ანაკლიის პორტის გაცოცხლების შესაძლებლობამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია. მთავრობის გადაწყვეტილებას დადებითად შეხვდნენ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ახლა მთავარია, რა რესურსების მობილიზებას აპირებს სახელმწიფო და როგორ მოახერხებს პოტენციური ინვესტორების დაინტერესებას მნიშვნელოვანი პროექტის განსახორციელებლად.
როგორც ცნობილია, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვე დაადასტურა, რომ პორტის 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება, დანარჩენი წილი კი ტენდერის გზით საერთაშორისო პარტნიორებს გადაეცემათ.
„მიდის აქტიური მუშაობა, ვამზადებთ ახალ ტენდერს, მაგრამ მთავარი მინდა გაცნობოთ, ჩვენი გადაწყვეტილებით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება, სადაც 51%-ის მფლობელი სახელმწიფო იქნება. დანარჩენზე ჩვენ გამოვაცხადებთ კონკურსს და საერთაშორისო პარტნიორებს შევარჩევთ. ეს პროექტი მიტოვებულია და ადგილი გაპარტახებულია, ვიცით ანაკლიაში რაც ხდება ახლა - მტვრის ბუდედ გადააქციეს ადგილი, სასწრაფოდ უნდა შევარჩიოთ ახლა საერთაშორისო პარტნიორი კომპანიები და ჩვენც უნდა დავიწყოთ ინვესტირება ამ პროექტში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ პორტის პროექტი ინვესტორის ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ვერ განხორციელდა.
„2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შერჩეულ იქნა ინვესტორი, კარგად მოგეხსენებათ ყველას, თუ ვინ არის ეს ე.წ. ინვესტორი, რომელმაც თავისი ვალდებულება ვერ შეასრულა, ანუ ეს პორტი არ ააშენა. ამ ვალდებულების მიხედვით, ჩვენ პირველი გემები 2020 წელს უნდა მიგვეღო, თუ არ ვცდები. რამდენჯერმე გადაუწია მთავრობამ ვალდებულება, 3-ჯერ, 4-ჯერ თუ არ ვცდები და ამის მიუხედავად ინვესტორმა მაინც ვერ შეძლო ინვესტიციების მოზიდვა. თავად ბატონ ხაზარაძეს და მის პარტნიორ - ჯაფარიძეს, ჩემი ინფორმაციით, 3 მლნ დოლარი აქვთ დახარჯული, დანარჩენი მოზიდული აქვთ ინვესტორებისგან, 20 თუ 25 მლნ დაახლოებით. სანაცვლოდ, მთავრობისგან ითხოვდა ტვირთების გარანტიას, მიწა ჩვენი იყო და მიწა უნდა გადაგვეცა და გადავეცით კიდევაც. გზების, რკინიგზის მიყვანაზე, ასეულობით მლნ უნდა დაეხარჯა მთავრობას და სანაცვლოდ არაფერი უნდა მიეღო, რეალურად ეს იყო საჩუქარი ბატონი ხაზარაძისთვის.
4-5 წლის მერე, მას შემდეგ, რაც ეს პროექტი ჩააგდო და ვერ განახორციელა, ამ ადამიანებმა ჩვენი ქვეყნის გაძარცვა გადაწყვიტეს და უჩივლეს ქვეყანას, არბიტრაჟში წაიღეს საქმე და დღეს 1.5 მლრდ ლარს ედავებიან. წარმოგიდგენიათ რა ხდება? ადამიანმა 5 წელში ვერ შეასრულა ვერც ერთი ვალდებულება, ჩააგდო პროექტი, პორტი არ ააშენა და დღეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს ედავება 1.5 მილიარდს. ეს არის ძარცვის კლასიკური სქემა და ჩვენ კარგად ვიცით, რა თქმა უნდა, რომ არავითარი რეალური, გულწრფელი, კეთილსინდისიერი მიზანი და ზრახვა ამ პორტის აშენების მიღმა არ იდგა, ეს იყო ჩვეულებრივი გამდიდრების და ძარცვის იდეა“, - განაცხადა პრემიერმა.
