოკლედ, "დიდ ძმას" არ ეძინა და ყველა კუთხე-კუნჭულში გვაკონტროლებდა. სავარაუდოდ, მისი ინტერესის სამიზნე ვიყავით ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, საზოგადოების აქტიური წევრები, დიდი ალბათობით, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებიც კი. მოკლედ, მანქანა ისე იყო აწყობილი, რომ "საკუთარ შვილებსაც" არ ინდობდა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ბუნებრივად ისმის კითხვა: უთვალთვალებდნენ თუ არა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ უცხოელ პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს და არსებობს თუ არა მათზე ფარული ჩანაწერები? თუ ეს ასეა, ბევრი მათგანი საქართველოს მოქალაქეების მსგავსად ხომ არ იქცა შანტაჟის მსხვერპლად და ზოგიერთი ახლაც ასე თავგამოდებით რომ იცავს "ნაციონალურ მოძრაობას", ამ მიზეზით ხომ არ ხდება? ჩემი აზრით, ეს ვარაუდი სრულიად საფუძვლიანია. არა მგონია, სააკაშვილის ხელისუფლებას ამაზე მორალური ბარიერის ან რაიმე სხვა მიზეზით ეთქვა უარი. ამის გათვალისწინებით კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება იმ "პანდორას ყუთის" მომავალი, რომელსაც ფარული ჩანაწერების არქივი ჰქვია. მიხვდით ალბათ, რომ ეს საკითხი NDI-სთან დაკავშირებით ტყუილად არ გაგვხსენებია, თუმცა ამჯერად მეტი ვარაუდისგან თავს შევიკავებთ. მაშ ასე, რა ტენდენციები გამოიკვეთა NDI-ს ბოლო კვლევის შედეგად გამოქვეყნებულ რეიტინგებში: კოალიცია "ქართული ოცნება" და ივანიშვილი კვლავაც ინარჩუნებენ პოპულარობას. ეს პოლიტიკური ძალა გამოკითხულთა 69%-ს მოსწონს.
გამოკითხულთა 47%-მა კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე ძლიერ ოპოზიციურ პარტიად დაასახელა. პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი კვლავ ყველაზე პოპულარულ პოლიტიკურ ლიდერად რჩება საქართველოში და ის გამოკითხულთა 69 %-ს მოსწონს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მოწონების მაჩვენებელი 61%-ია. გამოკითხულები უმცირესობის ლიდერ დავით ბაქრაძეს ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ ლიდერად მიიჩნევენ. ის რესპონდენტთა 48%-ს მოსწონს და გამოკითხვის ამ ნაწილში ბაქრაძე გიორგი მარგველაშვილს 3%-ით უსწრებს. სწორედ ამან გამოიწვია ყველაზე დიდი კრიტიკა, რადგან კითხვაზე: "ვის ისურვებდით საქართველოს პრეზიდენტად?" - რესპონდენტთა 29%-მა უპასუხა - გიორგი მარგველაშვილი, ხოლო "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს (მოგეხსენებათ, ის გამოვლენილი ჯერ არ არის, თუმცა, დიდი ალბათობით, დავით ბაქრაძე იქნება) ხმა მისცა 10%-მა. თუ გამოკითხულთა ყველაზე დიდ პროცენტს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილი სურს, როგორ მოხდა, რომ იმავე უმრავლესობას უფრო მეტად მოსწონს პოლიტიკოსი დავით ბაქრაძე, ვიდრე მარგველაშვილი? - ეს კითხვა ყველაზე ხშირად ისმოდა ამ შედეგების გამოქვეყნებისას. კვლევაში მინისტრთა კაბინეტის საქმიანობის შეფასებისას თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ლიდერობენ. მათ შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოჰყვება. არცთუ მოწინავე პოზიციაზეა იმჟამად ჯერ კიდევ განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, რომლის საქმიანობასაც "ძალიან კარგად" 6%, "კარგად" - 27%, ხოლო "საშუალოდ" - 34% აფასებს.