მიუხედავად ამისა, მთავრობაში დარწმუნებულნი არიან, რომ საარბიტრაჟო დავა ახალ ინვესტორებზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს. ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახალ პროექტზე დიდ იმედებს ამყარებს.
„ინვესტორის მოზიდვის კუთხით სურათს ოპტიმისტურად ვუყურებთ, რადგან საარბიტრაჟო დავა სახელმწიფოსთან მიმდინარეობს და არ ეხება პროექტს, შესაბამისად ინვესტორები ამ რისკისგან დაზღვეულები არიან. ჩვენ ამ კუთხით ინვესტორების გადაწყვეტილებებს არ დაველოდებით და პროექტის სწრაფად განხორციელებას დავიწყებთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, სახელმწიფოს პროექტში მონაწილეობა თანხვედრაშია იმ პოლიტიკასთან, რომელიც გუნდს გააჩნია.
„გუნდის წარმომადგენლებს არაერთხელ უსაუბრია იმაზე, რომ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები სახელმწიფოს თანამონაწილეობით უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ გვქონდეს კონტროლი, რათა გრძელვადიან პერიოდში შევინარჩუნოთ მაქსიმალურად კონკურენტული გარემო, რომელიც ამა თუ იმ სექტორის კონკურენტუნარიანობას შეუწყობს ხელს. ეს მკაფიო ხედვაა, რომელიც ჩვენი უცხოელი პარტნიორების მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერაა გაზიარებული, კონკრეტული ფლაგმანი პროექტები ცალკე განხილვის საკითხია“, - თქვა დავითაშვილმა.
გადამზიდავი კომპანიები პორტის გაცოცხლების იდეას მხოლოდ დადებითად აფასებენ. „ივექს ლოჯისტიკის“ დირექტორის ლევან თათარაშვილის თქმით, მშენებლობა საქართველოს ლოგისტიკურ ფუნქციას რეგიონში კიდევ უფრო გააძლიერებს და მისი სრულად ამუშავების პირობებში კი გადაზიდვების სფეროში არსებული მოთხოვნის 55% დაკმაყოფილდება, რაც დიდი შესაძლებლობაა ქვეყნისთვის.
„საქართველო ერთ-ერთი სერიოზული მოთამაშე, გამტარი ქვეყანაა აზიასა და ევროპას შორის. რაც შუა დერეფანი გაიხსნა, ათასმაგად გაიზარდა მისი მნიშვნელობა. პორტი სრული დატვირთვით რომ ამუშავდეს, რა პირობაც იყო პროექტში თავდაპირველად, ჩვენ არსებული მოთხოვნის, მინიმუმ 55%-ს დავაკმაყოფილებთ. მოთხოვნა ამ ეტაპზეც დიდია, უამრავი შემოთავაზება გვაქვს, რაზეც მომხმარებელს უარს ვეუბნებით, რადგან პორტები ვერ ასწრებენ ტვირთბრუნვის გადამუშავებას, თვენახევრით იწელება პროცესი და პოტენციურ კლიენტსაც უკვე აღარ აწყობს ჩვენთან თანამაშრომლობა.
ამ მხრივ ანაკლიის პორტი გარღვევას მოახდენს. ძალიან მომგებიანი იქნება სახელმწიფოსთვის, კერძო სექტორისთვისაც, რის სარგებელიც თითოეულ მოსახლეზე აისახება“, - განაცხადა თათარაშვილმა.
ანაკლიის ხელახალ განვითარებას მხარს უჭერენ უცხოელებიც. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშე თავის ინტერვიუში საგანგებოდ შეეხო ამ თემას.
„ვფიქრობ, ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვის რეგიონისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. რაც შეეხება უსაფრთხოების თვალსაწიერს, ეს გაზრდის მოკავშირე და პატრტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებობას.
სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ვითარების დასტაბილურებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის ატაშემ, ჯოზეფ ბილბომ.